ზაპოროჟიეს ოლქში კოლონია დაიბომბა

საილუსტრაციო ფოტო არქივიდან. რუსეთის ჯარების შეტევით გამოწვეული ნგრევა ზაპოროჟიეში

მსხვერპლი მოჰყვა რუსეთის ჯარების მიერ უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეს რაიონში მდებარე სასჯელაღსრულების დაწესებულების, გამოსასწორებელი კოლონიის დაბომბვას. ამის შესახებ 29 ივლისს, დილით იუწყება საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ივან ფიოდოროვი.

დილის ცხრა საათისთვის ცნობილია, რომ დაიღუპა 16 და დაიჭრა 35 ადამიანი. ფიოდოროვის წინასწარი მონაცემებით, კოლონიის შენობებს, რომლებიც დანგრეულია, საავიაციო ბომბებით დაარტყეს.

დაზიანებულია ახლომდებარე სახლები.

ასევე ნახეთ რუსეთის როსტოვის ოლქში დრონებით შეტევა იყო რკინიგზის კიდევ ერთ მონაკვეთზე

განახლება: უკრაინის იუსტიციის სამინისტროს მიერ 29 ივლისს, დილის 11 საათისთვის გავრცელებული ინფორმაციით, 28 ივლისს, ღამით გამოსასწორებელ კოლონიაზე ოთხი მართვადი საავიაციო ბომბით დარტყმის შედეგად დაიღუპა 17 პატიმარი და 42 დაიჭრა. დაშავებულია კიდევ 40-მდე ადამიანი. მძიმედ დაჭრილები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

კოლონია ზაპოროჟიეს რაიონის დასახლებულ პუნქტ ბელენკოვსკში მდებარეობს.

იუსტიციის სამინისტროს ცნობით, მთლიანად დანგრეულია დაწესებულების სასდილო და ნაწილობრივ დანგრეულია ადმინისტრაციული შტაბი და კარანტინის უბანი.