ტრამპისა და პუტინის შეხვედრამდე ევროპელებმა და ზელენსკიმ ტრამპთან ილაპარაკეს. რუსეთი უკრაინის ფრონტზე წინ მიდის

13 აგვისტოს რუსეთმა გააძლიერა შეტევა აღმოსავლეთ უკრაინაში. ევროპის ქვეყნების მეთაურებმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ონლაინ მოლაპარაკებები გამართეს, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ალასკაზე დაგეგმილი სამიტის წინ.

AFP-ს მოჰყავს ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის ანალიზი, რომლის თანახმად, რუსეთის ძალებმა 12 აგვისტოს უკრაინაში განახორციელეს ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ყველაზე დიდი - 24-საათიანი - წინსვლა.
13 აგვისტოს დონეცკის რეგიონის ხელმძღვანელობამ საფრთხის ქვეშ მყოფი ქალაქებიდან და სოფლებიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის განკარგულება გასცა.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ბერლინში გაფრინდა და კანცლერ ფრიდრიხ მერცს შეხვდა, სანამ ორივეს ონლაინ რეჟიმში შეუერთდებოდნენ ევროპელი ლიდერები, ასევე ევროკავშირისა და ნატოს ხელმძღვანელები.
ზელენსკი ალასკაში გამართულ შეხვედრაზე არ არის მიწვეული, რაც შიშს იწვევს, რომ კიევს მტკივნეულ დათმობებზე წასვლა მოუწევს.

ზელენსკიმ ოთხშაბათს განაცხადა, რომ თუ რუსეთი ამ კვირაში აშშ-ის პრეზიდენტთან სამიტზე „ცეცხლის დაუყოვნებელ შეწყვეტას“ არ დათანხმდება, რუსეთს ახალი სანქციები დაეკისრება.

„ვიმედოვნებთ, რომ შეხვედრის ცენტრალური თემა ცეცხლის შეწყვეტა იქნება. ცეცხლის დაუყოვნებელი შეწყვეტა“, - განაცხადა ზელენსკიმ ტრამპთან და ევროპელ ლიდერებთან სატელეფონო საუბრის შემდეგ.

მარტში უკრაინა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აშშ-ის წინადადებას დასთანხმდა და განაცხადა, რომ რუსეთთან არსებითი სამშვიდობო მოლაპარაკებები მის გარეშე ვერ გაიმართება.
„მე ვუთხარი ჩემს კოლეგებს, აშშ-ის პრეზიდენტს და ჩვენს ევროპელ მეგობრებს, რომ პუტინს ნამდვილად არ სურს მშვიდობა“, - თქვა ზელენსკიმ.

მან ასევე განაცხადა, რომ რუსეთი „ცდილობს ზეწოლა მოახდინოს უკრაინის ფრონტის ყველა ნაწილზე, ალასკაში შეხვედრის წინ“.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა ოთხშაბათს შეაქო დონალდ ტრამპთან და უკრაინისა და ევროპული ქვეყნების ლიდერებთან „ძალიან კარგი სატელეფონო საუბარი“, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტისა და რუსეთის პრეზიდენტის შეხვედრამდე ორი დღით ადრე შედგა.
„დღეს ევროპამ, აშშ-მ და ნატომ გააძლიერეს უკრაინის საერთო საფუძველი. ჩვენ მჭიდრო კოორდინაციას შევინარჩუნებთ. არავის სურს მშვიდობა ჩვენზე მეტად, სამართლიანი და მდგრადი მშვიდობა“, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა X-ში.

მხოლოდ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის, შეუძლია რუსეთთან ტერიტორიების შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკება, რათა დასრულდეს ომი მისი ქვეყნის წინააღმდეგ, განაცხადა 13 აგვისტოს საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა
ჟურნალისტებთან შეხვედრისას მას მერე, რაც ტრამპთან საუბარი დაასრულა. მაკრონი ფიქრობს, რომ ტრამპი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტისკენ ისწრაფვის.

უკრაინა უნდა იყოს ნებისმიერი შემდგომი მოლაპარაკებების ნაწილი ტრამპსა და პუტინს შორის ალასკაში დაგეგმილი შეხვედრის შემდეგ, განაცხადა გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა 13 აგვისტოს.
„უკრაინა უნდა იმყოფებოდეს მაგიდასთან, როდესაც შემდგომი შეხვედრები გაიმართება“, - თქვა მერცმა ტრამპთან და ევროპელ ლიდერებთან ონლაინ შეხვედრის შემდეგ და დასძინა, რომ „ცეცხლის შეწყვეტა პირველ ადგილზე უნდა იყოს“ ნებისმიერი სამშვიდობო მოლაპარაკებების წინ.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი აცხადებს, რომ ტრამპის მუშაობის წყალობით უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის „სიცოცხლისუნარიანი“ შანსი არსებობს.