პესკოვი: ტრამპის განცხადებები ცნობად მივიღეთ

კრემლის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი

კრემლში განაცხადეს, რომ ცნობად მიიღეს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებები, რომ უკრაინაში ომის შესაწყვეტად რუსეთისთვის მიცემულ 50-დღიან ვადას ამცირებს, ვლადიმირ პუტინით იმედგაცრუებულია და საუბრებით დაინტერესებული აღარ არის.

პრეზიდენტ ტრამპის ამ განცხადებების შესახებ ჟურნალისტებმა მოსკოვში დღეს, 29 ივლისს გამართულ ბრიფინგზე ჰკითხეს პუტინის პრესმდივან დმიტრი პესკოვს.

როგორც რუსული სააგენტო „ინტერფაქსი“ წერს, პესკოვის პასუხი იყო, რომ ტრამპის ეს განცხადებები ცნობად მიიღეს და რაიმე შეფასებებისგან თავს შეიკავებს. კრემლის პრესმდივნის განცხადებით, უკრაინაში გრძელდება „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ და რუსეთი ინარჩუნებს სამშვიდობო პროცესისადმი ერთგულებას საკუთარი ინტერესების უზრუნველყოფის გათვალისწინებით.

პესკოვმა ისიც თქვა, რომ რუსეთსა და აშშ-ს შორის „ნორმალიზაციის პროცესში“ დიდი დინამიკა არ შეიმჩნევა და წინსვლას სჭირდება „იმპულსები ორივე მხრიდან“.

ასევე ნახეთ ზელენსკი მიესალმა ტრამპის გადაწყვეტილებას, შეამციროს რუსეთისთვის მიცემული 50-დღიანი ვადა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 14 ივლისს ნატოს გენერალურ მდივან მარკ რიუტესთან თეთრ სახლში შეხვედრისას განაცხადა, რომ თუ 50 დღის განმავლობაში უკრაინაში ომის დასასრულებლად შეთანხმება არ იქნება, რუსეთის სავაჭრო პარტნიორებს მკაცრ ტარიფებს დაუწესებენ. ტრამპმა 14 ივლისს ისიც თქვა, რომ უკრაინა ნატოს გავლით მიიღებს ამერიკულ იარაღს, მათ შორის სარაკეტო-საზენიტო სისტემებს Patriot.

28 ივლისს შოტლანდიაში, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერთან ერთად გამართულ ბრიფინგზე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინით იმედგაცრუებულია, რადგან არაერთი საუბრის მიუხედავად, რუსეთი უკრაინაზე შეტევას განაგრძობს, საუბრის გაგრძელებით დაინტერესებული აღარ არის და რუსეთისთვის მიცემულ 50-დღიან ვადას 10-12 დღემდე ამცირებს.

ასევე ნახეთ ამერიკელი სენატორები „უროთი დარტყმის“ საშუალებად აფასებენ რუსეთის საწინააღმდეგო ახალი სანქციების კანონპროექტს

თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ დონალდ ტრამპი მუდმივად აკრიტიკებდა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას უკრაინის მასშტაბური სამხედრო დახმარების გამო, აცხადებდა, რომ ომი მოლაპარაკებების გზით უნდა დასრულდეს და დადებითად მოიხსენიებდა რუსეთის პრეზიდენტ პუტინს. ტრამპის ადმინისტრაციამ რუსეთთან დიპლომატიური კონტაქტების აღდგენაც დაიწყო.

აშშ-ის პრეზიდენტმა პოზიცია მას შემდეგ შეცვალა, რაც თვეების განმავლობაში ვერ შეძლო უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტაზე რუსეთის პრეზიდენტის დათანხმება.

ბოლო ხანს ტრამპმა არაერთხელ გააკრიტიკა პუტინი და განაცხადა, რომ აშშ-ს უკრაინისთვის იარაღის გაგზავნა მოუწევს.