უკრაინაზე რაკეტებით და დრონებით მორიგი შეტევა იყო, არის მსხვერპლი

უკრაინის ქალაქ კამენსკზე რუსეთის სარაკეტო შეტევის შედეგად დაშავებული. 2025 წლის 29 ივლისი

რუსეთის ჯარებმა 29 ივლისს, შუაღამის შემდეგ უკრაინაზე მორიგი შეტევა მიიტანეს რაკეტებით და უპილოტო საფრენი აპარატებით. მსხვერპლია მშვიდობიან მოსახლეობაში.

დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის მიერ 29 ივლისს, დილით გავრცელებული ინფორმაციით, სარაკეტო დარტყმის შედეგად ქალაქ კამენსკში დაიღუპა ორი და დაშავდა ხუთი ადამიანი. მძიმეა ორი ქალის მდგომარეობა, მათგან ერთი ორსულია. ნაწილობრივ დანგრეულია სამსართულიანი შენობა, რომელიც არ ფუნქციონირებდა. დაზიანებულია მის გვერდით მდებარე სამშობიარო და კიდევ ერთი სამედიცინო დაწესებულება.

დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობითვე, დრონებით და მართვადი ავიაბომბებით შეტევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა სინელნიკოვის რაიონში. დაზიანებულია ოთხი კერძო სახლი, ადმინისტრაციული შენობა და მაღაზიები.

ასევე ნახეთ ზაპოროჟიეს ოლქში კოლონია დაიბომბა

უკრაინის საჰაერო ძალების მიერ დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, ღამის განმავლობაში მოწინააღმდეგემ გამოიყენა 2 ბალისტიკური რაკეტა „ისკანდერი“ და 37 დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატი.

საჰაერო ძალების თანახმად, მოგერიებულია 32 დრონი. 5 უპილოტო საფრენი აპარატით და 2 რაკეტით პირდაპირი დარტყმა იყო სამ ადგილზე. საჰაერო ძალების სარდლობა კონკრეტულ ადგილებს არ ასახელებს.

ასევე ნახეთ რუსეთის როსტოვის ოლქში დრონებით შეტევა იყო რკინიგზის კიდევ ერთ მონაკვეთზე

განახლება: 29 ივლისს, დღისით უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტელეგრამ-არხზე დაწერა, რომ ქალაქ კამენსკში საავადმყოფოს ტერიტორიაზე რუსების სარაკეტო დარტყმის შედეგად დაიღუპა სამი ადამიანი, მათ შორის 23 წლის დიანა, რომელიც ფეხმძიმედ იყო.