2 აგვისტოს, მას შემდეგ, რაც სასამართლოს მანდატურზე თავდასხმაში ბრალდებული ნინო დათაშვილის ადვოკატმა გაავრცელა ინფორმაცია სასამართლოს მიერ გაცემული ნებართვის შესახებ, რომლის თანახმადაც, ქალს არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული ექსპერტიზა უნდა ჩაუტარდეს, სახალხო დამცველის რწმუნებულმა კვლავ მოინახულა N5 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი ნინო დათაშვილი.
განცხადებაში, რომელსაც სახალხო დამცველის ოფისი ავრცელებს მითითებულია, რომ „ნინო დათაშვილმა სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა, მათ შორის, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და პატიმრობის პირობებთან დაკავშირებით, რაც თავის მხრივ არსებით გავლენას ახდენს ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე“.
სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში არაფერი წერია არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, რომლის თაობაზეც 2 აგვისტოს გახდა ცნობილი.
განცხადებაში ვკითხულობთ, რომ საკითხის შესწავლის და შეფასების მიზნით აპარატს დამატებით უკვე გამოთხოვილი აქვს ბრალდებულის სამედიცინო დოკუმენტაცია სრულად, „თუმცა ვინაიდან ეს მონაცემები ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური ინფორმაციას მიეკუთვნება აპარატის მიერ არ ხდება მისი გასაჯაროება“.
2 აგვისტოს ნინო დათაშვილის ადვოკატმა, ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ პროკურატურამ პატიმრობაში მყოფი აქტივისტის, ნინო დათაშვილის მიმართ ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარება მოითხოვა, სასამართლომ კი აღნიშნული შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
ადვოკატის თქმით, პროკურატურა ამ საკითხის გარკვევას ყოველგვარი საფუძვლის გარეშე ცდილობს და სასამართლომ ნინო დათაშვილის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში არანებაყოფლობით გადაყვანის ნებართვა გასცა:
„პროკურატურამ აქტივისტების წინააღმდეგ ბრძოლის ახალ მეთოდს მიმართა, კონკრეტულად, ნინო დათაშვილის შემთხვევაში სრულიად უსაფუძვლოდ და უკანონოდ მოითხოვა სასამართლოს ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარება, რაც იმას ნიშნავს, რომ პროკურატურამ მოითხოვა ნინო დათაშვილისთვის საკითხის გამორკვევა ყოველგვარი კრიტერიუმის და საფუძვლის არსებობის გარეშე. სასამართლომ ეს შუამდგომლობა დააკმაყოფილა. სასამართლომ ნინო დათაშვილს პროცესში მონაწილეობის უფლება არ მისცა, რადგანაც მას არ ჰქონდა ინფორმაცია მის წინააღმდეგ, რა პროცესი განიხილებოდა. სასამართლომ განაცხადა, რომ თუ ნინო დათაშვილი ექსპერტიზის ჩატარებაზე წინააღმდეგი იქნება, გამოყენებული იქნება იძულების პროპორციული ღონისძიებები, რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლომ ნინო დათაშვილის არანებაყოფლობით ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაყვანის ნებართვა გასცა“, - თქვა 2 აგვისტოს თამარ გაბოძემ.
ასევე ნახეთ „უჭირს ჯდომა, დგომა, წოლა“ - დაკავებული მასწავლებლის ადვოკატები მოითხოვენ, რომ ის კლინიკაში გადაიყვანონ გამოკვლევებისთვისნინო დათაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში 9 ივნისს მომხდარი ფაქტის გამო დააკავეს.
იმ დღეს ოპოზიციური პარტიის წევრებისა და პროევროპული აქციებისას დაკავებული აქტივისტების მორიგი სასამართლო სხდომა იმართებოდა.
ნინო დათაშვილს სწორედ ამ სხდომაზე უნდოდა დასწრება.
პროკურატურის განცხადების თანახმად, მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა მას უთხრეს, რომ სხდომა უკვე დაწყებული იყო, დარბაზში ადგილი აღარ იყო და დასწრებას ვეღარ შეძლებდა.
ამ ვიდეოში ჩანს, რა ხდება სასამართლოს დარბაზში: როგორ უწევს ის წინააღმდეგობას მანდატურებს, როდესაც მათ ქალი სასამართლოდან ძალით გაჰყავთ.
ნინო დათაშვილმა სასამართლოს ეზოდანვე დარეკა 112-ში, ოპერატორს ძალადობის შესახებ შეატყობინა და პოლიციის გამოძახება ითხოვა. თუმცა, როგორც ქალის ადვოკატ თამარ გაბოძე ეუბნება რადიო თავისუფლებას, მის ზარზე პოლიციას არც იმ დღეს არ ჰქონია რეაგირება და არც მას მერე.
ადვოკატი ამბობს, რომ პოლიციამ გამოძიება მანდატურის სამსახურიდან შესული ზარის შემდეგ დაიწყო.
აქტივის ქალს ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე სეკუნდა მუხლის მე-3 ნაწილით, რაც საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმას მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გულისხმობს. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმას, ან 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.