ჰამასმა გამოაცხადა, რომ მზად არის დაუყოვნებლივ დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან

საილუსტრაციო ფოტო. ჰამასის მიერ კონტროლირებული ქალაქ ღაზის მუნიციპალიტეტის დანგრეული შენობა

პალესტინელთა რადიკალურმა ისლამისტურმა მოძრაობა ჰამასმა გამოაცხადა, რომ მზად არის დაუყოვნებლივ დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან და განიხილოს ყველა მძევლის გათავისუფლება.

ისრაელის, აშშ-ის და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული ჰამასი სანაცვლოდ ითხოვს ისრაელის მხრიდან მკაფიო განცხადებას ომის შეწყვეტის შესახებ, ღაზის სექტორიდან ჯარების სრულად გაყვანას და ღაზის სამართავად დამოუკიდებელი პალესტინელების კომიტეტის შექმნას.

ჰამასმა დაადასტურა, რომ შუამავლების მეშვეობით მიიღო ამერიკული მხარის ზოგიერთი იდეა ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად.

ჰამასის მიერ 7 სექტემბერს, დღის ბოლოსთვის გავრცელებულ განცხადებას წინ უძღოდა შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ სოციალურ ქსელ Truth-ში გამოქვეყნებული პოსტი, რომ მძევლების გასათავისუფლებლად და ომის შესაწყვეტად მისი პირობები ისრაელმა უკვე მიიღო და მათ უნდა დაეთანხმოს ჰამასიც, რომელსაც ბოლოჯერ აფრთხილებს უარის შემთხვევაში მოსალოდნელი შედეგების შესახებ.

ასევე ნახეთ ტრამპი: ვაშინგტონი ჰამასთან „ღრმა მოლაპარაკებებს“ აწარმოებს ღაზაში დარჩენილი მძევლების გათავისუფლებაზე

პრეზიდენტმა ტრამპმა, რომელიც 7 სექტემბერს ნიუ-იორკში დაესწრო საჩოგბურთო ჩემპიონატის, US Open-ის ფინალს, ვაშინგტონში დაბრუნების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ღაზასთან დაკავშირებული შეთანხმება მალე იქნება. შეერთებული შტატების პრეზიდენტს დეტალები არ დაუკონკრეტებია.

ტელეკომპანია CNN-ი ისრაელის ერთ-ერთ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომ ამერიკული მხარის წინადადებები ითვალისწინებს ცეცხლის შეწყვეტის პირველივე დღეს ჰამასის მიერ ყველა მძევლის გათავისუფლებას, ისრაელის მიერ ქალაქ ღაზაზე შეტევის შეჩერებას და მხარეებს შორის მოლაპარაკებების დაუყოვნებლივ დაწყებას ყოვლისმომცველი სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად. მოლაპარაკებების მიმდინარეობისას ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვას აშშ-ის პრეზიდენტი უზრუნველყოფს.

ბოლო ხანს ისრაელმა გააფართოვა სახმელეთო ოპერაცია ღაზის სექტორის ადმინისტრაციული ცენტრის, ქალაქ ღაზის წინააღმდეგ და ჰამასის საყრდენი პუნქტები აიღო. ისრაელის არმიამ გამოაცხადა, რომ ქალაქ ხან-იუნისში შექმნა „ჰუმანიტარული ზონა“, სადაც ქალაქ ღაზის მცხოვრებნი უნდა გადავიდნენ.

ასევე ნახეთ ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა დაამტკიცა ქალაქ ღაზაზე კონტროლის დამყარების გეგმა

ჰამასის მიერ კონტროლირებული ღაზის სექტორის წინააღმდეგ ისრაელის ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია მოჰყვა 2023 წლის ოქტომბერში, ისრაელის სამხრეთზე ჰამასის თავდასხმას, 1200-მდე ადამიანის დახოცვას და 250-ზე მეტის მძევლად აყვანას.

მოგვიანებით მძევლების ნაწილი გაათავისუფლეს, ნაწილი დაიღუპა. ამჟამად ჰამასის ტყვეობაში რჩება 50-მდე მძევალი, რომელთა ნახევარი სავარაუდოდ, გარდაცვლილია.

ისრაელის ფართომასშტაბიანმა სამხედრო ოპერაციამ ღაზის სექტორში დიდი მსხვერპლი და ჰუმანიტარული კატასტროფა გამოიწვია. ჰამასის მიერ კონტროლირებული ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, რომლებიც დამოუკიდებელი წყაროებით გადაუმოწმებელია, დაღუპულია 62 ათასზე მეტი ადამიანი.