„სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება, რომ ასეთ გვიან ეტაპზე მოგვიწვიონ, ხელს უშლის შინაარსიან დაკვირვებას და ODIHR-ს არ ექნება არჩევნების სადამკვირვებლო მისიის გამოგზავნის შესაძლებლობა“, - განაცხადა ODIHR-ის დირექტორმა მარია თელალიანმა.
„გამჭვირვალე და სანდო არჩევნების დაკვირვება მოითხოვს საფუძვლიან მომზადებას და საარჩევნო პროცესის ძირითად ეტაპებზე წვდომის შესაძლებლობას, ჩვენი ყოვლისმომცველი მეთოდოლოგიის შესაბამისად“, - აცხადებს ის.
მიუხედავად ამისა, თელალიანის განცხადებით, ეუთო/ოდირი იმედოვნებს, რომ გააგრძელებს „ხანგრძლივ თანამშრომლობას საქართველოს ინსტიტუტებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გასაძლიერებლად.“
- „ლელოსა“ და გიორგი გახარიას პარტიის არჩევნებში რეგისტრაციის შემდეგ, „ქართული ოცნების“ მთავრობამ გადაწყვეტილება შეცვალა და 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დასაკვირვებლად ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისია მოიწვია.
- „იმისათვის, რომ არ დარჩეს არავითარი კითხვა არჩევნებთან დაკავშირებით, მივიღეთ გადაწყვეტილება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დასაკვირვებლად ეუთო/ოდირის მისიის მოწვევის შესახებ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ 6 სექტემბერს მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე.
არჩევნები 4 ოქტომბერსაა დანიშნული. კობახიძემ ეს განცხადება 6 სექტემბერს გააკეთა.
- ჩვეულებრივ, ეუთოს გრძელვადიანი დამკვირვებლები არჩევნების დღემდე 6-8 კვირით ადრე იწყებენ მისიას - რაც მოიცავს წინასაარჩევნო პერიოდში პროცესის ორგანიზების და სხვა დეტალების დაკვირვებას.
- არჩევნების დღის მოახლოებისას, ჩადიან მოკლევადიანი დამკვირვებლები.
9 სექტემბრის განცხადებაში ეუთო/ოდირი აღნიშნავს, რომ „საქართველოს ხელისუფლებასთან კონტაქტების დროს, ODIHR-მა არაერთხელ გაუსვა ხაზი დროული მოწვევის მნიშვნელობას არჩევნების სანდო და ყოვლისმომცველი დაკვირვების უზრუნველსაყოფად“.
- „საქართველოს აღებული აქვს ვალდებულება, ჩაატაროს დემოკრატიული არჩევნები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად“, - აცხადებს ორგანიზაცია და ასევე მიუთითებს:
- „მიუხედავად იმისა, რომ ODIHR-ი არ აკეთებს კომენტარს იმ არჩევნებზე, რომელსაც არ აკვირდება, ოფისი გააგრძელებს საქართველოში მიმდინარე მოვლენების მონიტორინგს მისი მანდატით გათვალისწინებულ ყველა სფეროში, მათ შორის დემოკრატიულ მმართველობის, ფუნდამენტური თავისუფლებებისა და კანონის უზენაესობის მიმართულებით“.
„წარსულში, ODIHR-მა საქართველოდან დროული მოწვევები მიიღო 2006, 2010, 2014, 2017 და 2021 წლების ადგილობრივი არჩევნების დასაკვირვებლად, რაც საშუალებას იძლევა ეფექტური მზადების განსახორციელებლად ODIHR-ის მეთოდოლოგიის შესაბამისად“, - წერია განცხადებაში.
მანამდე, 7 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში ODIHR-ი „სინანულს გამოთქვამდა“ საქართველოს ხელისუფლების გაცხადებული განზრახვის გამო, „არ მოიწვიოს ეუთო/ოდირი მომავალ ადგილობრივ არჩევნებზე დასაკვირვებლად, რაც გადახვევაა საქართველოს მიერ ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში დამკვიდრებული და თანმიმდევრული პრაქტიკიდან“.
- ეუთო/ოდირის გარეშე ადგილობრივი არჩევნები 2014 წელს ჩატარდა, თუმცა „ქართული ოცნების“ მთავრობამ იმ წელსაც მოიწვია ორგანიზაცია, რომელიც საქართველოში „ფინანსური მიზეზების“ გამო ვერ გამოიგზავნა.