11 აგვისტოს, გამთენიისას აფეთქებები იყო რუსეთის ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქის ორ რაიონში. მათ შორის ქალაქ არზამასში, სადაც ათზე მეტი მსხვილი საწარმო მდებარეობს. ადგილობრივი ხელისუფლება უკრაინული დრონებით შეტევისა და მსხვერპლის შესახებ იუწყება.
რუსული და უკრაინული ტელეგრამ-არხების ცნობით, არზამასში სამიზნე იყო ქარხანა, რომელიც საავიაციო, სარაკეტო და კოსმოსურ დანადგარებს აწარმოებს.
ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქის გუბერნატორმა გლებ ნიკიტინმა დაადასტურა უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა რეგიონის ორ სამრეწველო ზონაზე. ტელეგრამ-არხზე დილის შვიდი საათისთვის გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ნიკიტინი ასახელებს მხოლოდ არზამასს, სადაც სამიზნე იყო ქარხანა, თუმცა რომელი, არ აკონკრეტებს. გუბერნატორის თანახმად, დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი თანამშრომელი.
მეორე სამრეწველო ზონა, რომელიც გუბერნატორს არ დაუკონკრეტებია, სავარაუდოდ, ქალაქი ძერჟინსკია, სადაც სამხედრო დანიშნულების რამდენიმე საწარმო მდებარეობს. რუსული ტელეგრამ-არხების ცნობით, გამთენიისას ძერჟინსკში რამდენიმე აფეთქება იყო.
„ერთ-ერთ სამოქალაქო საწარმოზე“ დრონებით შეტევისა და მსხვერპლის შესახებ იუწყება ტულის ოლქის გუბერნატორი დმიტრი მილიაევიც. მისი ინფორმაციით, ტულაში დაიღუპა ორი და დაიჭრა სამი ადამიანი.
გასული ღამიდან, რამდენიმე საათის ინტერვალით, სამი უკრაინული დრონის „ჩამოგდების" შესახებ იუწყებოდა მოსკოვის მერი სერგეი სობიანინი. სამივე შემთხვევაში სობიანინმა ტელეგრამ-არხზე მხოლოდ ის დაწერა, რომ „ნამსხვრევების ჩამოცვენის ადგილზე საგანგებო სამსახურების სპეციალისტები მუშაობენ“.
ასევე ნახეთ კრასნოდარში დრონებით შეტევა იყო სავარაუდოდ, სამხედრო ნაწილსა და ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზერუსეთთან ომში მყოფ უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე და ანექსირებულ ყირიმში კანონიერ სამიზნედ აქვს გამოცხადებული სამხედრო ობიექტები და საწარმოები, რომლებიც რუსული არმიის მომარაგებაზე მუშაობენ და ინფრასტრუქტურა, რომელსაც რუსეთის შეიარაღებული ძალები იყენებენ.
განახლება: რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დილის რვა საათისთვის ტელეგრამ-არხით გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, ღამის განმავლობაში „გზად დაიჭირეს და გაანადგურეს“ 32 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი. მათგან 7 - ბელგოროდის ოლქში, 5-5 - ბრიანსკის და კალუგის ოლქებში, 4 - ყირიმის თავზე, 2-2 - ორიოლის, კურსკის, ვორონეჟის და რიაზანის ოლქებსა და მოსკოვის რეგიონში და 1 - ტულის ოლქში.
ჩამონათვალში არ იყო ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქი.
განახლება: დილის ცხრა საათისთვის რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა კიდევ ერთი ინფორმაცია, რომლის მიხედვით, დილის განმავლობაში ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქში ორი დრონი „ჩამოაგდეს".
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, როგორც წესი, არ ასახელებს მოუგერიებელი დრონების რაოდენობას და ხმელეთზე გამოწვეულ შედეგებს.