ტიკტოკ-ლაივში შვილიშვილზე ძალადობის ბრალდებით ბებია დააკავეს

კადრი ტიკტოკ-ლაივიდან

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტიკტოკის ლაივში ბავშვის ცემის ფაქტზე დაიწყო გამოძიება. ქალი, რომელიც, სავარაუდოდ, თავის შვილიშვილზე ძალადობდა, უკვე დაკავებულია და ქუთაისის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.

სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით არის დაწყებული გამოძიება ბებიის წინააღმდეგ, რომელმაც ორ წლამდე ასაკის შვილიშვილს სოციალურ ქსელში - ტიკტოკში - 31 აგვისტოს, პირდაპირი ეთერის დროს სცემა.

რადიო თავისუფლებას პროკურატურაში განუცხადეს, რომ ქალს ქუთაისის წინასწარი დაკავების იზოლატორში ბრალს ოფიციალურად, სავარაუდოდ, ხვალ წარუდგენენ.

ტიკტოკ-ლაივის დროს მომხდარის ამსახველი ვიდეოს ჩანაწერი, სამართალდამცველებს სამოქალაქო აქტივისტმა ბექა კვაჭანტირაძემ მიაწოდა. ის დღეს თბილისში პოლიციაშიც იმყოფებოდა ჩვენების მისაცემად.

როგორც ბექა კვაჭანტირაძე უყვება რადიო თავისუფლებას, ტიკტოკში 31 აგვისტოს გასული კონკრეტული ლაივისთვის თვალი თავად არ უდევნებია და ჩანაწერი მიაწოდეს. მისი სიტყვებით, ოჯახი ხშირად მართავს ე.წ. ლაივ-მარათონებს, რომლის დროსაც "ბავშვს იყენებს თანხის შესაგროვებლად" და იმის გამო, რომ ეს ოჯახი მანამდეც ჰყავდა ძალადობაში შემჩნეული, სოციალურ მომსახურების სააგენტოსაც მიმართა.

"მე როგორც ვიცი, ორჯერ იყვნენ მისულები სოციალური აგენტები, მაგრამ "პრობლემა ვერ დაინახეს", ბავშვს აქვს ჭერი და ა.შ. [ოჯახი და დედაც] ორსულობის დღიდან, ისინიც ამ ბავშვის საშუალებით შოულობენ ფულს, მართავენ მარათონს, თითქოს ბავშვს სჭირდება ფული, რომ ტელევიზორს უყუროს და ა.შ. ბავშვის სახელით აგროვებენ ფულს, წამორტყმები და დაყვირება მანამდეც იყო",- ამბობს ბექა კვაჭანტირაძე.

ვიდეოში, რომელიც მან გაავრცელა, ქალი ორ წლამდე ასაკის ბიჭს აჭმევს. კადრში არ ჩანს, მაგრამ ბებიის სიტყვების მიხედვით ირკვევა, რომ ბავშვმა თეფში გადააყირავა და საკვები დაღვარა, რის გამოც ქალი ბავშვს უყვირის და რამდენჯერმე ურტყამს.

"ერთი წლის რომ თავხედი იქნება, 15 წლისას მოდრიკავ მერე იმას?"- ამბობს ქალი და თავის შვილს მიმართავს: "არც ძუძუ არ მისცე, ნათია, თორემ ორივეს გაგყრით".

ვიდეოში ჩანს, რომ ქალი შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავს სოციალურ ქსელის იმ მომხმარებლებს, რომლებიც ლაივის დროს ბავშვს ექომაგებიან, ბებიის საქციელს კი აკრიტიკებენ.

დედის დაკავებას ასევე ტიკტოკში გამოეხმაურა მცირეწლოვანი ბავშვის დედა. დაკავებული ქალის შვილი ყველას, ვინც ვიდეო გაავრცელა, მათ შორის ბექა კვაჭანტირაძეს, სასამართლოში ჩივილით ემუქრება. ამასთან, ამბობს, რომ მასზე "ზეწოლას ახდენენ, რომ თავი მოვიკლა". ქალმა ტიკტოკის მომხმარებლებს მიმართა, დაეხმარონ დედის გირაოს თანხის შეგროვებაში. მას შემდეგ, რაც ლაივში ყოფნისას დაურეკეს, ქალმა თქვა, რომ თანხა სჭირდება ადვოკატის დასაქირავებლად, რომელიც დედამისის უდანაშაულობის დამტკიცებას შეძლებს.

როგორც ბექა კვაჭანტირაძე ეუბნება რადიო თავისუფლებას, მას სახალხო დამცველის აპარატში განცხადება აქვს შეტანილი შეურაცხყოფისა და დისკრიმინაციის დადგენის მოთხოვნით.

რადიო თავისუფლება სოციალური მომსახურების სააგენტოს დაუკავშირდა იმის გასარკვევად, მართლაც იმყოფებოდნენ თუ არა ბავშვის ოჯახში სააგენტოს წარმომადგენლები მანამდე და ამჟამად ჩართულია თუ არა უწყება ოჯახში მყოფ მცირეწლოვანთან დაკავშირებული ვითარების გასარკვევად.

უწყებისგან პასუხის მიღების შემთხვევაში, ინფორმაცია განახლდება.