მესაზღვრისთვის 100 დოლარის ქრთამის შეთავაზებისთვის რუსეთის მოქალაქე დააკავეს

ფოტო არქივიდან. სასაზღვრო გამშვები პუნქტი

საქართველოს პროკურატურამ ქრთამის მიცემის ფაქტზე რუსეთის მოქალაქეს ბრალი წარუდგინა.

უწყების თანახმად რუსეთის მოქალაქემ, საქართველოში, დარიალის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე საზღვრის ავტომანქანით გადმოკვეთისათვის საჭირო დოკუმენტების გარეშე შემოსვლის სანაცვლოდ, მესაზღვრე-კონტროლიორს ქრთამის სახით 100 აშშ დოლარი შესთავაზა. ბრალდებული ადგილზე დააკავეს.

"დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ქრთამის მიცემა, უკანონო ქმედების ჩასადენად) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად, ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. ბრალდების მხარე დაკავებულისთვის პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.

მანამდე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია 1986 წელს დაბადებული უცხო ქვეყნის მოქალაქე ს. გ.-ს დაკავების შესახებ. უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლით, რაც ყალბი დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადება, გასაღება ან გამოყენებას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება.