შიმშილობა გამოაცხადეს გამშვებ პუნქტ "დარიალში" მყოფმა რუსეთიდან დეპორტირებულმა უკრაინელებმა

სასაზღვრო-გამშვები პუნქტი "დარიალი"

უკრაინის ხუთმა მოქალაქემ, რომლებიც რამდენიმე კვირაა, საქართველოს სასაზღვრო-გამშვები პუნქტის, „დარიალის“ სარდაფში იმყოფებიან, უვადო შიმშილობა გამოაცხადა.

ამის შესახებ эхо Кавказа-ს აცნობა ერთ-ერთმა მოშიმშილემ, სერგეი ლარკომ, რომელიც თითქმის ერთი თვეა იძულებით ცხოვრობს სასაზღვრო-გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე.

მისი თქმით, მოშიმშილეები გეგმავენ, რომ ქართველ მესაზღვრეებს შიმშილობის დაწყების შესახებ ოფიციალური განცხადება გადასცენ.

ლარკო ამბობს, რომ რუსეთიდან 2025 წლის 21 ივნისსაა დეპორტირებული, ხოლო საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ უკანონოდ ჩამოართვეს პასპორტი და აიღეს მისი ბიომეტრიული მონაცემები:

„დარიალის“ სასაზღვრო-გამშვები პუნქტის სარდაფში წამიყვანეს, სადაც არაადამიანურ პირობებში ვიმყოფები 97 ადამიანთან ერთად, მათ შორის არიან ინფიცირებულები შიდსითა და ტუბერკულოზით. საქართველოს დატოვებაზე უარი მივიღე, არ მაძლევენ თავშესაფრის მოთხოვნის, იურიდიული დახმარების მიღებისა და დაკავების გასაჩივრების საშუალებას“, - ამბობს სერგეი ლარკო.

მოშიმშილეები მოითხოვენ, რომ მათთან მივიდეს უკრაინის კონსული, განემარტოთ დაკავების მიზეზები, მიეცეთ საქართველოს ტერიტორიის დატოვების ან საერთაშორისო დაცვის მიღებაზე განაცხადების გაკეთების შესაძლებლობა, ჩაუტარდეთ სამედიცინო შემოწმება და შეწყდეს მათი, როგორც თავად აცხადებენ, უკანონო პატიმრობა.

მათივე თქმით, პროტესტი გაგრძელდება იმ დრომდე, სანამ ყველა მოთხოვნა არ შესრულდება.

"სასაზღვრო გამტარი პუნქტი „დარიალი“ ერთადერთი მოქმედი სასაზღვრო გამტარი პუნქტია, სადაც ბოლო პერიოდში, დაფიქსირდა არაერთი შემთხვევა, როდესაც რუსეთის ფედერაციიდან მომავალი პირები, ითხოვენ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთას არავალიდური დოკუმენტებით და აცხადებენ, რომ არიან უკრაინის მოქალაქეები, რომლებიც უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე იხდიდნენ სასჯელს, სისხლისსამართლებრივი დანაშაულისთვის, მათ შორის მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის და რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის ტერიტორიის ოკუპაციის შემდეგ, სასჯელის მოხდა დაასრულეს რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ პენიტენციურ დაწესებულებებში.

სასჯელის მოხდის შემდეგ რუსეთის ფედერაციის მიერ ხდება აღნიშნული პირების ე.წ. „დეპორტაცია“ საქართველოს აღნიშნულ სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან“, - წერია შსს-ს სასაზღვრო პოლიციის მიერ შესყიდვების სააგენტოსთვის მიწოდებულ ინფორმაციაში, რომელიც 29 ივლისს გავრცელდა.

ამავე ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიცია დაჩქარებული წესით გეგმავს, საქართველო-რუსეთის საზღვართან, გამშვებ პუნქტ "დარიალთან" საცხოვრებელი სივრცე გააფართოოს იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ქვეყანაში არ შემოუშვებენ.

დაახლოებით ორი თვე ან უფრო მეტი ხანია, რაც ათობით უკრაინელი საქართველოსა და რუსეთს შორის საზღვართან, ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვებ („დარიალის“) პუნქტში ცხოვრობს. სძინავთ მორიგეობით, საქართველოს ნახევრად აშენებული ტერმინალის სარდაფში საწოლები არ ჰყოფნით.

რადიო თავისუფლება ჯერ კიდევ 25 ივნისს წერდა, რომ დაყოვნების სივრცეში, რომელშიც ნესტიანი ბეტონი და მძიმე ჰაერია, თან ფანჯრები არ აქვს, სულ 16 საწოლი იყო. ამ საწოლებს 56 ადამიანი მორიგეობით ინაწილებდა.

ამ საკითხთან დაკავშირებით 16 ივლისს პროსახელისუფლებო მედიასაშუალებებმა „რუსთავი 2-მა" და „იმედმა“ გაავრცელეს „ქართული ოცნების“ მთავრობის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის კომენტარი.

„აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს მოლაპარაკებები უკრაინული მხარის მხრიდან მოლდოვის რესპუბლიკასთან, ვინაიდან სახმელეთო საზღვრით არის შესაძლებელი ამ პირების დაბრუნება. ბოლო პერიოდში 40-მდე პირი მსგავსი გზით უკვე დაბრუნდა უკრაინის რესპუბლიკაში, თუმცა ბოლო პერიოდში გარკვეულწილად შეჩერდა ეს პროცესი.

როგორც ჩვენთვის ცნობილია და როგორც უკრაინული მხარე აცხადებს, მოლდოვური მხარე არის წინააღმდეგი, რომ გაატაროს ეს პირები, თუმცა გრძელდება მათთან მოლაპარაკებები. როგორც კი იქნება მათი მხრიდან შეთანხმება მიღწეული, საქართველო იღებს პასუხისმგებლობას, რომ ხელი შეუწყოს დარიალის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე მყოფ უკრაინის მოქალაქეებს, რომ დაბრუნდნენ ისინი სამშობლოში“, - თქვა მაშინ დარახველიძემ.

3 აგვისტოს უკრაინის დეზინფორმაციასთან ბრძოლის ცენტრმა უარყო მოსკოვის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კიევი არ იღებს 90 მოქალაქეს, რომლებიც საქართველოში იმყოფებიან. უკრაინის ხელისუფლების განმარტებით, ისინი სისტემურად მუშაობენ მოქალაქეების დაბრუნებაზე, იმ პირობით, თუ მოქალაქეობა დადასტურებულია.

ადამიანის უფლებათა დამცველების თქმით, რუსეთიდან დეპორტირებული უკრაინელების რაოდენობა შესაძლოა სექტემბრისთვის მნიშვნელოვნად გაიზარდოს.


ასევე ნახეთ საქართველოსა და რუსეთს შორის დავიწყებული უკრაინელები