იარაღის სროლის გამო პასუხისგებაში მისცეს ყოფილი პოლიციელი, რომელიც ბრალდებულმა გაუპატიურების მუქარაში დაადანაშაულა

ირაკლი მუხათგვერდელი

ყოფილი პოლიციელი ირაკლი მუხათგვერდელი, რომელსაც პროევროპული აქციების დროს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ანასტასია ზინოვკინა გაუპატიურების მუქარაში ადანაშაულებს, პასუხისგებაში იარაღის სროლის გამო მისცეს.

პოლიციელი ახლა თავისუფალია - მან საპატიმრო დაკავებიდან რამდენიმე დღეში, 10 000-ლარიანი გირაოთი დატოვა. შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ირაკლი მუხათგვერდელი იმ დროიდან მათი თანამშრომელი აღარ არის მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის აღძვრის გამო.

ირაკლი მუხათგვერდელი ერთ-ერთია იმ პოლიციელებს შორის, რომლებმაც ანასტასია ზინოვკინა და არტიომ გრიბული გასული წლის 17 დეკემბერს დააკავეს თბილისში, საბურთალოზე.

„ირაკლიმ [მუხათგვერდელმა] მითხრა, თუ თავს კიდევ მიატრიალებ, გაგაუპატიურებ, მიზანმიმართულად იმეორებდა, რომ გამაუპატიურებდა, მემუქრებოდა... დაქვემდებარებულ თამაშებს ატარებდა, რომ შენ თუ ამას არ გააკეთებ, თუ არ მომცემ ტელეფონის პაროლს, გასაღებს, გაგაუპატიურებ - ასეთი პასუხი ჰქონდა“, - უამბო ერთ-ერთ სასამართლო სხდომაზე ანასტასია ზინოვკინამ მოსამართლეს, რომელიც მის წინააღმდეგ ნარკოდანაშაულის ბრალდებით აღძრულს საქმეს განიხილავს.

ასევე ნახეთ უკრაინისა და რუსეთის მოქალაქეები ქართულ ციხეში - რატომ მიიჩნევენ თავს პოლიტპატიმრებად?

ირაკლი მუხათგვერდელის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის შესახებ ონლაინგამოცემა „პუბლიკამ“ გუშინ, 18 აგვისტოს მოამზადა მასალა. პროკურატურის ცნობით, მუხათგვერდელმა 24 მაისს, თბილისში ავტომანქანიდან გზის საპირისპირო სამოძრაო ზოლის მიმართულებით რამდენჯერმე ისროლა ცეცხლსასროლი იარაღიდან.

ზუსტად იმ დღეს, 24 მაისს ტელეკომპანია „ფორმულამ“ გაავრცელა ვიდეოკადრები, რომელშიც ასახული იყო გმირთა მოედანზე ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის ფაქტი. რადიო თავისუფლებას წყარომ უთხრა, რომ ირაკლი მუხათგვერდელს ბრალი ამ შემთხვევის გამო წაუყენეს, თუმცა ოფიციალურ უწყებებს ამ საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.

ყოფილ პოლიციელს ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ხულიგნობის გამო (სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მესამე ნაწილი). როგორც პროკურატურის პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, მას სასამართლომ თავდაპირველად აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა, შემდეგ კი 10 000-ლარიანი გირაოთი დატოვა საპატიმრო.