ლევან ჯანგველაძის შეკვეთილი მკვლელობის საქმეზე გიორგი მიქაძე დააკავეს

გიორგი მიქაძის დაკავების კადრები.

თბილისის ცენტრში, ჭავჭავაძის გამზირზე 14 მარტს მომხდარი მკვლელობის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბიზნესმენი გიორგი მიქაძე დააკავა. მიქაძის დაკავების შესახებ ბრიფინგი შინაგან საქმეთა სამინისტროში თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვაჟა სირაძემ გამართა.

სირაძემ დაკავებულის მხოლოდ ინიციალები დაასახელა, სახელისუფლებო არხმა „იმედმა“ კი აღნიშნა, რომ ძმები გიორგი და დავით მიქაძეებიდან ერთ-ერთი იყო. მოგვიანებით, რადიო თავისუფლებას წყარომ დაუდასტურა, რომ დაკავებულია გიორგი მიქაძე.

ძმები გიორგი და დავით მიქაძეების საქმეში მონაწილეობის შესახებ „TV პირველმა“ არაერთხელ მოამზადა მასალა. ტელეარხის ცნობით, ისინი საქართველოში არ იმყოფებოდნენ. „TV პირველი“ ასევე წერს, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით „კითხვები არსებობს ყოფილ გენერალურ პროკურორთან, ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით, რომელსაც წყარო მკვლელობის ერთ-ერთ ფიგურანტად ასახელებს. ის გამოძიებას არ გამოუკითხავს“.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ძმები დ.მ. და გ.მ. [იგულისხმებიან ძმები მიქაძეები] ბიზნესსაქმიანობასთან დაკავშირებულ და სხვადასხვა საკითხებზე, დაპირისპირებულები იყვნენ ლ.ჯ.-სთან [ლევან ჯანგველაძე] და გააჩნდათ პირადი მტრული მოტივი მის მიმართ, რის გამოც მისი შეკვეთით მკვლელობის ორგანიზება მოახდინეს. დაპირისპირებაში მყოფი პირები დაუკავშირდნენ გ.ჯ.-ს და დანაშაულის სისრულეში მოყვანის მიზნით, პირის მოძიებაში დახმარება სთხოვეს“, - თქვა ვაჟა სირაძემ ვაკეში მომხდარ შეკვეთილ მკვლელობაზე საუბრის დროს.

მისივე ცნობით, დაკავებული კიდევ ორი ადამიანი (გ.კ. და მ.ბ.) და ბრალი დაუსწრებლად წაუყენეს ორ ადამიანს (გ.ჯ.-სა და დ.მ-ს). ერთ-ერთი, ვისაც ბრალი დაუსწრებლად წაუყენეს, გიორგი მიქაძის ძმა, დავით მიქაძეა - დაუსწრებლად ბრალის წაყენება ნიშნავს, რომ მას საქართველოში დაბრუნებისთანავე, საზღვარზე დააკავებენ.

დაკავებულებისა და ბრალდებულების წინააღმდეგ საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის ოთხი მუხლით: შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზების, ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-გასაღების, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვისა და მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდების კვალიფიკაციით (25/109-ე, 236-ე, 375-ე და 370-ე მუხლებით). ამ მუხლებით გათვალისწინებულია 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა.

ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმე

ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის ხმა ვაკეში 14 მარტს, 23:32 საათზე ისმოდა. ლევან ჯანგველაძე, „კანონიერი ქურდის“ მერაბ ჯანგველაძის (მეტსახელად „სოხუმსკის“) ძმა მიყენებული ჭრილობებით ადგილზე გარდაიცვალა.

58 წლის ბიზნესმენი ლევან ჯანგველაძე საქართველოში რამდენიმე დღით იყო ჩამოსული და თბილისის ქუჩებში დაცვის თანხლებით გადაადგილდებოდა. მკვლელობის დროს გადაღებულ კადრებში ჩანდა, რომ მკვლელი ჯანგველაძეს ჭავჭავაძის გამზირზე ელოდებოდა, როცა ერთ-ერთი შენობიდან გამოვიდა, აედევნა, რამდენიმე მეტრი მათთან ერთად გაიარა და შემდეგ ესროლა.

მკვლელობიდან სამ დღეში, 17 მარტს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინფორმაცია გაავრცელა, რომ დააკავეს 1975 წელს დაბადებული გ.უ. მოგვიანებით გაირკვა, რომ გელა უძილაურს განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებოდნენ. მას 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.