უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრისას უარი განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მოთხოვნაზე დონეცკის ოლქის მთლიანად დათმობის შესახებ - ფრონტის სხვა ხაზების გაყინვის სანაცვლოდ.
ამ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო Reuters საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტების საუბარი საათნახევარი გაგრძელდა. მას ევროპელი და ნატო-ს ლიდერებიც შეუერთდნენ.
სააგენტო "როიტერსი" თავის წყაროებზე დაყრდნობით ასევე წერს, რომ პუტინის მოთხოვნებს შორის იყო:
- უკრაინის უარი ნატო-ში გაწევრიანებაზე.
- ყირიმის აღიარება რუსეთის ფედერაციად.
- რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების ნაწილის მოხსნა.
- უკრაინაში რუსული ენის და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ოფიციალურ სტატუსი.
- უკრაინამ უნდა გაიყვანოს ჯარი დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებიდან.
- მოსკოვი დააბრუნებს ხარკოვისა და სუმის ოლქების ნაწილს.
- რუსეთის გაყინავს ფრონტის ხაზს ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში.
ორშაბათს ვაშინგტონში დაგეგმილია დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა. Reuters-ის წყაროები ადასტურებენ, რომ ტრამპსა და ზელენსკის შორის მოლაპარაკებებში მონაწილეობის მისაღებად მიწვეული არიან ევროპელი ლიდერებიც.
დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა 15 აგვისტოს ალასკაში, ამერიკულ სამხედრო ბაზაზე გაიმართა. ეს იყო აშშ-რუსეთის პირველი სამიტი უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბური ომის დაწყების შემდეგ.
ლიდერების მოლაპარაკებები სამ საათს გაგრძელდა.
ასევე ნახეთ პუტინს - წითელი ხალიჩა. ტრამპს - ჯერ არაფერიშეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტმა ტრამპმა აღნიშნა, რომ შეხვედრა "პროდუქტიული" იყო. იქვე დაამატა, რომ ის ზელენსკის იმავე დღეს დაურეკავდა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 16 აგვისტოს განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე, უკრაინაში კონფლიქტის დასრულების გზები „სამართლიან საფუძველზე“ განიხილა.
„საუბარი იყო ძალიან გულწრფელი, შინაარსიანი და, ჩემი აზრით, [ის] გვაახლოებს საჭირო გადაწყვეტილებებთან“, -თქვა პუტინმა.
ალასკის სამიტი კონკრეტული შეთანხმების გარეშე დასრულდა. მას ორივე მხარე დადებითად აფასებს.
ასევე ნახეთ ზელენსკი ტრამპს ორშაბათს ვაშინგტონში შეხვდება