კობახიძემ თქვა, რომ „ყველაფერთან დაკავშირებით აქვს ინფორმაცია“, რაც 7 ივლისს მოხდა (დღე, როცა რიჟვაძე ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით კლინიკაში გადაიყვანეს), თუმცა მედიასთან დეტალებზე არ ისაუბრა.
მან ჟურნალისტები მიმდინარე გამოძიების შესახებ ინფორმაციის მისაღებად „შესაბამის საგამოძიებო უწყებებთან“ გადაამისამართა. რიჟვაძის შესაძლო თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეს იძიებს შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომლის მინისტრსაც ნიშნავს და ათავისუფლებს ირაკლი კობახიძე.
„მე ყველაფერი ვიცი ამ საქმესთან დაკავშირებით. რაც შეეხება ვიდეოჩანაწერებს... გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე გასაჯაროვდება ის, რაც უნდა გასაჯაროვდეს, დასამალი იქ არაფერი არ არის... ყველაფერთან დაკავშირებით მაქვს ინფორმაცია, მაგრამ როგორ შეიძლება მე საზოგადოებას ვუთხრა, რომ ეს ან ასე მოხდა, ან ისე“, - თქვა ირაკლი კობახიძემ.
„ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ყოფილ მაღალჩინოსანთან, რომელიც მისი გუნდის წევრიც იყო, პირადი კომუნიკაცია არ აქვს:
„მე მუდმივ რეჟიმში ვინტერესდები თორნიკეს ჯანმრთელობით და მიხარია, რომ ის არის ჯანმრთელად... პირადად არ ვაწუხებ თორნიკეს. როცა იქნება ამის შესაძლებლობა, რა თქმა უნდა, პირადადაც დიდი ინტერესით მოვიკითხავ...
რაც შეეხება ჩვენს მთავარ ინტერესს, ესაა, რომ თორნიკე იყოს ჯანმრთელად და მუდმივად ვინტერესდებით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით. იმედი გვაქვს, რომ მალე დაბრუნდება საქართველოში და დიდი სიხარულით შევხდებით“.
თორნიკე რიჟვაძე თითქმის ერთი თვეა, რაც სამკურნალოდ თურქეთში იმყოფება. ის სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებებით ჯერ საქართველოს კლინიკებში მოათავსეს, შემდეგ კი მეზობელ ქვეყანაში გადაიყვანეს.
- 7 ივლისის დილას შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით ცნობილი გახდა, რომ საგარეჯოში, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსის, ალექსანდრე ახვლედიანის სახლში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა მოხდა და დაიჭრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე;
- რიჟვაძის საგარეჯოს კლინიკა „ჯეო ჰოსპიტალსში“ მიყვანის შემდეგ, ახვლედიანი პოლიციამ დააკავა „იარაღის დაუდევრად შენახვის“ ბრალდებით;
- რიჟვაძე იმავე დღესვე გადაიყვანეს თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, სადაც უკვე დადებითი დინამიკა აღენიშნებოდა;
- 8 ივლისს ახვლედიანისთვის ბრალის წაყენების შესახებ პროკურატურის განცხადებიდან გაირკვა, რომ გამოძიება მუშაობს თორნიკე რიჟვაძის მხრიდან თვითმკვლელობამდე მიყვანის მიმართულებით - ახვლედიანი სხდომათა დარბაზიდან 30 000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლეს;
- 9 ივლისს, დილით ცნობილი გახდა, რომ თორნიკე რიჟვაძე, ოჯახის თხოვნით, თურქეთში გადაიყვანეს სამკურნალოდ;
- მას რაიმე განცხადება არ გაუკეთებია.