უკრაინაზე მორიგი მასირებული შეტევისას, რომელსაც 31 ივლისს კიევში მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა, რუსეთის ჯარებმა 309 უპილოტო საფრენი აპარატი და 8 ფრთოსანი რაკეტა „ისკანდერი“ გამოიყენეს. ამის შესახებ დილით იუწყება უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობა.
დარტყმის მთავარი მიმართულება იყო დედაქალაქი კიევი.
საჰაერო ძალების ცნობითვე, მოგერიებულია 288 დრონი და 3 ფრთოსანი რაკეტა. სარდლობა ადასტურებს, რომ მოუგერიებელი 5 რაკეტიდან ერთი კიევში სახლს მოხვდა. საერთო ჯამში, 5 რაკეტით და 21 დრონით პირდაპირი დარტყმა იყო 12 ადგილზე, ძირითადად, კიევში.
ასევე ნახეთ სულ მცირე 6 ადამიანი დაიღუპა კიევზე რუსული რაკეტებით და დრონებით დარტყმის შედეგადადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დილის 10 საათის მდგომარეობით, კიევში დაიღუპა 6 ადამიანი, მათ შორის 6 წლის ბიჭი.
დაშავდა 50-ზე მეტი ადამიანი. მათგან 30 ჰოსპიტალიზებულია. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ცნობით, დაჭრილებს შორის 9 ბავშვია, რაც ომის დაწყების შემდეგ კიევში ერთი ღამის განმავლობაში დაშავებული ბავშვების ყველაზე დიდი რიცხვია.
განახლება: დღის 12 საათისთვის კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ტიმურ ტკაჩენკოს ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ცნობა, რომ დაღუპულთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა. დაშავებულია 82 ადამიანი. მათგან 44 ჰოსპიტალიზებულია.
განახლება: დღის პირველი საათისთვის უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურმა განაცხადა, რომ კიევში, სადაც სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება, დაიღუპა 8 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი.
კიევის სვიატოშინსკის რაიონში რუსულმა რაკეტამ მთლიანად დაანგრია მრავალბინიანი სახლის ერთი სადარბაზო. სერიოზულად დაზიანდა სოლომენსკის რაიონში მდებარე ერთ-ერთი სახლიც.
კიევში დაზიანებულია არასაცხოვრებელი შენობებიც, მათ შორის საგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებები და რკინიგზა.
კიევის ოლქის ბუჩის რაიონში დაზიანებულია მაღაზიები და საწყობები. საოლქო ხელისუფლების ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის.