"ნინო გამაგრდი, მარტო არ ხარ!" - მზია ამაღლობელმა დასკვნითი სიტყვის დასაწყისი დაპატიმრებულ აქტივისტს მიუძღვნა

მზია ამაღლობელი, ბათუმის საქალაქო სასამართლო, ფოტო არქივიდან

ბათუმის საქალაქო სასამართლოში, სადაც დაკავებული ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის დასკვნით სხდომა იმართება, ჟურნალისტმა თავისი საბოლოო სიტყვა დაკავებული აქტივისტის, ნინო დათაშვილის შესახებ საუბრით დაიწყო:

„ერთ-ერთ სხდომაზე ვთქვი, გარეთ ისე ვითარდება, ჩემს საქმეზე ვერ ვკონცენტრირდები-მეთქი... ის იმავე დაწესებულებაშია, სადაც მე, მაგრამ ისე ვართ იზოლირებული, შემთხვევითაც ვერ შევხვდი.

ნინო გამაგრდი, მარტო არ ხარ!

მაშინ, როცა გავიგე, რომ ნინო დათიშვილი პროკურატურას იძულებით ჰყავდა გადაყვანილი ფსიქიატრიულში, ჩამოვიშალე...

ბატონო პროკურორებო, ხანდახან ბრაზისგან მეც თვალი ამიცრემლიანდა, სიტყვებს ვერ ვპოულობ, ხმა მიკანკალებს - რას ფიქრობთ, მეც ხომ არ უნდა გადამამოწმოთ ფსიქიატრიულში?

ჩემი სათქმელი ნინო დათიშვილის ამბავმა შეცვალა, მინდოდა მესაუბრა ნეტგაზეთზე, ბათუმელებზე“... თქვა მზია ამაღლობელმა სასამართლოს დარბაზში.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში სრულდება პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული ჟურნალისტის, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის საქმის განხილვა.

4 აგვისტოს, მოსამართლე ნინო სახელაშვილი მზია ამაღლობელის დასკვნით სიტყვას მოისმენს.

ასევე ნახეთ მზია ამაღლობელის დასკვნითი სასამართლო სხდომა აქციის პარალელურად იმართება

რაც შეეხება დაკავებულ აქტივისტს ნინო დათაშვილს, 2 აგვისტოს, მისმა ადვოკატმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სასამართლომ გასცა ნებართვა, რომლის თანახმადაც, ქალს არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული ექსპერტიზა უნდა ჩაუტარდეს.

ასევე ნახეთ ომბუდსმენის რწმუნებულმა საპატიმროში მოინახულა ნინო დათაშვილი - განცხადებაში არაფერი წერია იძულებით ფსიქიატრიულ ექსპერტიზაზე

ადვოკატის თქმით, პროკურატურა ამ საკითხის გარკვევას ყოველგვარი საფუძვლის გარეშე ცდილობს და სასამართლომ ნინო დათაშვილის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში არანებაყოფლობით გადაყვანის ნებართვა გასცა.

მზია ამაღლობელი ბათუმში გამართულ საპროტესტო აქციაზე 11 იანვარს ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს, შემდეგ კი გამოუშვეს და რამდენიმე საათში, - უკვე 12 იანვარს, - ხელახლა დააკავეს, ამჯერად სისხლის სამართლის წესით, პოლიციელისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო, რაც იურისტების შეფასებით, საქმის გარემოებებთან შეუთავსებელია და მხოლოდ პოლიტიკურ მოტივზე მიანიშნებს. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მისი ადვოკატი ამბობს, რომ ჟურნალისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, კერძოდ, მხედველობა, პატიმრობაში ყოფნისას კიდევ უფრო გაუარესდა. მაია მწარიაშვილის თანახმად, მზია ამაღლობელს კერატოკონუსი აქვს, თვალის რქოვანის დაავადება. 4 თებერვალს კლინიკა "ვივამედში" ჩატარებული ანალიზის დოკუმენტის, ე.წ. ფორმა 100-ის თანახმად, "მზია ამაღლობელს მარჯვენა თვალში მხედველობა აქვს 30%, მარცხენა თვალში კი მხედველობა აქვს 0.04%".

პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტი დაკავებიდან 38 დღის განმავლობაში შიმშილობდა. შიმშილობის 24-ე დღეს იგი კლინიკაში გადაიყვანეს და ციხეში მხოლოდ შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ დააბრუნეს.

31 ივლისს, პრესის თავისუფლების, ჟურნალისტებისა და ადამიანის უფლებათა დამცველმა ორგანიზაციებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. ისინი კვლავ მოუწოდებენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, მოხსნან მზია ამაღლობელის წინააღმდეგ წაყენებული სისხლის სამართლის ბრალდება და ხელი შეუწყონ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.