ახობაძე კვლავ იმეორებს, რომ ნარკოტიკები „ჩაუდეს“. საქმეში არ არსებობს ნეიტრალური მტკიცებულება, რომელიც მისთვის წაყენებულ ბრალს (ნარკოდანაშაულს) დაადასტურებდა. მისთვის წაყენებული ბრალი 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
„ქართული ოცნების“ მიერ სადავო პარლამენტში დაჩქარებული სახით მიღებული კანონით, ჟურნალისტებს სხდომაზე ფოტოსა და ვიდეოს გადაღება აღარ შეუძლიათ. სასამართლო სხდომაზე მოსმენილის მხოლოდ კომპიუტერებში აკრეფაა შესაძლებელი.
გიორგი ახობაძის სიტყვა
„აუცილებლად მინდა ვისაუბრო მოტივზე, რის გამოც აქ ვართ შეკრებილები და რის გამოც ციხეში ჩამსვეს - თუ ერთი წინადადებით აღვწერთ, ეს საქმე არის „რუსული რეჟიმის“ მსახური, მხდალი, შეშინებული ადამიანების რევანშია ჩემ მიმართ. ზუსტად ამას მიფიქსირებდნენ დაკავების დროს.
სხვა რომ ვერაფრით ვერ მომერივნენ, ვერც დაშინებით, ვერც დისკრედიტაციით (ჩემს მანქანაზე, სახლის ფასადზე წარწერებით), მოიფიქრეს ბანალური „ჩადების საქმე“, რომელშიც განსაკუთრებულად დახელოვნებულები არიან - ეს შსს-ის სავიზიტო ბარათია დამოუკიდებელი საქართველოს მანძილზე.
რევანშში ჩართულები არიან პოლიციელები, პროკურორი და მოსამართლეები. მათ „საგმირო“ საქმეებზე დეტალურად ვისაუბრებ“.
ამ დროს ახობაძეს სიტყვა შეაწყვეტინა მოსამართლე ტყეშელაშვილმა და უთხრა „მოსამართლეებთან დაკავშირებით მოზომილად“ ესაუბრა - „სასამართლო ხელისუფლებასთან დაკავშირებით მსგავსი კონტექსტი, შეხედულება ამოიღეთ!“
„მე ესენი შიგნიდან ვნახე გაშიშვლებულები და თუ ჩემს სიტყვას ენდობით, როცა მიჭერდნენ, ყველაზე სასიამოვნო იმის ცქერა იყო, როცა ვხედავდი, ჩვენგან დამარცხებულები როგორი ქანცგაწყვეტილები, დამშეულები და ღირსება აყრილები იყვნენ. ასე იცის მტრის მსახურებამ და საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ წასვლამ.
მათ [პოლიციელებმა], ჩვენზე კარგად იციან, რომ საკუთარი თავები დაასრულეს. გულწრფელად მებრალებიან - ძნელია, თან ცოცხალი იყო და თან აცნობიერებდე, რომ მორალური გვამი ხარ. ამ პროცესებზე მათ ჰგონიათ, რომ ჩვენ გვასამართლებენ, სინამდვილეში მხოლოდ საკუთარი თავებისთვის გამოაქვთ განაჩენები.
ამათ საუბედუროდ, დახვრეტა აღარ არის და ჩვენი წინაპრებისგან განსხვავებით, რომლებიც გააქრეს მე-20 საუკუნის დასაწყისში, ჩვენ ცოცხლები დავრჩებით - თითოეულ ჩამქრალ ოცნებაზე პასუხს მოვთხოვთ. გარუსებულ ქართველებს ეს ქვეყანა არ დარჩებათ.
თუ მე ამის უფლება მაქვს, მინდა ბრძოლისკენ მოგიწოდოთ და ჩემი ეს მოწოდება მზია ამაღლობელის სიტყვებით გავაკეთო - „იბრძოლეთ, სანამ გვიანი არ არის“. ეს ის სიტყვებია, რომელიც სულ ყურში მესმის და ის შინაარსია, რომელზეც წლებია ვსაუბრობ - მტერი და საფრთხე კარგად შეფუთულია და ზოგისთვის ძნელად აღსაქმელი. თუ ჩვენ დავაგვიანებთ, შედეგი იქნება დრამატული.
ბოლოში მაინც ჩვენ მოვიგებთ! - თქვა ჩემმა ერთმა მეგობარმა. ციხით გვაშინებენ, მაგრამ ციხე არ არის საშიში - ციხეში ის საბრძოლო ველი პატარავდება და ეს მაწუხებს. ჩემი ბრძოლა 20 კვადრატულ საკანში ვერ ეტევა და ეს არის ჩემი დისკომფორტი“.
ამის სიტყვის წაკითხვის შემდეგ გიორგი ახობაძემ მის წინააღმდეგ მიმდინარე საქმის ხარვეზებზე ისაუბრა. მისი თქმით, მას აბრალებენ, რომ ნარკოტიკული საშუალებების შემძენ-მომხმარებელია, თუმცა ამის მტკიცებულებად არც ვიდეო გადაიღეს და არც ტესტის ჩატარებაზე უთხრეს თანხმობა.
„უკანონოდ მოიპოვეს ჩემი დნმ-ის ნიმუში და შემდეგ ნარკოტიკზე გადაიტანეს და ეს გაყალბებული ნივთია ჩემს წინააღმდეგ მთავარი მტკიცებულება“.
ბრალდებულმა ექიმმა მკვლელებად მოიხსენია პროკურორი შმაგი გობეჯიშვილი და მოსამართლე ლელა მარიდაშვილი, რომელთა გადაწყვეტილებითაც ის მძიმე მდგომარეობაში მყოფი დედის სიკვდილის დროს პატიმრობაში იყო.
მასალა არქივიდან გიორგი ახობაძე პროკურორს: თქვენი ქმედების გამო გთვლით მკვლელადკოლეგა მარიდაშვილის მიმართ გამოთქმული შეფასების გამო რომეო ტყეშელაშვილმა ახობაძე გააფრთხილა: „რა წუთიდანაც ერთ დამაკნინებელ სიტყვას მოვისმენთ რომელიმე მოსამართლეზე, გაბრძანდებით სხდომიდან და ჩვენ გავაგრძელებთ!“
ამის შემდეგ მან განაგრძო თხრობა. მისი თქმით, ის გასული წლის 7 დეკემბრის ღამეს კრიმინალურმა პოლიციამ ძალის გამოყენებით დააკავა.
„[ამ დროს] ჩემი კუნთები იწყებს კანკალს და მიჭირს გადავადგილდე, ჩემი ნებით კონტროლს აღარ ექვემდებარება ჩემი კიდურები. მე მათ ვუხსნი რაც მჭირს, მაგრამ ისინი ცრუობენ სასამართლოში, რომ ერთი კაცი მაკავებდა, რადგან ქუჩაზე არ გადამერბინა… მე ნერვული კანკალი მქონდა, რადგან ვიგრძენი, რომ პოლიციელმა ჩემს სამოსში მოათავსა რაღაც უკანონო“...
მისი თქმით, „წამალი ჩაუდო“ გიორგი გურეშიძემ.
„რატომ არ გაიჩხრიკა ჩემი სამოსი დეტალურად? რატომ არ გაიჩხრიკა ავტომობილი გულდასმით ე.წ. კაპოტი და სხვა სამალავები? რატომ არ გაიჩხრიკა ჩემი ბინა სათანადოდ და რატომ არ გაიჩხრიკა თვალსაჩინო საცავი, ასევე სარდაფი?“ - რიტორიკულად იკითხა მან და თავადვე უპასუხა: „ჩადების ოპერაციის შემდეგ იცოდნენ, რომ არსად იქნებოდა ნარკოტიკი, რას იპოვიდნენ ჭინკებს? ამიტომ არ უძებნიათ არაფერი“.
გიორგი ახობაძის სიტყვის მოსმენის შემდეგ მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა თქვა, რომ გადაწყვეტილებას გამოაცხადებს 28 ივლისს, დილის 10:00 საათზე.