კალაძის მხარდამჭერებს, რომლებმაც აქციაზე იძალადეს, პასუხისგებაში არ მისცემენ

კალაძის მხარდამჭერები: ზედა ფოტოებზე: ზაზა მამალაძე. ქვედა ფოტოებზე: ირაკლი ბუაჩიძე

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე აცხადებს, რომ თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის მხარდამჭერები (ზაზა მამალაძე და ირაკლი ბუაჩიძე), რომლებმაც აქციის მონაწილეებზე იძალადეს, გაათავისუფლეს.

„დაზარალებულმა აქტივისტებმა არ ითანამშრომლეს გამოძიებასთან და მათი ჩვენებებიდან გამომდინარე, შეუძლებელი გახდა ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული ორი პირის პასუხისგებაში მიცემა – შესაბამისად, ისინი დღეს გათავისუფლდნენ დაკავებიდან“, - თქვა ბრიფინგზე ალექსანდრე დარახველიძემ.

დროებითი დაკავების იზოლატორიდან ბრალის წაყენების გარეშე გაათავისუფლეს:

  • 1965 წელს დაბადებული ზაზა მამალაძე, რომელმაც სახეში გაარტყა ახალგაზრდა ქალს ხელი და მოგვიანებით უხამსი ჟესტით მიუთითებდა დემონსტრანტებს საკუთარ გენიტალიაზე;
  • 2003 წელს დაბადებული ირაკლი ბუაჩიძე, რომელსაც აქციაზე ჰქონდა რეზინის ხელკეტი. მან ის ჩაარტყა ერთ-ერთ დემონსტრანტს, მოგვიანებით კი პოლიციელს ნივთის წართმევის დროს უთხრა: „თქვენიანი ვარ“.

გუშინ, 11 სექტემბერს, პროკურატურაში გამოჰკითხეს ქეთი ალავერდაშვილი, რომელსაც სახეში ხელი გაარტყა ზაზა მამალაძემ. მან ფეისბუკში დაწერა, რომ „არ ვიგონებ, რომ რამე მეტკინა და ვინმეს სისხლით დაჭერა მინდა“.

„თუ რამეა და ჩემი ეპიზოდის გარდა, ამ კაცმა ათასი უმსგავსობა ჩაიდინა და მისი დანაშაულები სხვა კადრებშიც შესანიშნავად ჩანს (ჯებირის მოქნევა იქნება თუ დაგდებული ადამიანების მიმართ წიხლების დამატება)“, - აცხადებს ქეთი ალავერდაშვილი.

ამავე პოსტში ალავერდაშვილი იხსენებს „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის პატიმრობაში ყოფნასაც, რომელსაც პოლიციელ ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. დგებუაძე ამბობდა, რომ ტკივილი განიცადა, თუმცა სასამართლოზე გამოკითხული ექსპერტები ტკივილის სიმულაციაზე მიანიშნებდნენ:

„მოკლედ, სილა რეჟიმს! მე არ ვარ მსხვერპლი და რეალურად არც ირაკლი დგებუაძე იყო, უბრალოდ მან გადაწყვიტა ქცეულიყო უკანასკნელ ჩმორზე უარეს არსებად და 9 თვე ტყუილად დაეტირა საკუთარი ლოყა სასამართლო პროცესებზე“.

ზაზა მამალაძე და ირაკლი ბუაჩიძე სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე (ძალადობის) მუხლით დააკავეს. ამ მუხლში წერია, რომ დაზარალებულმა უნდა განიცადოს ტკივილი და ამის შესახებ გამოკითხვის დროს უნდა თქვას.

იმავე განცხადებაში შს მინისტრის მოადგილემ თქვა, რომ პროკურატურა მოითხოვს გირაოთი გაათავისუფლონ 23 წლის მეგი დიასამიძე, რომელიც კახა კალაძის ბანერის დაზიანების (წარწერის გაკეთების) ბრალდებით დააკავეს. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს პროკურატურაშიც.

ეს არ ნიშნავს დიასამიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას.