„თავისუფლება მზია ამაღლობელს“ - ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან საპროტესტო აქცია იმართება

სალომე ზურაბიშვილი ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან საპროტესტო აქციაზე

„თავისუფლება მზია ამაღლობელს“, - ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან ამ გზავნილით საპროტესტო აქცია იმართება. სასამართლოს წინ შეიკრიბნენ ჟურნალისტები, აქტივისტები, რიგითი მოქალაქეები პლაკატებით.

სასამართლოში პირველ საათზე იწყება „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის პროცესის დასკვნითი სხდომა.

დღევანდელ სხდომაზე ადვოკატები დასკვნით სიტყვას წარმოთქვამენ. არის მოლოდინი, რომ დღესვე გამოცხადდეს მზია ამაღლობელის განაჩენი.

სხდომათა დარბაზში შესვლამდე, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, წინააღმდეგობის მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა:

„არ შეიძლება ადამიანს იმედი არ ჰქონდეს და არ იფიქროს იმაზე, რომ შეიძლება მაინც სასწაული მოხდეს. უნდა ფიქრობდე, რომ შეიძლება სასწაული მოხდეს, რადგან ღმერთი არსებობს და შეიძლება სასწაულიც მოხდეს, მაგრამ ამავე დროს, ყველაფრისთვის უნდა ვიყოთ მზად და უნდა ვიცოდეთ, რომ ეს განაჩენი არის და იქნება ყველასი, ვინც მონაწილეობს ამ უსამართლო საქმეში - მოსამართლე, პოლიციელი, დგებუაძე თუ რა ჰქვია, რაც დაერქმევა ისტორიაში, „წითელლოყა“ თუ რაც არის და ყველა ის პოლიტიკური ლიდერი, „ქართული ოცნების“ ყველა ის პოლიტიკური პირი, რომელიც ამ საქმეში მონაწილეობს, დაწყებული ბიძინა ივანიშვილით“, - თქვა სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც ბათუმში ჩავიდა მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე.

განახლებები სასამართლო სხდომიდან ნახეთ აქ მზია ამაღლობელის სასამართლო - ლაივბლოგი (01/08/2025)

მზია ამაღლობელი ბათუმში გამართულ საპროტესტო აქციაზე 11 იანვარს ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს, შემდეგ კი გამოუშვეს და რამდენიმე საათში, - უკვე 12 იანვარს, - ხელახლა დააკავეს, ამჯერად სისხლის სამართლის წესით, პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო, რაც იურისტების შეფასებით, საქმის გარემოებებთან შეუთავსებელია და მხოლოდ პოლიტიკურ მოტივზე მიანიშნებს. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მისი ადვოკატი ამბობს, რომ ჟურნალისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, კერძოდ, მხედველობა, პატიმრობაში ყოფნისას კიდევ უფრო გაუარესდა. მაია მწარიაშვილის თანახმად, მზია ამაღლობელს კერატოკონუსი აქვს, თვალის რქოვანის დაავადება. 4 თებერვალს კლინიკა "ვივამედში" ჩატარებული ანალიზის დოკუმენტის, ე.წ. ფორმა 100-ის თანახმად, "მზია ამაღლობელს მარჯვენა თვალში მხედველობა აქვს 30%, მარცხენა თვალში კი მხედველობა აქვს 0.04%".

პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტი დაკავებიდან 38 დღის განმავლობაში შიმშილობდა. შიმშილობის 24-ე დღეს იგი კლინიკაში გადაიყვანეს და ციხეში მხოლოდ შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ დააბრუნეს.

31 ივლისს, მზია ამაღლობელის დასკვნითი სასამართლო სხდომამდე ერთი დღით ადრე, პრესის თავისუფლების, ჟურნალისტებისა და ადამიანის უფლებათა დამცველმა ორგანიზაციებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. ისინი კვლავ მოუწოდებენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, მოხსნან მზია ამაღლობელის წინააღმდეგ წაყენებული სისხლის სამართლის ბრალდება და ხელი შეუწყონ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.

ასევე ნახეთ ათზე მეტი საერთაშორისო ორგანიზაცია მზია ამაღლობელის გათავისუფლებას ითხოვს