შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დააკავეს ორი პირი, რომლებსაც რუსთაველის გამზირზე აქციის დროს ერთ პირზე ჯგუფური ძალადობა ედებათ ბრალად.
გამოძიების თანახმად, 1992 წელს დაბადებულმა მ.შ.-მ და 1988 წელს დაბადებულმა თ.თ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ჯგუფურად იძალადეს 1988 წელს დაბადებულ ბ.გ.-ზე.
შსს აცხადებს, რომ დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენისა და მათი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით, საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.