აშშ-მა უკრაინას კოლექტიური თავდაცვის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მე-5 მუხლის ანალოგიური უსაფრთხოების გარანტიები შესთავაზა მოსკოვთან მშვიდობის დამყარების შემთხვევაში.
ეს ნიშნავს, რომ ახალი ომის დაწყების შემთხვევაში, გარანტმა ქვეყნებმა შეიარაღებული პასუხი უნდა გასცენ აგრესორს.
ამის შესახებ წერს გაზეთი The Telegraph-ი და ამაზე იტყობინება იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯა მელონი, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან საუბრის შემდეგ.
ამ თემის განხილვა დაადასტურეს CNN-მა და „უკრაინსკა პრავდამ“.
Telegraph-ის ცნობით, ვაშინგტონის წინადადება გულისხმობს, რომ უკრაინა ასეთ გარანტიებს არა მხოლოდ აშშ-ისგან, არამედ მისი ევროპელი მოკავშირეებისგანაც მიიღებს. გავრცელებული ინფორმაციით, მოსკოვი ამას დაეთანხმა.
2022 წელს ასეთი გარანტიების შესახებ შეთანხმება შევიდა მოსკოვსა და კიევს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების პროექტში, რომელსაც ორი ქვეყნის მოლაპარაკების ჯგუფები განიხილავდნენ. ხელშეკრულების პროექტის თანახმად, გარანტი ქვეყნები უნდა ყოფილიყვნენ აშშ, რუსეთი, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და ჩინეთი. კიევს სიაში თურქეთის, ხოლო მოსკოვს ბელარუსის შეყვანა სურდა, წერს ჟურნალი Foreign Affairs-ი.
გამოცემის ცნობით, კიევსა და მოსკოვს, ვაშინგტონისგან უკრაინისთვის გარანტიებზე შეთანხმებისას, დაავიწყდათ შეერთებული შტატებისგან თანხმობის გარანტიის მიღება. არსებობს მოსაზრება, რომ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ერიდებოდა ასეთ გარანტიებზე დათანხმებას, რათა რუსეთთან ომის მდგომარეობაში არ აღმოჩენილიყო, თუ ის უკრაინაში ხელახლა შეჭრას გადაწყვეტდა.