დანიის საგარეო უწყებამ განმარტა, რატომ არ მიიწვიეს საქართველოს წარმომადგენელი 1-2 სექტემბრის მინისტრთა შეხვედრაზე

საილუსტრაციო ფოტო

დანიის საგარეო უწყებაში განმარტავენ, რატომ არ მიიწვიეს საქართველო კანდიდატი ქვეყნების მინისტრთა სხდომაზე.

„2024 წლის 28 ნოემბერს საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ გადაწყვიტა 2028 წლამდე შეაჩეროს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი. ამ კონტექსტის გათვალისწინებით, დანია, როგორც თავმჯდომარე ქვეყანა, თვლის, რომ აზრი არ აქვს საქართველოს - როგორც კანდიდატი ქვეყნის - მინისტრთა შეხვედრებზე მიწვევას“, - ასე განუმარტეს დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში უკრაინული ონლაინგამოცემა „ევროპეისკა პრავდას“ კორესპონდენტს მიზეზი, რის გამოც საქართველო არ მიიწვიეს 1-2 სექტემბერს კოპენჰაგენში გამართულ ევროკავშირის მინისტრების კანდიდატი ქვეყნების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე.

ასევე ნახეთ საქართველო არაა მიწვეული ჩინეთში გამარჯვების „გრანდიოზულ“ აღლუმზე

“ევროპეისკა პრავდის” თანახმად, დანიის საგარეო უწყებაში აგრეთვე დააზუსტეს, რომ „ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია 2024 წლის ივნისში ევროკავშირის სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურთა შეხვედრის მომენტიდან, საქართველოს მთავრობის ქმედებების გამო, რომლებმაც, სამწუხაროდ, ქვეყანაში დემოკრატიისგან სერიოზული გადახვევა გამოიწვია“.

1-2 სექტემბერს კოპენჰაგენში გაიმართა ევროკავშირის ევროპულ საქმეთა მინისტრებისა და კანდიდატი ქვეყნების ევროინტეგრაციის მინისტრების არაოფიციალური შეხვედრა, რომელზეც, მათ შორის, იმსჯელეს კანდიდატი ქვეყნების მიერ „კოპენჰაგენის კრიტერიუმების“ შესრულებასა და მნიშვნელოვანი რეფორმების განსახორციელებლად მოტივაციის ამაღლებაზე. 2025 წლის 1 ივლისიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დანია ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყანაა. მის პრიორიტეტებს შორისაა კანონის უზენაესობისა და ევროპული ღირებულებების დაცვის ხელშეწყობა.

ასევე ნახეთ "პირნათლად ვასრულებთ ვალდებულებებს" - "ოცნებას" მზად აქვს პასუხი ევროკომისიის წერილზე, ვერ ხედავს საფრთხეს უვიზო რეჟიმისთვის


ასევე ნახეთ მოლდოვამ ევროკავშირის ახალი 1,9-მილიარდიანი დახმარების ათვისება დაიწყო - საქართველოსთვის ძველიც შეჩერებულია