გაიზარდა ზაპოროჟიეს ოლქში კოლონიის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა და დაჭრილთა რიცხვი

რუსეთის ავიაციის მიერ დაბომბილი შენობა ზაპოროჟიეს რაიონში მდებარე კოლონიის ტერიტორიაზე. 2025 წლის 29 ივლისი

უკრაინის ხელისუფლება რუსეთს ადანაშაულებს ზაპოროჟიეს ოლქში მდებარე სასჯელაღსრულების დაწესებულების მიზანმიმართულად დაბომბვაში.

უკრაინის იუსტიციის სამინისტროს მიერ 29 ივლისს, დილის 11 საათისთვის გავრცელებული ინფორმაციით, 28 ივლისს, ღამით გამოსასწორებელ კოლონიაზე ოთხი მართვადი საავიაციო ბომბით დარტყმის შედეგად დაიღუპა 17 პატიმარი და 42 დაიჭრა. დაშავებულია კიდევ 40-მდე ადამიანი. მძიმედ დაჭრილები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მანამდე დადასტურებული იყო, რომ დაღუპულია 16 და დაჭრილია 35 ადამიანი.

კოლონია ზაპოროჟიეს რაიონის დასახლებულ პუნქტ ბელენკოვსკში მდებარეობს.

იუსტიციის სამინისტროს ცნობით, მთლიანად დანგრეულია დაწესებულების სასადილო და ნაწილობრივ დანგრეულია ადმინისტრაციული შტაბი და კარანტინის უბანი. კოლონიაში წესრიგის დასაცავად მობილიზებულია დაცვის სამსახურის 50-მდე თანამშრომელი. უკრაინის იუსტიციის სამინისტროს თანახმად, კოლონიიდან გაქცევის საფრთხე არ არსებობს.

ასევე ნახეთ უკრაინაზე რაკეტებით და დრონებით მორიგი შეტევა იყო, არის მსხვერპლი

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის ავიაციამ კოლონიის ტერიტორია მიზანმიმართულად დაბომბა, რადგან შეუძლებელია არ სცოდნოდათ, რა ობიექტია ეს.

ზელენსკიმ სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ კოლონია დაიბომბა მას შემდეგ, რაც იყო აშშ-ის მკაფიო და მსოფლიოს მიერ მხარდაჭერილი პოზიცია, რომ რუსეთმა ომი უნდა შეწყვიტოს და დიპლომატიაზე გადავიდეს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ზაპოროჟიეს ოლქში სასჯელაღსრულების დაწესებულების დაბომბვაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

ასევე ნახეთ ზელენსკი მიესალმა ტრამპის გადაწყვეტილებას, შეამციროს რუსეთისთვის მიცემული 50-დღიანი ვადა