აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გამოვიდა წინადადებით ომის დასრულების შემდეგ უკრაინაში ჩინელი მშვიდობისდამცველების განთავსების თაობაზე - წერს გამოცემა Financial Times-ი წყაროებზე დაყრდნობით.
გამოცემის წყაროთა მონაცემებით, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და ევროპის სახელმწიფოთა ლიდერებთან გასულ კვირაში, თეთრ სახლში შეხვედრის დროს, ტრამპი გამოვიდა წინადადებით, ჩინეთმა გაგზავნოს მშვიდობისდამცველი კონტინგენტი, რომელიც მეთვალყურეობას გაუწევს ნეიტრალურ ზონას ფრონტის 1300-კილომეტრიანი ხაზის გასწვრივ.
თეთრი სახლი უარყოფს, რომ ეს საკითხი განხილვის თემა იყო შეხვედრის დროს. "ეს სიცრუეა" - ამბობს ადმინისტრაციის მაღალჩინოსანი.
FT-ის ცნობით, რუსეთის მხარემ ჩინელი მშვიდობისდამცველების საკითხი წამოჭრა უსაფრთხოების გარანტიების კონტექსტში, როცა 2022 წლის გაზაფხულზე სტამბოლში პირველი მოლაპარაკებები შედგა რუსეთსა და უკრაინას შორის. გამოცემა Axios-ი წერს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩინეთი უსაფრთხოების ერთ-ერთ შესაძლო გარანტორად ახსენა ტრამპთან შეხვედრის დროს, ალასკაში.
ამ იდეას ეწინააღმდეგებიან ევროპის ქვეყნები, მანამდე ის ზელენსკიმაც უარყო, რადგან პეკინი მხარს უჭერს რუსეთის საომარ მოქმედებებს.
გარდა ამისა, მიმდინარე კვირაში ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ "სინამდვილეს არ შეესაბამება" მედიით გავრცელებული ცნობები, თითქოს პეკინი გამოვიდა მონაწილეობის შეთავაზებით უკრაინის მშვიდობისდამცველ ძალებში.
გამოცემა Politico მანამდე იუწყებოდა, რომ ევროპის ლიდერები გარანტიების ერთ-ერთ ფორმად განიხილავენ 40-კილომეტრიანი ბუფერული ზონის შექმნას უკრაინის და რუსეთის სამხედროებს შორის. პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ ამ საკითხთან მიმართებით კიევის პოზიცია უცნობია, რადგან ამგვარი ზონის შექმნა, სავარაუდოდ, მოითხოვს ახალ ტერიტორიულ დათმობებს. გამოცემა აღნიშნავს, რომ ბუფერული ზონის შექმნა იქნება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გერმანიის გაყოფის მსგავსი.
ასევე ნახეთ ზელენსკი: რუსეთს 1 სექტემბრამდე აქვს დრო შეხვედრაზე დათანხმებისთვის