16 აგვისტოს პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ „დასრულდა ევროპელ ლიდერებს შორის საუბარი, რომელზეც პრეზიდენტ ტრამპის მიერ მოწოდებული ინფორმაცია და ალასკის შეხვედრის შედეგები შეფასდა“. "გამოქვეყნდა ერთობლივი განცხადება", - დაწერა ტუსკმა X-ზე.
საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან, გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცთან და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერთან, ასევე იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯა მელონისთან ერთად შექმნილ დოკუმენტში წერია, რომ ევროპელი ლიდერები კვლავ ადასტურებენ უკრაინის მხარდაჭერას, და რომ შეინარჩუნებენ ზეწოლას რუსეთზე მანამ, სანამ უკრაინაში ომი არ დასრულდება.
განცხადებაში მითითებულია, რომ ახლა შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს მოლაპარაკება უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და რომ ისინი მზად არიან, ითანამშრომლონ ტრამპთან და ზელენსკისთან სამმხრივი სამიტის მოსამზადებლად.
ტრამპმა პუტინთან ალასკაში მოლაპარაკების შემდეგ განაცხადა, რომ უკრაინა უნდა ემხრობოდეს შეთანხმებას რუსეთთან ომის დასრულების შესახებ. მან თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტი და ის ერთ აზრზე არიან, რომ ამის საუკეთესო გზა არის პირდაპირ სამშვიდობო შეთანხმება და არა ცეცხლის შეწყვეტა, რასაც აქამდე კიევი და მისი ევროპელი მოკავშირეები უარყოფდნენ.
ევროპელების განცხადებაში, რომელსაც ასევე მოაწერეს ხელი ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა, ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ სტუბმა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიუ კოშტამ, ნათქვამია, რომ უკრაინას უნდა ჰქონდეს „რკინასავით მტკიცე“ უსაფრთხოების გარანტიები თავისი ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად.
„უკრაინაზე იქნება დამოკიდებული თავისი ტერიტორიის შესახებ გადაწყვეტილებების მიღება. საერთაშორისო საზღვრები არ უნდა შეიცვალოს ძალის გამოყენებით”, - წერენ ერთობლივ განცხადებაში ევროპის ქვეყნების მეთაურები და აცხადებენ, რომ უკრაინის მხარდაჭერა გაგრძელდება: “ჩვენ მტკიცედ გადავწყვიტეთ, მეტი გავაკეთოთ უკრაინის სიძლიერის შესანარჩუნებლად, რათა მივაღწიოთ საბრძოლო მოქმედებების დასრულებას და სამართლიან და მდგრად მშვიდობას“, - ნათქვამია დოკუმენტში.
„სანამ უკრაინაში ხოცვა გრძელდება, მზად ვართ გავაგრძელოთ ზეწოლა რუსეთზე. ჩვენ გავაგრძელებთ სანქციების და უფრო ფართო ეკონომიკური ზომების გაძლიერებას, რათა ზეწოლა მოვახდინოთ რუსეთის ომის ეკონომიკაზე, სანამ არ იქნება სამართლიანი და მდგრადი მშვიდობა“, - წერენ ევროპის კავშირის წევრი ქვეყნების მეთაურები და ევროკავშირის ხელმძღვანელები ერთობლივ განცხადებაში, რომელიც ალასკის სამიტის შემდეგ გამოქვეყნდა.
აშშ-ის შტატ ალასკაში 15 აგვისტოს გაიმართა აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპის და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა, რომლის დროს მიღწეულ შედეგებზე ინფორმაცია არ გამოქვეყნებულა.
დაიგეგმა ორ დღეში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა ტრამპთან ვაშინგტონში, თეთრ სახლში.
ასევე ნახეთ დონალდ ტრამპი: ომის დასრულების გზა სამშვიდობო შეთანხმებაა და არა ცეცხლის შეწყვეტა