კვლავ დაპირისპირება იყო კალაძის შტაბთან - პოლიცია მოძალადეებს არ აკავებს, არიან ნაცემი მოქალაქეები

მოკლედ

  • თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე, სადაც კახა კალაძის საარჩევნო შტაბია განთავსებული, კვლავ დაპირისპირება იყო ანტისახელისუფლებო აქციის მონაწილეებსა და "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს შორის.
  • როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, ხელისუფლების მხარდამჭერები სასტუმრო "საქართველოსთან" რამდენიმე მანქანით რკინის ჯოხებით შეიარაღებული მივიდნენ და დემონსტრანტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
  • პოლიციას არცერთი მოძალადე არ დაუკავებია - დემონსტრანტებს შორის არიან ნაცემები.
  • კალაძის შტაბის შესასვლელთან გამაგრებული "ოცნების" მხარდამჭერები პოლიციის კორდონს მიღმა დემონსტრანტებს აჩვენებენ უხამს ჟესტებს, აგინებენ და ესვრიან ბოთლებს.

თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე, სადაც თბილისის მოქმედი მერის და მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო შტაბია განთავსებული, კვლავ დაპირისპირებაა.

საზოგადოებრივი მაუწყებლიდან მომავალ საპროტესტო მარშს კალაძის შტაბთან თავს დაესხნენ "ოცნების" მხარდამჭერები, რომელთა ნაწილი შტაბში იყო გამაგრებული და პოლიციის კორდონს მიღმა აყენებდა შეურაცხყოფას მოქალაქეებს, ნაწილი კი ავტომობილებით მივიდა და რკინის ჯოხებით გაუსწორდა დემონსტრანტებს.

რადიო თავისუფლების კორესპონდენტის და თვითმხილველების ცნობით, ადგილზე არიან დაშავებულები, სხეულის სხვადასხვა არეში მიყენებული დაზიანებებით.

"პუბლიკის" ჟურნალისტს, რომელიც მოვლენებს აშუქებდა, კალაძის შტაბიდან გამოსულმა ერთ-ერთმა კაცმა წაართვა ტელეფონი.

პოლიციას არცერთი მოძალადე არ დაუკავებია. მოქალაქეები ითხოვენ დაშავებულებისთვის "სასწრაფოს" გამოძახებას. ნაცემებს შორის არის უნგრელი აქტივისტი ლასლო რობერტ მეზეში.

საღამოს 9-ის ნახევრისთვის, მელიქიშვილზე გადაკეტილია საავტომობილო მოძრაობა.

კალაძის შტაბი გახსნის დღესვე მოინიშნა, როგორც ხელისუფლების მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის დაპირისპირების ახალი კერა. ამ დღეს საზეიმო ღონისძიებამ, რომელმაც, სულ რამდენიმე წუთს გასტანა, ხალხის მიერ მოწყობილი "სირცხვილის კორიდორის" და პოლიციის ცოცხალი ჯაჭვების ფონზე ჩაიარა.

ასევე ნახეთ „ნატ*ნაურები ხარ“, „ყ*ის მონები“ - ბექა ოდიშარიამ ჟურნალისტს და მოქალაქეებს აგინა