კიმ ჩენ ინი რუსეთისთვის დაღუპული ჩრდილოკორეელი სამხედროების ოჯახებს „ლამაზ ცხოვრებას“ ჰპირდება

ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიის მიერ გავრცელებული კადრები, რომლებშიც ჩანს, რომ კიმ ჩენ ინი პატივს მიაგებს ჩრდილოეთ კორეელ სამხედროებს, რომლებიც უკრაინაში რუსეთის მხარდასაჭერად დაიღუპნენ. 29 ივნისი, 2025 წელი

კიმ ჩენ ინი რუსეთისთვის დაღუპული ჩრდილოკორეელი სამხედროების ოჯახებს „ლამაზ ცხოვრებას“ ჰპირდება

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა უკრაინის წინააღმდეგ დაღუპული სამხედროების ოჯახებს „ლამაზი ცხოვრება“ აღუთქვა.

მისი თქმით, მებრძოლები რუსეთისთვის უკრაინასთან ომში გმირულად დაიღუპნენ. ინფორმაციას Reuters-ი, ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო სააგენტო KCNA-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

კიმ ჩენ ინმა 29 აგვისტოს მიიღო დაღუპული სამხედროების ოჯახები და „წყენა გამოხატა იმის გამო, რომ ვერ შეძლო მათი ძვირფასი სიცოცხლის გადარჩენა“.

„მათ ჩემთვის ერთი წერილიც კი არ მოუწერიათ, მაგრამ, ვფიქრობ, რომ საკუთარი ოჯახები, მათ შორის ბავშვები, მე ჩამაბარეს“, - თქვა დაღუპული სამხედროების ოჯახებთან შეხვედრისას ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა.

2025 წლის აპრილში კიმ ჩენ ინმა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დაადასტურეს, რომ კურსკის ოლქში რუსეთის მხარეს ჩრდილოკორეელი სამხედროები იბრძოდნენ. ამავე დღეს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინს, კურსკის ოლქში ტერიტორიების დაბრუნებაში დასახმარებლად ჩრდილოეთ კორეელი სამხედროების გაგზავნისთვის მადლობა გადაუხადა.

30 აგვისტოს სახელმწიფო ტელევიზიამ 25-წუთიანი დოკუმენტური ფილმი გაუშვა, რომელშიც ნაჩვენებია ჯარისკაცები „კურსკის გათავისუფლების ოპერაციაში.“ Reuters-ი ვერ ახერხებს კადრების ავთენტურობის დამოუკიდებლად გადამოწმებას.

მომავალ კვირას კიმ ჩენ ინი და პუტინი ჩინეთში, სამხედრო აღლუმზე შეხვდებიან ერთმანეთს, სადაც ისინი მეორე მსოფლიო ომში იაპონიის კაპიტულაციისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრებიან. ეს უკვე მათი მესამე შეხვედრა იქნება ბოლო ორი წლის განმავლობაში.

ჩრდილოეთ კორეასა და რუსეთს ამ დრომდე არ გაუხმაურებიათ ოფიციალური ინფორმაცია სამხედრო დანაკარგების ზუსტი მონაცემების შესახებ.

სამხრეთ კორეის დაზვერვის ინფორმაციით, 15 000 ჩრდილოკორეელი ჯარისკაციდან დაახლოებით 600 დაიღუპა.

დასავლური დაზვერვის შეფასებით კი დანაკარგი 6 000-ზე მეტია.

ასევე ნახეთ კიმ ჩენ ინი სამართლიანად მიიჩნევს ჩრდილოეთ კორეის ჩართულობას უკრაინის ომში