გერმანიის პარლამენტმა იმუნიტეტი მოუხსნა კიდევ ერთ ულტრამემარჯვენე დეპუტატს

ფოტო არქივიდან. ულტრამემარჯვენე პარტიის, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრი მაქსიმილიან კრა

გერმანიის პარლამენტმა დეპუტატის იმუნიტეტი მოუხსნა ულტრამემარჯვენე პარტიის, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრ მაქსიმილიან კრას. ის პარლამენტის დეპუტატი გახდა 2025 წლის თებერვლის არჩევნების შედეგად.

როგორც გერმანული მაუწყებელი DW წერს, ხმათა უმრავლესობით იმუნიტეტის მოხსნის გადაწყვეტილება მიღებულია სასამართლოს თანხმობით ჩხრეკისა და სხვა პროცედურების ჩასატარებლად.

მაქსიმილიან კრა ეჭვმიტანილია ქრთამის აღებასა და ფულის გათეთრებაში, რაც ჩინეთიდან გადმორიცხვებს უკავშირდება. საქმეს დრეზდენის პროკურატურა იძიებს.

2024 წელს, როცა მაქსიმილიან კრა ევროპარლამენტის დეპუტატი იყო, გერმანიის პოლიციამ მისი თანაშემწე დააკავა ჩინეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით.

ასევე ნახეთ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) პროექსტრემისტულ პარტიად გამოაცხადეს

2024 წელს გერმანიის პარლამენტმა იმუნიტეტი მოუხსნა „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრ პეტრ ბისტრონსაც, რომელიც ეჭვმიტანილია ქრთამის აღებასა და ფულის გათეთრებაში პრორუსულ მედიაპლატფორმა Voice Of Europe-თან შესაძლო კავშირების გზით. საქმეს მიუნხენის პროკურატურა იძიებს.

2024 წელს იმუნიტეტი მოუხსნეს ამავე პარტიის წევრ ჰანეს გნაუკს, რომელსაც უცხოელი ლტოლვილების მიმართ სიძულვილის გაღვივებაში ადანაშაულებენ.

ასევე ნახეთ გერმანიის ულტრამემარჯვენე პარტია AfD-ის ლიდერი ამბობს, რომ აკრძალვაზე საუბარი ნაციზმის პერიოდს მოაგონებს