რუსეთის გენპროკურატურა მოითხოვს ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოცხადდეს ყოფილი დეპუტატის ოჯახი

მაგომედ გაჯიევი

რუსეთის გენერალური პროკურატურა მოითხოვს ექსტრემისტულ ორგანიზაციად აღიარონ სახელმწიფო სათათბიროს ყოფილი დეპუტატის, მაგომედ გაჯიევის ოჯახი - თავად ის, მისი პარტნიორი, ვაჟი და და.

ოჯახს უწოდეს "გაერთიანება, რომელიც გამოხატავს მხარდაჭერას რუსეთის მიმართ მტრულად განწყობილი უცხოური სახელმწიფოების, მათ შორის, უკრაინის და მისი შეიარაღებული ფორმირებების მიმართ", - წერს გამოცემა rbc.

გამოქვეყნებული მასალის თანახმად, გენპროკურატურა მიიჩნევს, რომ უცხოეთში გადასახლებული გაჯიევის ოჯახი "უცხოეთიდან იმართება", და მიმართულია "რუსეთის მცხოვრებთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, საზოგადოების და სახელმწიფოს უსაფრთხოების წინააღმდეგ". იგეგმება დეპუტატის და მისი ნათესავების მთელი ქონების კონფისკაცია. საქმის მოპასუხეებს შორის არიან გაჯიევის მამა, სიძე და მისი პარტნიორის, ნატალიას მშობლები.

განცხადებაში ნათქვამია, რომ "ერთიანი რუსეთის" ყოფილმა დეპუტატმა დახურული ინფორმაციის გადაცემისთვის აშშ-ის ხელისუფლებისგან უკვე მიიღო თანხა, არანაკლებ 45 მილიონი დოლარის ოდენობით. პოლონეთში გამომავალი GEOPolityka მარტში წერდა, რომ ამერიკულ ბანკში გაჯიევის ანგარიშზე ინახება 46 მილიონი დოლარი. იუწყებოდნენ, რომ აშშ-ის საგადასახადო სამმართველომ ბანკ Wells Fargo-ს სთხოვა არ დაეხურა ანგარიში, იმიტომ, რომ ყოფილმა დეპუტატმა ღირებული ინფორმაცია ჩაიტანა და ამისთვის საფასური მიიღო.

გაჯიევი ოთხი მოწვევის პარლამენტში იყო დეპუტატი "ერთიანი რუსეთიდან", 2004-2021 წლებში, მანამდე მუშაობდა დაღესტნის საგადასახადო სამინისტროს ხელმძღვანელის მოადგილედ. იგი დიდი ხნის განმავლობაში იყო მილიარდერ სულეიმან კერიმოვის ბიზნესპარტნიორი.

2023 წელს დეპუტატის სახელი დაუმატეს ე.წ. "უცხოეთის აგენტების" რეესტრს. რუსეთში მის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, მკვლელობასთან კავშირით. გასული წლის ივლისში გამოცემა "პროექტი" იუწყებოდა, რომ გაჯიევის დევნა რუსეთში უკავშირდება მის კონფლიქტს მილიარდერ კერიმოვთან.

ასევე ნახეთ აშშ-ში აუქციონზე გაყიდიან სანქცირებული რუსი ოლიგარქის იახტას