ტრამპი აცხადებს, რომ შეამცირებს რუსეთისთვის მშვიდობის დასამყარებლად მიცემულ დროს

დონალდ ტრამპი, აშშ-ის პრეზიდენტი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ორშაბათს განაცხადა, რომ შეამცირებს უკრაინასთან სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად რუსეთისთვის მიცემულ 50-დღიან ვადას. ტრამპი ამბობს, რომ "იმედგაცრუებულია" რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინით და შეამცირებს მიცემულ ვადას, რადგან "უკვე იცის პასუხი" თავის წინადადებაზე.

ტრამპს არ დაუზუსტებია, რამდენად შემცირდება ვადა. 50 დღე მან რუსეთს ორი კვირის წინ, 14 ივლისს, დაუწესა.

ტრამპი ამ განცხადებებით ჟურნალისტებთან გამოვიდა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერთან შეხვედრამდე, რომელიც შოტლანდიაში უნდა გაიმართოს.

50-დღიან ვადაზე ლაპარაკისას, ტრამპი ამბობდა, რომ თუ რუსეთი ამ დროში უკრაინასთან სამშვიდობო შეთანხმებას არ გააფორმებს, მაშინ აშშ 100-პროცენტიან ტარიფს დააწესებს არა მხოლოდ რუსეთის, არამედ მისი ენერგომატარებლების შემსყიდველი ქვეყნების იმპორტზე.

ამასთან, ტრამპი ლაპარაკობდა მზაობაზე, მიაწოდონ იარაღი აშშ-ის პარტნიორებს - რომლებიც შემდეგ მას უკრაინას გაუგზავნიან.

რუსეთის პრეზიდენტით საკუთარ "იმედგაცრუებაზე" ლაპარაკისას ტრამპმა კვლავ თქვა, რომ პუტინი მასთან მართავს საუბრებს, რომლებსაც არანაირი რეალური ცვლილებები არ მოჰყვება და რუსეთის სამხედროები აგრძელებენ თავდასხმებს უკრაინის ქალაქებზე.

ასევე ნახეთ აღმოსავლეთ უკრაინაში მატულობს სამოქალაქო მსხვერპლის რიცხვი, ზელენსკი აცხადებს, რომ კიდევ იქნება დარტყმები რუსეთის ტერიტორიაზე

რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ცნობით, ტრამპის სიტყვების რეაქციაა მკვეთრი ვარდნა რუსეთის საფონდო ბაზარზე.

თავად პუტინს ამ ორი კვირის განმავლობაში არაფერი უთქვამს დონალდ ტრამპის მიერ მისთვის მიცემულ 50-დღიან ვადაზე.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ორშაბათს კიდევ გაიმეორა რუსეთის მოთხოვნები უკრაინის მიმართ - უარი ნატოში გაწევრიანებაზე და ტერიტორიული ცვლილებების აღიარება, ანუ უარის თქმა იმ ტერიტორიებზე, რომლებზეც რუსეთი აცხადებს პრეტენზიას.

უკრაინა არ ეთანხმება ამ მოთხოვნებს და ამბობს, რომ ცეცხლი უნდა შეწყდეს წინასწარი პირობების გარეშე.

ასევე ნახეთ პესკოვი ტრამპის განცხადებებზე: გვსურს ვიმედოვნოთ, რომ პარალელურად ხორციელდება ზეწოლა უკრაინულ მხარეზე