რიაზანში იარაღის ქარხანაში აფეთქების შედეგად დაღუპულთა გამო გლოვა გამოაცხადეს

აფეთქების ადგილი

რიაზანის ოლქში, ორშაბათი, 18 აგვისტო, გლოვის დღედ გამოცხადდა იარაღის ქარხანა „ელასტიკის“ აფეთქების შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად - განაცხადა რეგიონის გუბერნატორმა პაველ მალკოვმა. შაბათს დაღუპულთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა და ადგილზე ნანგრევების გაწმენდა კვლავ მიმდინარეობს.

პარასკევს დილით, საბრძოლო მასალისა და საავიაციო იარაღის მწარმოებელი ქარხნის დენთის საამქროში ხანძარი და აფეთქება მოხდა. საამქროს შენობა მთლიანად განადგურდა.

წინასწარი ინფორმაციით, აფეთქების მიზეზი უსაფრთხოების წესების დარღვევა იყო.

დაშავდა 130 ადამიანი, მათგან 29 საავადმყოფოშია გადაყვანილი, – განაცხადა ოპერატიულმა შტაბმა. გლოვის დღეს რეგიონში სახელმწიფო დროშები დაეშვება, კულტურულ დაწესებულებებს, მაუწყებელ მედიას და ორგანიზაციებს რეკომენდაცია მიეცათ, გააუქმონ გასართობი ღონისძიებები და პროგრამები.