Bloomberg: დასავლეთის დაზვერვა აღრიცხავს რუსეთის მხრიდან დივერსიული ქმედებების შემცირებას

უშიშროების ზომები ბალტიის ზღვაზე

დასავლეთის სადაზვერვო ორგანოები აღრიცხავენ სავარაუდოდ რუსეთის სპეცსამსახურების მხრიდან ორგანიზებული დივერსიული ქმედებების შემცირებას - იუწყება გამოცემა Bloomberg-ი, ევროპელ და ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით.

სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტმა (IISS) 2025 წლის იანვრიდან მაისამდე პერიოდში აღნუსხა ევროპაში რუსეთის მხრიდან საბოტაჟის 11 შემთხვევა. ეს მოიცავს, მათ შორის, მცდელობებს შვედეთში მწყობრიდან გამოეყვანათ ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელები და ქსელური კოშკები. მთელი 2024 წლის განმავლობაში აღირიცხა 30-ზე მეტი ასეთი შემთხვევა - მათ შორის თავდასხმები ენერგეტიკაზე, კავშირგაბმულობაზე, ტრანსპორტზე, საბრძოლო ობიექტებზე, წყლის მიწოდების სისტემაზე და წყალქვეშა სამიზნეებზე.

Bloomberg-ის წყაროთა ინფორმაციით, რუსეთის დივერსიულმა ქმედებებმა კლება დაიწყო 2024 წლის შემოდგომიდან - მას მერე, რაც ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა რუსი კოლეგები ახალი ოპერაციების თაობაზე გააფრთხილეს. როგორც იუწყებიან, გაფრთხილება უკავშირდებოდა საეჭვო ხანძრებს კომპანია DHL-ის ლოგისტიკურ ცენტრებში ბირმინგემში, ლაიფციგსა და ვარშავის შემოგარენში, ასევე გავრცელებულ ცნობებს, რომ დივერსანტებს, შესაძლოა, ასაფეთქებელი მოწყობილობა განეთავსებინათ აშშ-ისკენ მიმავალ სატვირთო ავიარეისებზე. ცნობას, რომ რუსებს ვაშინგტონიდან გაფრთხილება შეუთვალეს, მაშინ ავრცელებდა გამოცემა The New York Times-იც.

დივერსიული მოქმედებების შემცირების მიზეზად Bloomberg-ის წყაროები მიიჩნევენ ერთი მხრივ ჰიბრიდულ ოპერაციებზე ეფექტიანი კონტროლის წარმოების შეუძლებლობას, უაღრესად არასაიმედო შემსრულებელთა გამო. მეორე მხრივ, ამის უკან შესაძლოა იყოს პოლიტიკურ გათვლაც - კერძოდ, სურვილი არ გაეღიზიანებინათ ვაშინგტონი, დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირველ თვეებში.

კრემლმა არ უპასუხა Bloomberg-ის თხოვნას კომენტარის თაობაზე. მანამდე კრემლის პრესმდივანი, დმიტრი პესკოვი ევროპაში რუსეთის მხრიდან დივერსიის შესახებ ცნობებს უწოდებდა "აბსოლუტურად უსაფუძვლოს".

ასევე ნახეთ შვედეთმა დააკავა რუსეთისკენ მიმავალი გემი, რომელმაც შესაძლოა დააზიანა წყალქვეშა კაბელი