პრეზიდენტი სანდუ: რუსეთი მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებში უპრეცედენტო ჩარევისთვის ემზადება

მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ 30 ივლისს გამართა უსაფრთხოების საბჭოს სხდომა, რომლის შემდეგაც განაცხადა, რომ რუსეთი ემზადება სექტემბრის საპარლამენტო არჩევნებში უპრეცედენტო ჩარევისთვის

მოლდოვის პროევროპული ხელისუფლება, რომელიც რუსეთს ადრეც ადანაშაულებდა მოლდოვაზე კონტროლის მოპოვების მცდელობაში, აცხადებს, რომ კრემლი ამ მიზნით კიდევ უფრო მეტი რესურსის დახარჯვას აპირებს შემოდგომაზე დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებისთვის.

მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ დღეს, 30 ივლისს გამართა უსაფრთხოების საბჭოს სხდომა, რომლის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მოლდოვაზე კონტროლის მოპოვების მიზნით რუსეთი ემზადება სექტემბრის საპარლამენტო არჩევნებში უპრეცედენტო ჩარევისთვის.

მოლდოვის ხელისუფლება რუსეთს ადანაშაულებდა შარშანდელ საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის გამოც. 2024 წლის ნოემბერში, არჩევნების მეორე ტურში პროევროპელმა მაია სანდუმ ხმების თითქმის 55%-ით დაამარცხა პრორუსულად განწყობილი სოციალისტების კანდიდატი, მოლდოვის ყოფილი გენერალური პროკურორი ალექსანდრ სტოიანოგლო(45%).

ასევე ნახეთ შვება და შიშნარევი მოლოდინი - ბრიუსელი სანდუს გამარჯვებას ულოცავს

კიშინიოვში 30 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტმა სანდუმ განაცხადა, რომ კრემლი მეტ პოლიტიკურ საშუალებას გამოიყენებს, რათა გაზარდოს არჩევნების შემდეგ მოლდოვის პარლამენტში პრორუსული უმრავლესობის მიღების შანსები.

მოლდოვის პრეზიდენტის ინფორმაციით, რუსეთის მცდელობები მოიცავს სხვადასხვა მიმართულებას, მათ შორის ევროსკეპტიციზმის და „მოლდოვის ალტერნატიული განვითარების“ იდეის ხელშეწყობას.

სანდუს თანახმად, გამოყენებული იქნება მოლდოვიდან გაქცეული პრორუსი ოლიგარქის, ილან შორის დანაშაულებრივი ჯგუფის „პოპულისტურ-აგრესიული მიმდინარეობა“, ხმების მოსყიდვით, ქრთამების მიცემითა და დაფინანსებული ანტისამთავრობო აქციებით. მოლდოვის პრეზიდენტმა მოქალაქეები გააფრთხილა, რომ ხმების მოსყიდვა და დაფინანსებულ საპროტესტო აქციებში მონაწილეობა ისჯება.

ასევე ნახეთ 21 ყალბი საბუთი, 22 ქვეყანა - 6 წლის წინ გაქცეულ ოლიგარქს მოლდოვაში ექსტრადიცია ელის

მაია სანდუმ რუსეთის ინსტრუმენტებს შორის დაასახელა დამოუკიდებელი კანდიდატები, რომლებსაც პირდაპირ არ აკონტროლებს, მაგრამ ირიბად მხარს უჭერს, უკანონო დაფინანსება, ფულის გათეთრება, სახელმწიფო დაწესებულებებზე თავდასხმების ორგანიზება, დეზინფორმაცია და კიბერშეტევები.

სანდუს მტკიცებით, მოსკოვი გეგმავს უახლოეს ხანში მოლდოვაში კრიპტოვალუტის სახით შეიტანოს დაახლოებით 100 მილიონი ევრო.

მოლდოვის პრეზიდენტის თანახმად, რუსეთის მიზნებს შორისაა არჩევნებში დიასპორის წარმომადგენელთა მონაწილეობის შემცირებაც და ეკლესიის გამოყენება მოსახლეობის სხვადასხვა კატეგორიის რადიკალიზაციისთვის.

მაია სანდუს განცხადებით, სახელმწიფო ორგანოები ყველაფერს გააკეთებენ ეროვნული ინტერესების დასაცავად, დაუყოვნებლივი რეაგირებისა და საზოგადოების დროულად ინფორმირებისთვის. მოლდოვის პრეზიდენტის თქმით, არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი უნდა იყოს და ქვეყანამ გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღოს.

განახლება: მოლდოვის პრეზიდენტის პასუხად რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა მოსკოვში 30 ივლისს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ ბრალდებები სინამდვილეს არ შეესაბამება. კრემლში ტრადიციულად განაცხადეს, რომ რუსეთი სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში არ ერევა, თუმცა პესკოვმა ისიც დაამატა, რომ უცხო ქვეყნებში, მათ შორის რუსეთში მცხოვრები ბევრი მოლდოველის საარჩევნო უფლებები დარღვეულია და ეს უფლებები უზრუნველყოფილი უნდა იყოს.

ევროკავშირის წევრობის კანდიდატ მოლდოვაში საპარლამენტო არჩევნები 2025 წლის 28 სექტემბერსაა დანიშნული.

ამ დროისთვის ბოლო გამოკითხვებით, ლიდერობას ინარჩუნებს მმართველი „მოქმედების და სოლიდარობის პარტია". ოპოზიციურმა ძალებმა ყოფილი პრეზიდენტის, იგორ დოდონის ხელმძღვანელობით, საპარლამენტო არჩევნებისთვის შექმნეს ალიანსი, რომელიც მოლდოვის პროდასავლურ ორიენტაციას ეწინააღმდეგება და რუსეთთან კარგ ურთიერთობას ემხრობა. საარჩევნო ადმინისტრაციამ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მისცა ბლოკს „გამარჯვება", რომელსაც კავშირი აქვს მოლდოვაში დაუსწრებლად გასამართლებულ ოლიგარქთან, რუსეთის მოქალაქეობის მქონე ილან შორთან.