ალიევი ფაშინიანს: ერთად წარვადგინოთ პრეზიდენტი ტრამპი ნობელის პრემიაზე

ლიდერებმა სამშვიდობო დეკლარაციაზე ხელმოწერის შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხეს.

თეთრ სახლში სამშვიდობო შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ნიკოლ ფაშინიანს შესთავაზა, ერთად წარადგინონ დონალდ ტრამპი ნობელის მშვიდობის პრემიაზე.

„იქნებ შევთანხმდეთ პრემიერ-მინისტრ ფაშინიანთან, რომ გავუგზავნოთ ერთობლივი მიმართვა ნობელის კომიტეტს, რათა პრეზიდენტ ტრამპს მიენიჭოს ნობელის მშვიდობის პრემია“, - განაცხადა ილჰამ ალიევმა.

ალიევის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ ამ მიმართვის ავტორები იქნებიან ქვეყნების ლიდერები, რომლებიც 35 წლის განმავლობაში იბრძოდნენ ერთმანეთის წინააღმდეგ და ახლა სწორედ დონალდ ტრამპის დამსახურებით მიაღწიეს მშვიდობას.

„სხვა ვინ იმსახურებს ნობელის მშვიდობის პრემიას, თუ არა პრეზიდენტი ტრამპი?!“ - თქვა ალიევმა.

მანამდე ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ის სრულიად უჭერს მხარს დონალდ ტრამპისათვის ნობელის პრემიის მინიჭებას:

„ის იმსახურებს ნობელის მშვიდობის პრემიას. ჩვენ ამას ... ხელს შევუწყობთ. დღევანდელი მოვლენა ამის ნათელი გამოხატულებაა“.

„იმედი მაქვს, მოგვიწვევთ [დაჯილდოების ცერემონიალზე]“ - უთხრა ფაშინიანმა ტრამპს.

„წინა რიგებში“ - უპასუხა ტრამპმა.

ასევე ნახეთ ტრამპმა, ფაშინიანმა და ალიევმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას „ტრამპის მარშრუტსა“ და მშვიდობის დამყარებაზე

ამ განცხადებებამდე მცირე ხნით ადრე შეერთებული შტატების, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობის დამყარების მიზნით.

„დიდი ხანი, 35 წლის განმავლობაში ომობდნენ, ახლა კი მეგობრები არიან. და მეგობრები იქნებიან დიდი ხნის განმავლობაში“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა ხელმოწერის ცერემონიალზე.

მან მადლობა გადაუხადა ილჰამ ალიევსა და ნიკოლ ფაშინიანს. ასევე თქვა, რომ ევროკავშირმა, რუსეთმა და „მძინარე ჯო ბაიდენმა“ არაერთხელ სცადეს მშვიდობის მიღწევა, თუმცა უშედეგოდ.

„ისინი პირობას დებენ, რომ სამუდამოდ შეწყვეტენ ბრძოლას, გახსნიან ვაჭრობას, მოგზაურობას და [დაამყარებენ] დიპლომატიურ ურთიერთობებს და პატივს სცემენ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს“.

ტრამპმა მათ უწოდა „ორი ძალიან განსაკუთრებული ადამიანი“ და რამდენჯერმე გაიმეორა, რომ მათ საკმაოდ კარგი პირადი ურთიერთობები აქვთ ერთმანეთთან.

ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ ერთ-ერთი შეთანხმების დასახელება, - „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის“ - მისი ინიციატივა არ ყოფილა და მხარეებმა შესთავაზეს, რისთვისაც მადლიერება გამოთქვა.

„თქვენ ისტორიაში შეხვალთ“, - ასე მიმართა აშშ-ის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევსა და ნიკოლ ფაშინიანს.

ასევე ნახეთ „ისტორიული დღე“ - ალიევი და ფაშინიანი ტრამპთან