„ქართულ FARA-ზე“ ევროსაბჭოს ექსპერტთა საბჭოს დასკვნის შემდეგ არასამთავრობოები სასამართლოს მიმართავენ

ორგანიზაციების განცხადების შემდეგ დღესვე ცნობილი გახდა, რომ შვიდი ქართულ სამოქალაქო ორგანიზაციას საბანკო ანგარიშები დაუყადაღეს.

„ქართულ FARA-ზე“ ევროსაბჭოსთან არსებული სპეციალური ექსპერტთა საბჭოს კრიტიკული დასკვნის შემდეგ, ქართული სამოქალაქო ორგანიზაციები გეგმავენ, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის ბრძანება სასამართლოში გაასაჩივრონ.

„ივანიშვილ-კუპრაშვილის ანტიკორუფციული ბიუროს მიერ რეპრესირებული ორგანიზაციები მივმართავთ თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოვითხოვთ იმ ნორმატიული აქტის გაუქმებას, რომლითაც დაწყებულია ჩვენს მიმართ ე.წ. მოკვლევა“, - განაცხადა დღეს მათმა წარმომადგენელმა, გიორგი ბურჯანაძემ.

ევროსაბჭოს ექსპერტთა დასკვნა

წინა დღეს, 2025 წლის 26 აგვისტოს გამოქვეყნდა ევროპის საბჭოსთან არსებული ექსპერტთა საბჭოს მოსაზრება საქართველოს სადავო პარლამენტის მიერ 2025 წლის 1 აპრილს მიღებულ „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით.

ეს ის კანონია, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო, როგორც „ამერიკული FARA-ს ანალოგი“, - მიუხედავად არაერთი კონტექსტური განსხვავებისა და საერთაშორისო პარტნიორებისგან გაფრთხილებებისა.

საბჭოს დასკვნა ამბობს, რომ კანონის არაერთი დებულება არ არის გაწერილი ისე, როგორც ეს საჭიროა მაშინ, როდესაც ხდება ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების კანონის გზით შეზღუდვა.

ასევე წერია, რომ კანონით გათვალისწინებული ზომები არ არის ისეთი, რომელიც შეიძლება აუცილებლად ჩაითვალოს დემოკრატიულ საზოგადოებაში.

ციტატები დოკუმენტიდან

ექსპერტთა საბჭო ასკვნის, რომ:

  • კანონში მოცემული ზომები ძალიან სერიოზულ გავლენას მოახდენს გაერთიანების თავისუფლების უფლებასა და რამდენიმე სხვა ფუნდამენტურ უფლებაზე;
  • „უფრო ფუნდამენტურად, არსებობს სერიოზული ეჭვები იმასთან დაკავშირებით, შეიძლება თუ არა კანონში არსებული დებულებების, სულ მცირე, გარკვეული ნაწილის მიღება ჩაითვალოს ლეგიტიმური მიზნის მქონედ“;
  • ეს აქტი უკრძალავს არასამთავრობო ორგანიზაციებს უცხოური მხარდაჭერის მიღებას, მაშინაც კი, როდესაც მათი მიზნები შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს;
  • იგი ასევე მოითხოვს მათგან პერსონალური მონაცემების გადაჭარბებული რაოდენობის გამჟღავნებას. ხელისუფლებას შეუძლია მოითხოვოს შეუზღუდავი დამატებითი ინფორმაცია, რაც ქმნის გაურკვევლობას და ზეწოლას;
  • კანონი ასევე აკისრებს არასამთავრობო ორგანიზაციებს ჩანაწერების შენახვის მძიმე ვალდებულებებს. ამასთანავე, მასში დადგენილი ჯარიმები ზედმეტად მკაცრია;
  • ერთად აღებული, ეს ზომები არ შეიძლება ჩაითვალოს აუცილებლად დემოკრატიულ საზოგადოებაში;
  • „ამ ვითარებაში, კანონის აღსრულება სერიოზულ და გაუმართლებელ ზიანს მიაყენებს სამოქალაქო საზოგადოებას საქართველოში, იქნება შეუსაბამო ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულებების ფართო სპექტრთან და, შესაბამისად, სრულიად არაპროპორციული იქნება“;
  • „ამდენად, მიზანშეწონილი იქნება კანონის გაუქმება და მისი დებულებების აღსრულების ნებისმიერი ნაბიჯისგან თავის შეკავება“ - ასეთია მოსაზრების დოკუმენტის ბოლო წინადადება.
ასევე ნახეთ 40-მდე კანონი 5 თვეში - რა მოასწრო „ქართული ოცნების“ პარლამენტმა საგაზაფხულო სესიაზე

რა არის ექსპერტთა საბჭო?

ექსპერტთა გაერთიანების სრული სახელია „არასამთავრობო ორგანიზაციების კანონმდებლობის ექსპერტთა საბჭო“ - მოკლედ, უბრალოდ, „ექსპერტთა საბჭო“.

ეს არის საექსპერტო ფლანგი ევროსაბჭოსთან არსებული „საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების კონფერენციისა“ (CINGO).

დოკუმენტს ახლავს ტრადიციული ჩანაწერი, რომ „ნაშრომში გამოთქმული მოსაზრებები ავტორ(ებ)ის პასუხისმგებლობაა და არ ასახავს ევროპის საბჭოს ოფიციალურ პოლიტიკას“.

„ექსპერტთა საბჭო“ შეიქმნა 2008 წელს „კონფერენციის“ (CINGO) მიერ - მიზანი სხვადასხვა ქვეყანაში არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებული კანონმდებლობის შესწავლა იყო.

ასევე, საბჭოს მიზანია, დაეხმაროს ქვეყნებს, დაუახლოონ თავიანთი კანონმდებლობა ევროპულ სტანდარტებსა და საუკეთესო პრაქტიკას.

რაც შეეხება უშუალოდ ექსპერტებს, - საბჭოს აკომპლექტებს სხვადასხვა ქვეყნიდან სხვადასხვა გამოცდილების მქონე მაღალი სანდოობის 15 ექსპერტი. ისინი არჩეულნი არიან 2021 წელს და უფლებამოსილების ვადა 2027 წელს ეწურებათ.

  • საბჭოს პრეზიდენტია ჯერემი მაკბრაიდი, რომელიც სპეციალიზებულია საქმისწარმოებაში ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოსა და გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტში; მაკბრაიდის თანაავტორობით მომზადდა 2007 წელს საქართველოს სარჩელი სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ, - 2006 წელს რუსეთიდან ქართველების მასობრივი დეპორტაციის საქმეზე; მაკბრაიდი 2021 წელს მიხეილ სააკაშვილსაც წარმოადგენდა სახელმწიფოს წინააღმდეგ დავაში, რომელიც ექსპრეზიდენტმა წააგო.
  • ექსპერტთა საბჭოს წევრებს შორის არიან მრავალწლიანი გამოცდილების მქონე უფლებადამცველები და იურისტები ბელგიიდან, ჰააგიდან, ლონდონიდან, სტოკჰოლმიდან, რუსეთიდან, ბუდაპეშტიდან თუ სტრასბურგიდან.


რას აპირებენ ქართული არასამთავრობოები?

რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის სახელით დღეს, 27 აგვისტოს, განცხადება გააკეთა სამოქალაქო საზოგადოების ფონდის იურისტმა, გიორგი ბურჯანაძემ.

ორგანიზაციები ითხოვენ ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის, რაჟდენ კუპრაშვილის ბრძანების გაუქმებას, ამ მოთხოვნით კი სასამართლოს მიმართავენ - რათა გაუქმდეს ის ნორმატიული აქტი, რომლითაც მათ წინააღმდეგ სააგენტომ „მოკვლევა“ დაიწყო.

„2025 წლის 31 მაისის ბრძანებით, რაჟდენ კუპრაშვილმა თავის თავს და ანტიკორუფციულ ბიუროს იმაზე მეტი უფლებამოსილება მიანიჭა ვიდრე ეს განსაზღვრულია „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტში“. მას შეუძლია დაიწყოს მოკვლევა, ინსპექტირება, მიმართოს სასამართლოს ყადაღის დადების მოთხოვნით იმ ორგანიზაციების მიმართ ვისაც მიაჩნია რომ არ უნდა დარეგისტრირდნენ შესაბამის რეესტრში. ამგვარი უფლებამოსილებები უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტში არ არის გაწერილი და ფორმალური საკანონმდებლო საფუძვლის გარეშე მოხდა მათი მიღება“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

ორგანიზაციების შეფასებით, ეს გარემოება იწვევს „ქართველი ხალხის ინტერესების სასარგებლოდ მომუშავე ორგანიზაციების უფლებების დარღვევას“: „ჩვენი უფლებები იზღუდება კანონმდებლობისა და კონსტიტუციის დარღვევით მიღებული ნორმების საფუძველზე. თბილისის საქალაქო სასამართლოსგან ვითხოვთ 2025 წლის 31 მაისის ბრძანების ცალკეული დებულებების ბათილად გამოცხადებას ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის საფუძველზე მათი უკანონობის გამო“, - განაცხადა მან.

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლები

მისი თქმით, ორგანიზაციების მოთხოვნას - სრულად ადასტურებს ევროპის საბჭოსთან არსებული სპეციალური ექსპერტთა საბჭოს (Conference of INGOs) სამართლებრივი დასკვნა, რომელიც წინა საღამოს გამოქვეყნდა.

„ამ დასკვნის მიხედვითაც „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“ არღვევს გაერთიანების და გამოხატვის თავისუფლებას და პირადი ცხოვრების უფლებას, მათ შორის იმის გამო, რომ კანონში არსებული ბუნდოვანი დებულებები ადამიანის უფლებების მრავალგზის შეზღუდვის შესაძლებლობას ითვალისწინებენ“, - თქვა გიორგი ბურჯანაძემ.

„ჩვენ ვაპირებთ გამოვიყენოთ ყველა ჩვენს ხელთ არსებული სამართლებრივი ბერკეტი, რათა წინ აღვუდგეთ რეპრესირებულ კანონებს და მოგვეცეს ქართველი ხალხის და სახელმწიფოს სასარგებლო საქმიანობის გაგრძელება“, - განაცხადა მან.

ორგანიზაციების განცხადების შემდეგ დღესვე ცნობილი გახდა, რომ შვიდი ქართულ სამოქალაქო ორგანიზაციას საბანკო ანგარიშები დაუყადაღეს.

ამჯერად საფუძველი არა ანტიკორუფციული სააგენტოს მიმართვა და „FARA“, არამედ პროკურატურის გამოძიება გახდა „საბოტაჟის საქმეზე“ - რომლის ფარგლებშიც მარტში დააყადაღეს საქველმოქმედო ორგანიზაციები, მათ შორის „ნანუკას ფონდი“.

ასევე ნახეთ შვიდი სამოქალაქო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშებს ყადაღა დაადეს

2025 წლის 31 მაისიდან ძალაში შევიდა სადავო პარლამენტის მიერ, 1 აპრილს მიღებული კანონი „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“ ე.წ."ქართული FARA", რომლის აღსრულებაზე პასუხისმგებელი ორგანოა ანტიკორუფციული ბიურო.

ეს კანონი, ამერიკული FARA-სგან განსხვავებით, მიზანში იღებს დამოუკიდებელ სამოქალაქო ორგანიზაციებსა და მედიას. წესდება სისხლის სამართლის წესით გასამართლების მექანიზმი - კერძოდ, კანონი მოიცავს რეგისტრაციის, შესაბამისი დოკუმენტაციის საჯაროობის მოთხოვნას და ყოველწლიური საფინანსო დეკლარაციის წარდგენის ვალდებულებას.

ასევე ნახეთ "ეს რეპრესიული ზომები საფრთხეს უქმნის საქართველოს" – ევროპული შეფასებები ე.წ. ქართული FARA-ს ამოქმედებაზე