კიევში 31 ივლისს, შუაღამის შემდეგ გამოცხადდა საჰაერო განგაში, რომლის დროსაც მოქალაქეები ვალდებული არიან თავშესაფრებში გადავიდნენ. განგაშის დროს ბევრი კიეველი თავს მეტროს აფარებს.
კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ტელეგრამ-არხზე დილის შვიდი საათისთვის გამოქვეყნებული ინფორმაციით, დრონებით და რაკეტებით შეტევის შედეგად 20 ადამიანი დაშავდა. 8 მათგანი ჰოსპიტალიზებულია.
კლიჩკოს ცნობითვე, სვიატოშინსკის რაიონში დანგრეულია საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო, ხანძარმა მოიცვა რამდენიმე არასაცხოვრებელი შენობა. სოლომენსკის რაიონში რამდენიმე სახლში ბინები დაზიანდა, ხოლო გოლოსეევსკის რაიონში - სკოლის და საბავშვო ბაღის შენობები. შევჩენკოს რაიონში აფეთქების ტალღამ სამედიცინო დაწესებულების ბავშვთა განყოფილების ფანჯრები ჩაამსხვრია.
განახლება: დილის რვა საათისთვის კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ დედაქალაქში დაშავდა 48 ადამიანი, რომელთაგან 29 ჰოსპიტალიზებულია.