კიევში დაკრძალეს ჟურნალისტი ვიქტორია როშჩინა, რომელიც რუსების ტყვეობაში სიკვდილის წინ აწამეს

Your browser doesn’t support HTML5

„ვიქტორია, როგორც ადამიანი, როგორც ჟურნალისტი, როგორც კოლეგა, აკეთებდა იმას, რისი გაკეთებაც სხვას არავის შეეძლო ან არ სურდა...“

8 აგვისტოს კიევში ოჯახის წევრებმა, მეგობრებმა და კოლეგებმა უკრაინელი ჟურნალისტის, ვიქტორია როშჩინას გამოსამშვიდობებელი ცერემონია ჩაატარეს.

ის რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაუჩინარდა, შემდეგ კი რუსეთის ტყვეობაში გარდაიცვალა, სადაც, როგორც ჩანს, წამების მსხვერპლი გახდა.

ასევე ნახეთ გატაცებული, გამოკეტილი და ნაწამები ჟურნალისტი - რუსეთის ტყვეობაში გარდაცვლილი ვიქტორია როშჩინას ისტორია

27 წლის ვიქტორია როშჩინა დამოუკიდებელი ჟურნალისტი იყო, რომელიც სხვადასხვა დროს რადიო თავისუფლებასთან და სხვა ცნობილ უკრაინულ მედიასაშუალებებთან თანამშრომლობდა. ის 2023 წლის აგვისტოს დასაწყისში გაუჩინარდა. ერთი წლის შემდეგ, მან ოჯახს რუსული პატიმრობიდან დაურეკა. ამის შემდეგ ოჯახმა ქალიშვილის შესახებ აღარაფერი იცოდა 2024 წლის ოქტომბრამდე, როდესაც ოფიციალურად დადასტურდა მისი გარდაცვალება.

ასევე ნახეთ „7390 როშჩინა ვ.ვ.“ - უკრაინელი ჟურნალისტის ცხედარს წამების ნიშნები აქვს, ის რუსულ “საწამებელ ბანაკებს” იკვლევდა

„ვიქტორია, როგორც ადამიანი, როგორც ჟურნალისტი, როგორც კოლეგა, აკეთებდა იმას, რისი გაკეთებაც სხვას არავის შეეძლო ან არ სურდა“, - განაცხადა კიევში გამართულ ცერემონიაზე რადიო თავისუფლების უკრაინის ბიუროს მთავარმა ციფრულმა რედაქტორმა, ტარას ილკივმა.

ჟურნალისტის მამის, ვოლოდიმირ როშჩინის თქმით, მას რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 2024 წლის მაისში აცნობა, რომ მისი ქალიშვილი დაკავებული იყო და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე იმყოფებოდა, თუმცა მისი დაკავების მიზეზი არ დაუსახელებიათ. 2024 წლის ოქტომბერში კი რუსეთის ხელისუფლებამ როშჩინს განუცხადა, რომ მისი ქალიშვილი ერთი თვით ადრე გარდაიცვალა.

დაიღუპა რუსების ტყვეობაში - კიევში ვიქტორია როშჩინას გამოემშვიდობნენ

2025 წლის 14 თებერვალს უკრაინას გადაეცა ცხედარი ნომერი 757, რომელიც რუსულ დოკუმენტებში „უცნობი მამაკაცის“ სახელით იყო აღნიშნული.

პათოლოგებმა მალევე დაადგინეს, რომ ცხედარი სინამდვილეში ქალის იყო. დნმ-ის ანალიზმა კი 99-პროცენტიანი სიზუსტით აჩვენა, რომ ეს იყო ვიქტორია.

რუსულ დოკუმენტში სიკვდილის მიზეზად მიუთითეს „SPAS“, რაც გულის არტერიების სრულ უკმარისობას აღნიშნავს. ანალიტიკოსების აზრით ამით რუსეთის ხელისუფლება ცდილობდა დაემალათ როშჩინას მიერ გადატანილი წამების მტკიცებულებები.

ასევე ნახეთ „მთლიანად დალურჯებული იყო“ - უკრაინელი ჟურნალისტის ბოლო დღეები

უკრაინის გენერალური პროკურატურის წარმომადგენელმა იური ბელუსოვმა რადიო თავისუფლების „აზოვის ამბების“ სამსახურს განუცხადა, რომ ექსპერტების აზრით „ვიქტორია ნამდვილად იყო ძალადობის მსხვერპლი“.

თუმცა, მან დასძინა, რომ სიკვდილის ზუსტი მიზეზის დადგენა „უკიდურესად რთული“ იქნება იმის გათვალისწინებით, თუ რა მდგომარეობაში დააბრუნეს ცხედარი. ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის როშჩინას გაუჩინარებისა და დაპატიმრების შესახებ ფაქტების დადგენას პასუხისმგებელ პირთა გამოსაძიებლად.

ასევე ნახეთ დადგენილია უკრაინასთან ომში რუსეთიდან დაღუპული 122 883 პირის ვინაობა