ტრამპის და პუტინის შეხვედრის წინ ევროპის ლიდერები მხარდაჭერას უცხადებენ უკრაინას

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა 9 აგვისტოს ევროპის და უკრაინის მაღალჩინოსნებთან გამართა შეხვედრა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის რეზიდენციაში, ომის დასრულების გზების განსახილველად.

ევროპის ლიდერები მხარს უჭერენ უკრაინას და აცხადებენ, რომ ამ ქვეყანაში მშვიდობა კიევის მონაწილეობის გარეშე ვერ დამყარდება - მათი განცხადება ვრცელდება აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის შეხვედრის წინ.

ტრამპის თქმით, პარასკევს ალასკაში დაგეგმილ ამ შეხვედრაზე ის და პუტინი განიხილავენ უკრაინაში ომის დასრულებას.

პასუხად, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ევროპელ მოკავშირეებს და 10 აგვისტოს პლატფორმაზე X დაწერა: "ომის დასასრული სამართლიანი უნდა იყოს და მე მადლობელი ვარ ყველასი, ვინც უკრაინის და ჩვენი ხალხის გვერდით დგას".

ევროპის ლიდერების განცხადებას წინ უძღოდა თეთრი სახლის დასტური - რომ აშშ-ის პრეზიდენტი მზადაა პუტინს შეხვდეს ფორმატით ერთი-ერთზე, რასაც რუსეთი დიდი ხანია ითხოვს, ასევე მინიშნებები, რომ სამშვიდობო შეთანხმებამ შესაძლოა მოიცვას "ტერიტორიების გარკვეული გაცვლა".

ამან აღძრა შიში, რომ კიევზე შესაძლოა ზეწოლა განხორციელდეს ტერიტორიების დასათმობად, ან სუვერენიტეტის სხვანაირად შელახვის მიზნით.

სააგენტო ასოშიეიტედ პრესი (AP) ავრცელებს თეთრი სახლის ანონიმურად დატოვებული წარმომადგენლის სიტყვებს - რომ ტრამპი ღიაა სამმხრივი შეხვედრისთვის რუსეთისა და უკრაინის ლიდერებთან, მაგრამ ამ ეტაპზე ის ორმხრივ შეხვედრას გამართავს, როგორც ეს პუტინმა ითხოვა.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა 9 აგვისტოს ევროპის და უკრაინის მაღალჩინოსნებთან გამართა შეხვედრა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის რეზიდენციაში, ომის დასრულების გზების განსახილველად.

ტრამპის და პუტინის შეხვედრა შესაძლოა უმნიშვნელოვანესი აღმოჩნდეს ომში, რომელიც დაიწყო რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრით და რომელსაც ემსხვერპლა ათი ათასობით ადამიანი. თუმცა ომის დასრულების პერსპექტივა მკაფიო არ არის, რადგან მოსკოვი და კიევი განსხვავებულ პირობებს აყენებენ მშვიდობისთვის.

9 აგვისტოს გავრცელებული განცხადება, რომელსაც ხელს აწერენ ევროკავშირის პრეზიდენტი და საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, პოლონეთის, ფინეთისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერები, ხაზს უსვამს კიევისთვის "სამართლიანი და სიცოცხლისუნარიანი მშვიდობის" საჭიროებას, "ძლიერი და სანდო" უსაფრთხოების გარანტიების ჩათვლით.

"უკრაინაში მშვიდობის გზა არ შეიძლება გამომუშავდეს უკრაინის გარეშე. ჩვენ ერთგულნი ვრჩებით პრინციპისა, რომ საერთაშორისო საზღვრები ძალის გამოყენებით არ უნდა შეიცვალოს" - წერენ ევროპის ლიდერები.

უკრაინაში ზავის მიღწევისთვის აშშ-ის მხრიდან ერთი თვის განმავლობაში გამოვლენილმა ძალისხმევამ ჯერჯერობით შედეგი არ მოიტანა - მას პრინციპში დათანხმდა კიევი, მაგრამ კრემლი საკუთარი პირობებით გამოვიდა.

ტრამპი ასევე გამოვიდა რუსეთისთვის დამატებითი სანქციების დაწესების და რუსეთის ნავთობის შემსყიდველი ქვეყნებისთვის მეორადი ტარიფების დაწესების ულტიმატუმით - თუ კრემლი კონფლიქტის დასრულებაზე არ იმუშავებდა. ულტიმატუმს პარასკევს გაუვიდა ვადა. AP წერს, რომ თეთრმა სახლმა შაბათს პასუხი არ გასცა კითხვებს შესაძლო სანქციების თაობაზე.

მიმდინარე კვირაში კრემლმა კიდევ ერთხელ გაიმეორა მოთხოვნები - რომ უკრაინამ უნდა დათმოს ტერიტორიები, უარყოს ნატოში გაწევრიანების ძალისხმევა და მიიღოს მისი შეიარაღებული ძალებისთვის დაწესებული შეზღუდვები - ქვეყნის დანარჩენი ტერიტორიიდან რუსეთის ჯარების გაყვანის სანაცვლოდ.

ასევე ნახეთ WSJ: უკრაინამ და ევროპამ აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის საკუთარი გეგმა შესთავაზეს