მინსკში უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს

მინსკში ჩამოგდებული დრონი. 2025 წლის 29 ივლისი

ბელარუსის თავდაცვის სამინისტრომ დამოუკიდებელი მედიით ინფორმაციის გავრცელების შემდეგ დაადასტურა, რომ 29 ივლისს, შუაღამის შემდეგ მინსკში ჩამოაგდეს უპილოტო საფრენი აპარატი.

ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით ზემოქმედების შედეგად დრონი ჩამოვარდა მინსკში, მატუსევიჩის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ სახლთან, სადაც არავინ დაშავებულა.

მანამდე დამოუკიდებელი გამოცემა Люстэрка (სარკე) იუწყებოდა, რომ დრონი მინსკში, მატუსევიჩის ქუჩაზე მდებარე სახლს შეეჯახა, რის შემდეგაც ავტომობილს დაეცა და აფეთქდა. გამოცემას თვითმხილველმა მიაწოდა შემთხვევის ადგილზე გადაღებული ვიდეოც.

ასევე ნახეთ უკრაინაზე რაკეტებით და დრონებით მორიგი შეტევა იყო, არის მსხვერპლი

ბელარუსის თავდაცვის სამინისტრო არ აკონკრეტებს, ვის ეკუთვნოდა უპილოტო საფრენი აპარატი და საიდან აღმოჩნდა ბელარუსის საჰაერო სივრცეში და მხოლოდ იმას აცხადებს, რომ მიმდინარეობს შემოწმება და სიტუაციას პირადად ლუკაშენკა აკონტროლებს.

რუსეთის არმიის დრონები, რომლებიც უკრაინას რეგულარულად უტევენ, ხშირად შედიან ბელარუსის საჰაერო სივრცეში. მედიასაშუალებების ცნობით, მხოლოდ ივლისის პირველ კვირაში დაფიქსირებული იყო, სულ მცირე, 59 ასეთი ინციდენტი მაშინ, როცა მთელი ივნისის განმავლობაში - 17.

2025 წლის ივლისში უპილოტო საფრენი აპარატები ორჯერ აღმოჩნდნენ მეზობელი ლიეტუვის ტერიტორიაზეც.