ვენეციის კინოფესტივალის დღეებში ათასობით ადამიანი გამოთქვამს პროტესტს ღაზაში ისრაელის ქმედების წინააღმდეგ

პალესტინელთა მხარდამჭერი დემონსტრაცია ვენეციაში, კინოფესტივალის დღეებში. 30 აგვისტო, 2025 წელი

იტალიაში, ვენეციაში მიმდინარე საერთაშორისო კინოფესტივალის დღეებში ათასობით ადამიანი გავიდა ქუჩაში და პროტესტი გამოთქვა ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო მოქმედების წინააღმდეგ.
ჩრდილოეთ იტალიის მემარცხენე მიმართულების ჯგუფების მიერ ორგანიზებულ დემონსტრაციაში, სხვადასხვა შეფასებით, მონაწილეობდა ოთხი ათასამდე ადამიანი, რასაც AFP-ის კორესპონდენტიც ადასტურებს.
დემონსტრანტებმა მსვლელობა რამდენიმე კილომეტრში დაიწყეს კინოს
სასახლიდან, რომლის “წითელ ხალიჩაზე” გასულ დღეებში მსოფლიო კინოს ვარსკვლავებმა გაიარეს.

დემონსტრანტები მივიდნენ და გაჩერდნენ ფესტივალის არეალთან, ლიდოს რაიონში, რომელსაც პოლიცია იცავს.

საპროტესტო აქციის მონაწილეებს ხელში ეჭირათ პლაკატები წარწერებით: “დაასრულეთ გენოციდი", “გაათავისუფლეთ პალესტინა”, ზოგიერთ მათგანი აფრიალებდა პალესტინელთა დროშას. ერთ-ერთ პლაკატზე ეწერა: „თქვენ ყველანი გენოციდის აუდიტორია ხართ“.
მსგავსი აქცია მოეწყო ასევე კანის საერთაშორისო
კინოფესტივალზე მაისში.

AFP-ი იმოწმებს დემონსტრაციის მონაწილეებს, რომლებმაც თქვეს, რომ კინოინდუსტრიამ ვენეციაში - მსოფლიოში უძველეს კინოფესტივალზე, რომლის ფილმებიც ხშირად ოსკარის ჯილდოს იღებს - თავისი საჯარო პლატფორმა უნდა გამოიყენოს ღაზაზე ყურადღების გასამახვილებლად.

კინოს მრეწველობის ორი ათასამდე წარმომადგენელმა მოაწერა ხელი ორგანიზაცია Venice4Palestine-ის(ვენეცია პალესტინელებისთვის) ღია წერილს, რომელშიც ისინი მოითხოვენ ისრაელის მიერ ომის წარმოების წინააღმდეგ პოზიციის გამოხატვას. მათ შორისა ვენეციაში ნაჩვენები კინოსურათის, „ფრანკენშტაინის“ რეჟისორის, გილიერმო დელ ტოროს ხელმოწერაც.

„წერილის მიზანი იყო ღაზისა და პალესტინის საკითხის ვენეციაში საჯარო დისკუსიის ცენტრში მოქცევა“, - განუცხადა Venice4Palestine-ის თანადამფუძნებელმა და რეჟისორმა ფაბიომასიმო ლოციმ AFP-ს.
ამავე დროს, ფესტივალმა განაცხადა, რომ არ გააუქმებს ფესტივალზე იმ მსახიობებისთვის გაგზავნილ მოწვევას, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ისრაელის ქმედებებს ღაზაში.

ისრაელმა ღაზის სექტორში ომი დაიწყო დაახლოებით ორი წლის წინ მას მერე, რაც ჰამასის მეთაურობით პალესტინელთა რაზმები ისრაელის სამხრეთს დაესხნენ თავს და ისრაელის თანახმად, 1200 ადამიანი მოკლეს. ისრაელის საომარ მოქმედებებს 63 ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა, უმეტესად მშვიდობიანი მოქალაქეები. ამ მონაცემს გაერო სარწმუნოდ მიიჩნევს.

2025 წელს ვენეციის 82-ე საერთაშორისო კინოფესტივალი იმართება. ფესტივალი 2025 წლის 27 აგვისტოდან 6 სექტემბრამდე ტარდება.
გამარჯვებულების ოფიციალური დაჯილდოების ცერემონია 6 სექტემბრისთვისაა დაგეგმილი.

ასევე ნახეთ პალესტინელთა პრეზიდენტის ოფისი აშშ-ს ვიზების აღდგენას სთხოვს, გაეროში მნიშვნელოვანი შეხვედრების წინ