უნგრეთს და სლოვაკეთს სანქცირებულთა სიიდან 6 რუსი ბიზნესმენის ამოღება სურთ - მედია

ფოტო არქივიდან. სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო(მარცხნივ) და უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ბრიუსელში, ევროკავშირის სამიტზე. 2025 წლის 2 მარტი

უნგრეთმა და სლოვაკეთმა შესაძლოა, მხარი არ დაუჭირონ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის გამო ევროკავშირის მიერ რუსეთის წარმომადგენლებისთვის დაწესებული ინდივიდუალური სანქციების ნაწილის გაგრძელებას. მათი მოქმედების ვადა 15 სექტემბერს იწურება.

უკრაინული გამოცემა „ევროპეისკა პრავდა“ ევროკავშირის რამდენიმე სახელმწიფოს დიპლომატებზე დაყრდნობით წერს, რომ უნგრეთი და სლოვაკეთი სანქციების გაგრძელების მხარდაჭერის სანაცვლოდ მოითხოვენ სიიდან ექვსი რუსი ბიზნესმენის ამოღებას.

გამოცემის ერთ-ერთი წყაროს თანახმად, უნგრეთი მოითხოვს, რომ სანქციები მოეხსნას ოთხ რუსს, ხოლო სლოვაკეთი - ორს. მათ ვინაობას „ევროპეისკა პრავდას“ რესპონდენტები არ ასახელებენ.

ასევე ნახეთ როგორ გადაიქცა "დრუჟბა" იარაღად - მორიგი არამეგობრული დაპირისპირება უკრაინასა და უნგრეთს შორის

გამოცემა „ევროპეისკა პრავდა“ 2025 წლის 14 მარტს, ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ უნგრეთის მოთხოვნით ევროკავშირმა სანქცირებულთა სიიდან ამოიღო რამდენიმე პირი, მათ შორის ოლიგარქ ალიშერ უსმანოვის და, მინერალური სასუქების ერთ-ერთი უმსხვილესი საწარმოს, „ევროხიმის“ ყოფილი ხელმძღვანელი ვლადიმირ რაშევსკი და რუსეთის სპორტის მინისტრი მიხაილ დეგტიაროვი. უნგრეთმა სწორედ ამის შემდეგ დაუჭირა მხარი სანქციების გაგრძელებას.

უნგრეთისა და სლოვაკეთის მთავრობებს, რომელთა ხელმძღვანელებს, ვიქტორ ორბანს და რობერტ ფიცოს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან კარგი ურთიერთობა აქვთ, არაერთხელ შეუფერხებიათ ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გაგრძელება ან ახალი შეზღუდვების შემოღება.

ასევე ნახეთ სლოვაკეთი აღარ დაბლოკავს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების ახალ პაკეტს

მაშინ, როცა უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ევროკავშირის სახელმწიფოთა დიდმა ნაწილმა უარი თქვა რუსული გაზისა და ნავთობის იმპორტზე, უნგრეთი და სლოვაკეთი რუსეთისგან საწვავის შეძენას განაგრძობენ და ამას საკუთარი მოსახლეობის ინტერესებით ხსნიან.

ამჟამად ევროკომისია რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების მე-19 პაკეტზე მუშაობს. სააგენტო „ფრანს პრესის" წყაროთა თანახმად, გერმანიისა და საფრანგეთის წინადადებაა, რომ სანქციები დაუწესდეს რუსულ ნავთობკომპანია „ლუკოილსაც".

სანქციების ამოქმედებას ევროკავშირის 27-ვე წევრის თანხმობა სჭირდება. უნგრეთი, დიდი ალბათობით, წინააღმდეგი იქნება.

ასევე ნახეთ ტრამპი ევროპისგან მოითხოვს რუსული ნავთობის შეძენის შეწყვეტას და ჩინეთზე ზეწოლას - მედია