ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულების, თორნიკე გოშაძისა და ირაკლი მიმინოშვილის წინააღმდეგ პროკურატურის ვიდეომტკიცებულება დამონტაჟებულია, - ეს დაადგინა ექსპერტიზამ, რომელიც მათი ადვოკატის, ნინო ლომინაძის მოთხოვნით სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ ჩაატარა.
რა იგულისხმება მონტაჟში?
ადვოკატის განმარტებით, ექსპერტიზაზე გაგზავნა თორნიკე გოშაძისა და ირაკლი მიმინოშვილის ამსახველი ის ვიდეოები, რომლებიც პროკურატურამ მოიპოვა და მათ წინააღმდეგ საქმეს დანაშაულის ჩადენის მტკიცებულებად დაურთო და ორი კითხვა დასვა:
1. არის თუ არა წარდგენილი ვიდეომასალა უწყვეტი?
2. ვიდეომასალაზე არის თუ არა მონტაჟის კვალი?
თორნიკე გოშაძის შემთხვევაში ექსპერტმა სალომე ჩოლოყაშვილმა დაწერა, რომ ვიდეოჩანაწერი ოთხი დამოუკიდებელი გამოსახულებისგან შემდგარი დამონტაჟებული სიუჟეტია, აქვს სამი წყვეტა და მონტაჟი გამოვლენილია ოთხი დამოუკიდებელი გამოსახულების გადაბმის გზით.
ამასთან, ექსპერტი ცალკე აღნიშნავს, რომ „ვიდეოჩანაწერების სიუჟეტებზე ცალკე აღებული დამუშავების კვალი არ ფიქსირდება“.
ამავე დასკვნიდან ირკვევა, რომ თორნიკე გოშაძის კადრს, რომელშიც ის რაღაც ნივთს ისვრის, ამ ვიდეოს ავტორებმა მიაბეს კადრი, რომელშიც პოლიციელები ჩანან.
„ბრალდებას თავისი ვერსიის გასამყარებლად სჭირდებოდა, რომ თორნიკე გოშაძე ისვრის პოლიციელების მიმართულებით", - ამბობს ადვოკატი.
ირაკლი მიმინოშვილის შემთხვევაშიც იდენტური შედეგია, ერთი განსხვავებით, აქ სამის ნაცვლად ორი წყვეტაა, ერთმანეთზე კი სამი დამოუკიდებელი გამოსახულებაა გადაბმული.
ორივე ბრალდებულს ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა ედება ბრალად და 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ადვოკატი ნინო ლომინაძე ეყრდნობა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსს და ამბობს:
„პროკურატურას ბრალი ვიდეოებზე აქვს აგებული, მთავარი მტკიცებულებაა. ექსპერტიზით დადგინდა, რომ ამ ვიდეოებში პოლიციელების მონაკვეთები მონტაჟია. ნებისმიერი ჩარევა მტკიცებულებაში არ შეიძლება, გადაბმაა, მონტაჟის კვალი თუ რა, საბოლოოდ შედეგია ის, რომ უკვე მტკიცებულება აღარ არის უტყუარი. ვიდეო ბრალდების მთავარი მტკიცებულებაა, სასამართლომ ვერ უნდა გაიზიაროს ისინი".
ბრალდების ვიდეომტკიცებულებები, რომლებიც საქმეში დევს, ან სოციალური ქსელიდანაა, ან შსს-ს ოპერატორების გადაღებულია. პროკურატურას არ ჩაუტარებია ექსპერტიზა იმის დასადგენად, დამონტაჟებულია თუ არა კადრები. მათ მხოლოდ ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა დანიშნეს, რაც "პირის ამოცნობას" გულისხმობს.
ადვოკატების კითხვაზე, რატომ არ დანიშნეს მონტაჟის კვალის დასადგენად დამატებითი კვლევები, პროკურორებმა და მათმა მოწმე ექსპერტებმა ერთნაირად უპასუხეს, რომ „საჭიროება ვერ დაინახეს". მათი თქმით, გამოსახულებაზე, რომლითაც ვინაობა უნდა დაედგინათ, მონტაჟის კვალი არ იყო და ამის მიღმა კვლევა ბრალდებას არ სჭირდებოდა.
ამას გარდა, შსს-ს ექსპერტებმა დაკითხვისას დაადასტურეს, რომ ეს ვიდეოები „რამდენიმე ვრცელი უწყვეტი კადრის ერთობლიობაა".
მონტაჟის კვალის დასადგენად ექსპერტიზა ჯგუფური ძალადობის მეორე საქმეზეც დაინიშნა. გური მირცხულავასა და ჯანო არჩაიას ადვოკატმა ომარ ფურცელაძემ ექსპერტს სამი კითხვა დაუსვა:
- აქვს თუ არა ვიდეოებს მონტაჟის კვალი?
- შესაძლებელია თუ არა იმ ნივთების რაობისა და წონის დადგენა, რომლებსაც, სავარაუდოდ, ბრალდებულები ისვრიან?
- რა ტრაექტორია გაიარეს მათ და შეეძლოთ თუ არა ამ გზით პოლიციელის დაზიანება?
დასკვნამ აჩვენა, რომ:
- გური მირცხულავას წინააღმდეგ პროკურატურის ვიდეო დამონტაჟებულია;
- ჯანო არჩაიასა და გური მირცხულავას შემთხვევაში შეუძლებელია ნასროლი ნივთის იდენტიფიცირება, თუმცა შესაძლებელია მისი მიმართულების განსაზღვრა, ანუ დადგენა, შეიძლებოდა თუ არა ასე ნასროლი ნივთი სამართალდამცველს მოხვედროდა.
სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის საფუძველზე – ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა – საქალაქო სასამართლოში ორი საქმე განიხილება და ჯამში 19 ბრალდებულს აერთიანებს.
ერთ ჯგუფში 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში მასობრივი სახალხო გამოსვლების მონაწილე რვა დემონსტრანტია: ნიკოლოზ ჯავახიშვილი, თორნიკე გოშაძე, ირაკლი მიმინოშვილი, გიორგი გორგაძე, ინსაფ ალიევი, ზვიად ცეცხლაძე, ვეფხვია კასრაძე, ვასილ კაძელაშვილი. ამ სიაში ბოლო სამს ჯგუფური ძალადობის ორგანიზება ედება ბრალად.
მეორე ჯგუფში - 11: ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, გურამ მირცხულავა, ჯანო არჩაია, ლუკა ჯაბუა, რუსლან სივაკოვი, რევაზ კიკნაძე, გიორგი ტერაშვილი, ვალერი თეთრაშვილი, სერგეი კუხარჩუკი და ირაკლი ქერაშვილი. თერთმეტივეს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდება აქვს წაყენებული.
ასევე ნახეთ ადვოკატის მტკიცებულება - რა წერია მირცხულავასა და არჩაიაზე ალტერნატიულ ექსპერტიზაშიჯგუფური ძალადობის საქმეების პროკურორებმა ვახტანგ ცალუღელაშვილმა და ვაჟა თოდუამ, ნინო ლომინაძის დასკვნა უდავოდ ცნეს, რაც ნიშნავს, რომ იქ ასახულ ინფორმაციას დაეთანხმნენ.
ომარ ფურცელაძის შემთხვევაში კი სადავოდ გახადეს და სასამართლოში ექსპერტიზის დასკვნის ავტორიც გამოჰკითხეს.
რას შეცვლის ადვოკატების მიერ სასამართლოში მიტანილი ექსპერტიზის დასკვნის შედეგები? - ეს მოსამართლეებმა უნდა შეაფასონ. ამ საქმეებს თამარ მჭედლიშვილი [8 ბრალდებული] და ნინო გალუსტაშვილი [11 ბრალდებული] განიხილავენ.
ფორმალურად, ორ სხვადასხვა საქმეზე, პროკურატურას ერთი და იგივე მოწმეები ჰყავს დაზარალებულის სტატუსით. ყველა ბრალდებული თბილისში რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციების პარალელურად დააკავეს და ამ აქციებზე ჯგუფური ძალადობა დასდეს ბრალად.
2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ თბილისსა და სხვა ქალაქებში იმართება პროევროპული აქციები ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისა და აქციებზე დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნით. პროტესტი გამოიწვია „ქართულ ოცნებაში“ 2024 წლის 28 ნოემბერს მიღებულმა გადაწყვეტილებამ, რომლის მიხედვითაც, „2028 წლამდე“ არ დააყენებენ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.
პოლიციამ დააკავა 500-მდე ადამიანი, მათ შორის 50-მდე სისხლის სამართლის წესით. გამოძიების დაწყებიდან რვა თვის თავზე არცერთი სამართალდამცავი, რომლებმაც აქციის მონაწილეებზე, მათ შორის ჟურნალისტებზე იძალადეს, არც გამოვლენილი და არც დასჯილი არაა.
სასამართლო განხილვებისას დადასტურდა, რომ ისინი ნამდვილად იყვნენ საპროტესტო აქციაზე, ისროდნენ რაღაც ნივთებს იმ მიმართულებით, სადაც აქციების დროს სამართალდამცველები იდგნენ, თუმცა:
- ვერცერთმა სამართალდამცველმა ვერ ამოიცნო ბრალდებულებში თავიანთი დამზიანებელი;
- ყველა მათგანმა სიტყვა-სიტყვით გაიმეორა ერთი და იგივე, რომ იყო სიბნელე და ამიტომ ვერ მოახერხეს დაენახათ, ვისი ნასროლი ქვით ან პიროტექნიკით დაზიანდნენ;
- ამის მიუხედავად, მაინც აქვთ პრეტენზია ბრალდებულებთან, იმ შემთხვევაში, თუ ჯგუფურ დანაშაულში მონაწილეობა დაუდასტურდებათ;
- ვიდეომტკიცებულებებში მხოლოდ სროლის კადრებია, არ ჩანს, სად ეცემა ნასროლი „რაღაც ნივთები“ და ხვდება თუ არა პოლიციელებს.