ნატოს და ევროკავშირის როლი ევროპული უსაფრთხოების სისტემის გარდაქმნაში

ავტორი: ვადიმ ხერიმიანი

მოცემულ თემაში წარმოდგენილია ყოვლისმომცველი ანალიზი იმის შესახებ, თუ როგორ შეცვალა რუსეთის მიერ 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანმა ომმა ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურა და რა გავლენა იქონია კონფლიქტმა ევროპაში მთავარი უსაფრთხოების აქტორების - ნატოს და ევროკავშირის პოლიტიკაზე.

საკითხის აქტუალობა განპირობებულია ომის შედეგების გავლენით ევროპულ უსაფრთხოებაზე. კონფლიქტმა გამოიწვია პოლიტიკური, ჰუმანიტარული და ენერგეტიკული კრიზისი ევროპაში, რამაც აიძულა ევროკავშირი, ნატო და ცალკეული ევროპული ქვეყნები, გადაეხედათ თავიანთი საგარეო-პოლიტიკური სტრატეგიები, თავდაცვისა და უსაფრთოების პოლიტიკა და ურთიერთობები რუსეთთან. ევროკავშირისა და ნატოს სტრატეგიების ტრანსფორმაციის გაანალიზება საშუალებას გვაძლევს განვსაზღვროთ ორი ორგანიზაციის ურთიერთქმედება, განსხვავებები მიდგომებში და საერთო უსაფრთხოების სისტემის გარდაქმნის პერსპექტივები.

კვლევის მიზანია ევროპული უსაფრთხოების სისტემის განვითარებაში ევროკავშირის და ნატოს როლის გაანალიზება, მათი სტრატეგიების ინსტიტუციონალური და პოლიტიკური დინამიკების განსაზღვრა და ასევე საკვანძო გამოწვევებისა და ტენდენციების შესწავლა.

დღეს ევროპული უსაფრთხოება ორ ძირითად ორგანიზაციულ სტრუქტურაზეა აგებული. ეს ორგანიზაციებია ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი და ევროკავშირი.

ეჭვგარეშეა, რომ ევროპის უსაფრთხოებას ყველაზე მტკიცედ და ეფექტურად ნატო უზრუნველყოფს. უკრაინაში მიმდინარე ომის კონტექსტში ნატოს მნიშვნელოვანი როლი გააჩნია უკრაინის სამხედრო-ეკონომიკური მხარდაჭერისა და რუსეთის შეკავების თვალსაზრისით. გამომდინარე იქიდან, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს მოწინავე ადგილი უკავია ნატოში და მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ წარმოადგენს ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის გარანტორს საკუთარი სამხედრო-ეკონომიკური პოტენციალისა და ბირთვული შესაძლებლობების გათვალისწინებით, აშშ მნიშვნელოვან როლს თამაშობს ევროპული უსაფრთხოების სისტემის გარდაქმნის პროცესში.[1]

რუსეთის მიერ ევროპის კონტინენტზე ომის დაბრუნებამ ხელი შეუწყო ტრანსატლანტიკური ურთიერთობების განვითარებას და ნატოში მოკავშირეებს შორის ერთიანობის განმტკიცებას. უკრაინაში ომის დაწყებამდე სულ რაღაც ორი წლის წინ საფრანგეთის პრეზიდენტი მაკრონი ნატოს „მკვდარ ტვინს“ უწოდებდა,[2] თუმცა ტრანსატლანტიკური საზოგადოება უკრაინის საკითხში იმაზე უფრო მტკიცე აღმოჩნდა, ვიდრე ამას მოელოდნენ. საერთო ევროპული თავდაცვა და უსაფრთხოება კიდევ უფრო განმტკიცდა მას მერე, რაც ისტორიულად ნეიტრალური ქვეყნები, შვედეთი და ფინეთი, ნატოში გაწევრიანდნენ. ომმა უკრაინაში სწრაფი და დრამატული გავლენა იქონია ამ ორი ქვეყნის საზოგადოებრივ აზრზე, რადგან რუსული საფრთხე საერთო ევროპული უსაფრთხოების წინააღმდეგ იქნა აღქმული.[3] ამდენად, ნატოს გაფართოება გახდა რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგი და არა მიზეზი, როგორც ამას რუსული პროპაგანდა ამტკიცებდა. ამ კონტექსტში უნდა ვახსენოთ ასევე ცივი ომის შემდეგ აშშ-ის მიერ აღმოსავლეთ ევროპაში საკუთარი სამხედრო პერსონალისა და შეიარაღების რაოდენობის მკვეთრი გაზრდა, რამაც მნიშვნელოვნად გააძლიერა ნატოს აღმოსავლეთი ფლანგი და ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები, დამატებითი უსაფრთხოება მიანიჭა.

უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან მალევე ნატომ ახალი სტრატეგიული კონცეფცია მიიღო, სადაც რუსეთი მოხსენიებულია, როგორც ყველაზე არსებითი და პირდაპირი საფრთხე მოკავშირეების უსაფრთხოებისთვის და ევროატლანტიკურ სივრცეში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის.[4] ომმა უკრაინაში პირდაპირი გავლენა იქონია ნატოს დოქტრინაზე და ცივი ომის შემდეგ ალიანსს კვლავ დაუბრუნა ორი მთავარი ფუნქცია, თავდაცვა და შეკავება.[5] აღნიშნული ფუნქციების შესასრულებლად საკვანძო მნიშვნელობა მიენიჭა ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებას, წევრი ქვეყნების მიერ თავდაცვაზე მეტი თანხის დახარჯვას და ნატოს 2 პროცენტიანი სტანდარტის დაკმაყოფილებას.

2014 წლის ნატოს უელსის სამიტის შემდგომ ევროპაში მხოლოდ ექვსი ქვეყანა (საბერძნეთი, ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა, პოლონეთი და გაერთიანებული სამეფო) ხარჯავდა მშპ-ს 2%-ს თავდაცვაზე. ნატოს ახალმა გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ, ცივ ომსა და ევროპაში ახალ უსაფრთხოების გარემოს შორის მსგავსება დაინახა და აღნიშნა, რომ ცივ ომში გამარჯვება და ევროპაში ცხელი ომის თავიდან აცილება შესაძლებელი გახდა თავდაცვაში მეტი ინვესტიციის განხორციელებით, ამიტომ ახლა დადგა დრო ომისდროინდელ აზროვნებაზე გადასასვლელად.[6]

გერმანიამ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად ისტორიული ინვესტირება მოახდინა საკუთარ თავდაცვის სექტორში და საგრძნობლად გაზარდა თავდაცვითი შესაძლებლობები. გერმანიის ბუნდესტაგმა დაამტკიცა გეგმა, რომლის მიხედვით გერმანია შექმნის 500 მილიარდი ევროს ღირებულების ინფრასტრუქტურის ფონდს. უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე გერმანიის ასეთი პოლიტიკა მნიშვნელოვანია საერთო ევროპული უსაფრთხოებისთვის. ფრიდრიხ მერცმა, რომელიც ახლო მომავალში გერმანიის ახალ კანცლერად დამტკიცდება, აღნიშნა, რომ ეს არის ახალი ევროპული თავდაცვითი გაერთიანების შექმნისკენ გადადგუმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი.[7] უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ გერმანია გახდა კიევის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მოკავშირე სამხედრო და ფინანსური დახმარების აღმოჩენის თვალსაზრისით. გერმანიის თავდაცვაში მასშტაბური ინვესტიციის შესახებ ბუნდესტაგის მიერ მოწონებული გეგმა ასევე ითვალისწინებს იმ სახელმწიფოთა დახმარებას, რომლებიც საერთაშორისო სამართლის დარღვევით თავდასხმის მსხვერპლი არიან. ეს კი მნიშვნელოვანი სიგნალია უკრაინისთვის, რომელსაც კრიტიკულად ესაჭიროება დასავლური ტიპის იარაღი რუსული აგრესიის შესაკავებლად.

ნატოს შეკავების პოლიტიკის ფარგლებში გერმანიამ მუდმივი ჯარი და შეიარაღება განალაგა ლიეტუვაში,[8] ხოლო პოლონეთი და სლოვაკეთი უზრუნველყო საჰაერო თავდაცვითი სისტემებით.[9] ეს არის საკვანძო მნიშვნელობის ნაბიჯები ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერების და რუსული აგრესიის შეკავების კუთხით.

უკრაინაში ომის ფონზე ნატოს მიერ ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის გაძლიერების კიდევ ერთი მაგალითი იყო გაფართოების პოლიტიკის გაგრძელება და 2008 წლის ბუქარესტის სამიტის შედეგების გამეორება, რომლის მიხედვით ალიანსი ესალმება უკრაინისა და საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.[10] ნატოს გაფართოების პოლიტიკის შედეგი იყო შვედეთის და ფინეთის მიღება ალიანსში. ფინეთის ნატოში გაწევრიანებამ გაზარდა ალიანსის პირდაპირი საზღვარი რუსეთთან და შედეგად მეტად გააძლიერა ნატოს აღმოსავლეთი ფლანგი. გარდა ამისა, ნატოს ყოფნა კიდევ უფრო განმტკიცდა ბალტიის ზღვაში, რომელსაც რუსეთი საკუთარი გავლენის სფეროდ აღიქვამდა, თუმცა უკრაინაში ომმა ეს გავლენა არსებითად შეზღუდა.

ნატოს მიერ უკრაინის მხარდაჭერა საკვანძო ფაქტორია რუსეთის შეკავებაში. 2023 წლის ნატოს ვილნიუსის სამიტზე შეიქმნა ნატო-უკრაინის საბჭო, რომელიც წარმოადგენს საკონსულტაციო ფორმატს სამთავრობო და სამხედრო დონეზე.[11] ნატოს 32 წევრი ქვეყნის და 25 არაწევრი ქვეყნის მიერ შექმნილი „რამშტაინის ჯგუფი“ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მნიშვნელოვანი მექანიზმი გახდა უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდების თვალსაზრისით.

ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი მიუძღვის ევროკავშირსაც. 1951 წელს ევროპის ქვანახშირისა და ფოლადის გაერთიანების დამფუძნებელმა ქვეყნებმა დაძლიეს ერთმანეთს შორის არსებული მტრობა და ევროპულ კონტინენტზე ხანგრძლივ მშვიდობასა და სტაბილურობას ჩაუყარეს საფუძველი.[12] ევროპული ინტეგრაცია იქცა როგორც საშუალებად, ისე მიზნად ევროპის კონტინენტზე და პოტენციურად მის ფარგლებს გარეთაც ომის თავიდან ასაცილებლად.[13]

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დაწყების შედეგად ევროპას მოუწია, ამ მისიაზე პასუხისმგებლობა დაებრუნებინა. ევროკავშირი ჩამოყალიბდა, უპირველესყოვლისა, როგორც პოლიტიკური და ეკონომიკური გაერთიანება და ამდენად, ის რბილ ძალად იქცა. ევროპული ქვეყნების უსაფრთხოებისა და ტერიტორიული თავდაცვის უზრუნველყოფა კი ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ამოცანა გახდა. თუმცა, ევროპული თავდაცვითი ინტეგრაციის იდეამ მეტი აქტუალურობა შეიძინა ცივი ომის დასრულებისა და ევროკავშირის მიერ იუგოსლავიის ომების თავიდან ვერ აცილების შემდეგ. 1993 წელს მაასტრიხტის, იგივე ევროკავშირის დამფუძნებელი ხელშეკრულების, ძალაში შესვლისთანავე ევროპული პოლიტიკური თანაშრომლობა ჩაანაცვლა საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკამ.[14] აღნიშნული პოლიტიკის ფარგლებში 1996 წელს ჩამოყალიბდა ევროპული უსაფრთხოებისა და თავდაცვის იდენტობა,[15] ხოლო 1998 წელს სანტ-მალოს დეკლარაციის მიხედვით, გაერთიანებულმა სამეფომ მზადყოფნა გამოთქვა, უზრუნველყო ევროკავშირი ავტონომიური თავდაცვითი სტრუქტურებით.[16] აღნიშნულმა მოვლენამ განაპირობა ევროპული უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ჩამოყალიბება 1999 წელს, რამაც გაზარდა ევროკავშირის როლი უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროებში.

აღსანიშნავია, რომ საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის კუთხით ევროკავშირი ნატოს მიიჩნევს, როგორც ევროპის ტერიტორიული თავდაცვის გარანტორს.[17] თუმცა, საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის შექმნით, ევროკავშირი თავად ჩაერთო სამშვიდობო მისიების აღსრულებასა და კრიზისების და კონფლიქტების დარეგულირებაში.[18]

2022 წელს რუსეთის შეჭრამ უკრაინაში ევროკავშირის დონეზე გააძლიერა ინტეგრაცია თავდაცვის სფეროში. ეს გამოიხატა მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებით საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაში, მათ შორის იყო, დანიის მრავალწლოვანი ყოყმანის დასრულება ევროკავშირის თავდაცვითი ინტეგრაციის მიმართ, ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის სამხედრო შეიარაღების მიწოდება და European Peace Facility გამოყენება უკრაინისთვის იარაღის მიწოდების დასაფინანსებლად.[19] 2022 წლის მარტში ევროპელმა ლიდერებმა მიიღეს ვერსალის დეკლარაცია და გაიმეორეს ევროკავშირის ვალდებულება, აიღოს მეტი პასუხისმგებლობა საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მოახდინოს მეტი და ეფექტური ინვესტირება თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებაში, გააძლიეროს ევროკავშირის თავდაცვის ინდუსტრია და გაზარდოს ევროკავშირის უნარი, იმოქმედოს ავტონომიურად. გარდა ამისა, ევროპელმა ლიდერებმა განსაზღვრეს ევროკავშირისა და ნატოს დაახლოებული თანამშრომლობა, როგორც საკვანძო ფაქტორი ევროპული უსაფრთხოებისთვის.[20]

უკრაინაში ომის დაწყებიდან სულ რაღაც ერთ თვეში ევროკავშირის საბჭომ შეიმუშავა სტრატეგიული კომპასი - ამბიციური სამოქმედო გეგმა ევროკავშირის უსაფრთხოებისა და თავდაცვის გასაძლიერებლად 2030 წლისთვის. ამ გეგმის მიზანია ევროკავშირის სტრატეგიული ავტონომიის გაძლიერება და პარტნიორებთან თანამშრომლობით ევროკავშირის ღირებულებებისა და ინტერესების დაცვა. გეგმაში ნათქვამია, რომ უსაფრთხოებასა და თავდაცვაში ძლიერი ევროკავშირი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს გლობალურ და ტრანსატლანტიკურ უსაფრთხოებაში, რაც თავსებადია ნატოს მისიასთან, რომელიც წარმოადგენს კოლექტიური თავდაცვის საფუძველს წევრი ქვეყნებისთვის.[21]

უკრაინაში ომის დაწყებიდან ევროკავშირის ინსტიტუტები, აშშ-ს შემდეგ, გახდნენ კიევის უდიდესი დონორები ფინანსური დახმარების გაწევის კუთხით.[22] გარდა ფინანსური და სამხედრო დახმარების გაწევისა უკრაინისთვის, ევროკავშირმა რუსეთის და მისი მოკავშირეების, ბელარუსის, ირანის და ჩრდილოეთ კორეის, წინააღმდეგ შემოიღო უპრეცედენტო მასშტაბის სანქციები სხვადასხვა სფეროში (ეკონომიკა, ფინანსები, ტექნოლოგიები, ენერგეტიკა, ვაჭრობა, ტრანსპორტი, მოგზაურობა და სხვა).[23]

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიამ გამოიწვია ევროკავშირის გეოპოლიტიკური გამოღვიძება.[24] როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ევროკავშირი ჩამოყალიბდა როგორც რბილი ძალა და სამხედრო საკითხები ნატოს მიანდო. ამიტომ, რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ ევროკავშირისთვის დიდი შოკი აღმოჩნდა და გამოავლინა მისი სისუსტეები საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად არასაკმარისი თავდაცვითი მექანიზმების შემუშავების თვალსაზრისით. რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ ევროპული პარლამენტის ერთ-ერთმა წევრმა განაცხადა შემდეგი, „ჩვენ იმდენად ვიყავით დაკავებული მშვიდობის შენარჩუნებით, რომ დაგვავიწყდა ომისთვის მომზადება“.[25]

ევროპელ პოლიტიკოსთა დიდი ნაწილი ყოველთვის უყურებდა ევროკავშირს, როგორც გაერთიანებას მშვიდობის შესანარჩუნებლად და შექმნილი მშვიდობიანობისთვის. ევროკავშირის საქმეებში ომს პატარა ადგილი გააჩნდა, ამიტომ საერთაშორისო ურთიერთობებში ის თავის ნორმატიულ, რბილ ძალას იყენებდა და არა ხისტს.[26] ამის მიზეზი კი ისაა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები ტრადიციულად ავლენდნენ შეზღუდულ მზადყოფნას ბრიუსელის სტრუქტურებისთვის ხისტი ძალის ფუნქციების გადასაცემად.[27] თუმცა, ომმა უკრაინაში ეს დამოკიდებულება შეცვალა და ევროპელმა ლიდერებმა გააცნობიერეს, რომ ევროპული ღირებულებებისა და ინტერესების დასაცავად აუცილებელია, ევროკავშირი გახდეს უფრო გეოპოლიტიკური და საჭიროების შემთხვევაში სამხედრო საშუალებებიც გამოიყენოს.[28]

ბოლო 10-15 წლის განმავლობაში უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხები ევროკავშირის გადაწყვეტილების მიმღებთა და ინსტიტუციების დღის წესრიგში უმნიშვნელო ადგილს იკავებდა. მეტი ყურადღება ეთმობოდა ფინანსურ, მიგრაციისა და პანდემიების საკითხებს.[29] ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულების 26-ე მუხლის მიხედვით, საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის წარმოება წევრი ქვეყნების კომპეტენციას წარმოადგენს, ხოლო ევროპული საბჭო და ევროკავშირის (მინისტრთა) საბჭო იღებენ პასუხისმგებლობას სტრატეგიული პრიორიტეტებისა და ძირითადი ინტერესების განსაზღვრასთან დაკავშირებით, საბჭოს ასევე ევალება პოლიტიკის გატარება შესაბამისი გადაწყვეტილებების საფუძველზე.[30] თუმცა, უნდა ითქვას, რომ არც ერთი ინსტიტუტი სრულყოფილად არ ახორციელებდა საკუთარ უფლებამოსილებას და თავდაცვის საკითხების მიმართ არასაკმარის დაინტერესებას იჩენდა. გამონაკლისი შემთხვევები იყო 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ გადადგმული ნაბიჯები[31] და 2018 წელს PESCO-ს[32] (საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის სტრუქტურული ერთეული) დაარსება. ამდენად, ევროკავშირის ინსტიტუტები თავისი კომპეტენციის ფარგლებში არასაკმარისად იყვნენ ჩართული საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკაში და ფოკუსირდებოდნენ ისეთი კრიზისების მართვაზე, რომელიც დაუყონებლივ რეაგირებას მოითხოვდა.

ომმა უკრაინაში გამოავლინა ევროკავშირის საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ნაკლოვანებები, განსაკუთრებით ისეთ მნიშვნელოვან საკითხებში, როგორიცაა სტრატეგიული წინდახედულობა, სამხედრო შესაძლებლობები და ინსტიტუციური რელევანტურობა.[33] ამან გამოაჩინა პოლიტიკური ლიდერების მხრიდან ევროკავშირის უსაფრთხოებისა და თავდაცვის პრიორიტეტების გადახედვის აუცილებლობა. სტრატეგიული განზომილების შეფასებისას ევროკავშირის წევრი ქვეყნების პოლიტიკოსები და მაღალი თანამდებობის პირები ტრადიციულ სახელმწიფოთაშორის ომს მიიჩნევდნენ წარსულის მოვლენად. თუმცა, უკრაინაში ომის დაწყებით ევროკავშირი რეალპოლიტიკის გზას დაადგა და რბილი ძალის პოლიტიკის გატარებიდან ხისტ ძალაზე ორიენტირებულ პოლიტიკაზე გადაეწყო.[34] გარდა ამისა, ომმა გამოავლინა ევროპის ქვეყნების თავდაცვის შესაძლებლობების დეფიციტი, რაც გახდა კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხი უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდაჭერის თვალსაზრისით. ამიტომ, ეროვნულ დონეზე თავდაცვითი ხარჯების გაზრდა ევროპული პოლიტიკური დღის წესრიგის მთავარ თემად იქცა.[35]

რაც შეეხება ინსტიტუციურ საკითხებს, განხილვის საგანი გახდა ევროკავშირის საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის და ნატოს ფუნქციების ურთიერთთავსებადობა. ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის განვითარებას. ამის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი იყო 2022 წელს დანიაში ჩატარებული რეფერენდუმი, რომელმაც ბოლო მოუღო დანიის 30 წლიან სკეპტიციზმს საერთო ევროპული თავდაცვის პროექტის მიმართ.[36] მიუხედავად ამისა, ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანებამ გაამყარა ის აზრი, რომ ნატოს წევრობა უსაფრთხოების უფრო მნიშვნელოვან გარანტიებს იძლევა.

ევროპული უსაფრთხოების სისტემის გარდაქმნაში ნატოს და ევროკავშირის როლის გაანალიზების შედეგად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ორივე ინსტიტუტი რჩება საკვანძო და ურთიერთშემავსებელ ელემენტებად უსაფრთხოების არქიტექტურაში. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომი იქცა გარდამტეხ მომენტად ევროპული უსაფრთხოების ისტორიაში, რომელმაც სერიოზული გავლენა იქონია არა მხოლოდ ევროპის, არამედ საერთაშორისო უსაფრთხოებაზეც.

უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე ხდება ევროკავშირის, როგორც უსაფრთხოების ახალი აქტორის ჩამოყალიბება, რასაც აქვს საკვანძო მნიშვნელობა ევროპული უსაფრთხოების გაძლიერების პროცესში. ევროკავშირმა აქტიურად დაიწყო საკუთარი საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის განვითარება და თავდაცვის ინდუსტრიაში მეტი ინვესტიციების განხორციელება. გარდა ამისა, ევროკავშირის გაზრდილმა როლმა უსაფრთხოების სფეროში ხელი შეუწყო უკრაინის თავდაცვისუნარიანობის ზრდასაც.

ამდენად, ევროკავშირს და ნატოს საკვანძო როლი გააჩნიათ როგორც ევროპის, ისე მსოფლიოს უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცებაში. ნატოს უსაფრთხოების ქოლგა წევრი ქვეყნებისთვის რჩება ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ ინსტრუმენტად რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების გასანეიტრალებლად. უკრაინაში ომმა კი გაზარდა ინტერესი თავდაცვის პოლიტიკის განვითარების მიმართ ევროკავშირის დონეზე.

ლიტერატურა:

  • Towards a New European Security Architecture, Edited by Francesco Cappelletti, Foreword by Dr Antonios Nestoras, European Liberal Forum, 2023
  • Ondřej Ditrych & Martin Laryš, What can European security architecture look like in the wake of Russia’s war on Ukraine?, European Security, 2025
  • Suzana Anghel and Mario G.H. Damen, The Future European security architecture, Dilemas for EU Strategic Autonomy, European Parliamentary Research Service, Introduction
  • Adrian Hyde-Price, Europe’s Changing Security Architecture, January 30, 2014
  • Simon Sweeney and Neil Winn, Understanding the ambition in the EU’s Strategic Compass: a case for optimism at last?, Defence Studies, 2022.



[1] Suzana Anghel and Mario G.H. Damen, The Future European security architecture, Dilemas for EU Strategic Autonomy, European Parliamentary Research Service, Introduction

[2] https://www.economist.com/europe/2019/11/07/emmanuel-macron-warns-europe-nato-is-becoming-brain-dead

[3] Towards a New European Security Architecture, Edited by Francesco Cappelletti, Foreword by Dr Antonios Nestoras, The Transatlantic Community as a Guarantor of Europe’s Security Architecture: Beyond the Ukraine Challenge, Thibault Muzergues, European Liberal Forum, 2023

[4] NATO 2022 STRATEGIC CONCEPT, Adopted by Heads of State and Government at the NATO Summit in Madrid 29 June 2022

[5] Suzana Anghel and Mario G.H. Damen, The Future European security architecture, Dilemas for EU Strategic Autonomy, European Parliamentary Research Service, p-54

[6] “To Prevent War, NATO Must Spend More” Speech by NATO Secretary General Mark Rutte at the Concert Noble, Brussels, 12 Dec. 2024

[7] https://d1blvk3s7728x3.cloudfront.net/news/articles/c62z6gljv2yo

[8] https://d1jefpb3wcms4g.cloudfront.net/en/germany-sends-first-soldiers-for-permanent-lithuania-force/a-68768490

[9] https://www.reuters.com/world/europe/germany-end-patriot-air-defence-system-deployments-poland-slovakia-this-year-2023-04-20/

[10] Bucharest Summit Declaration, Issued by the Heads of State and Government participating in the meeting of the North Atlantic Council in Bucharest on 3 April 2008

[11] https://www.nato.int/cps/en/natohq/topics_217652.htm

[12] იგულისხმება ევროპის ფოლადისა და ქვანახშირის გაერთიანების წევრი ქვეყნების ტერიტორია. აღმოსავლეთ ევროპის დიდი ნაწილი საბჭოთა ოკუპაციის ქვეშ იმყოფებოდა, ამიტომ მშვიდობა და სტაბილურობა იქ ჯერ არ იყო.

[13] https://www.mpil.de/files/pdf6/moser-2024_impact-of-war-in-ukraine-on-csdp.pdf

[14]https://web.archive.org/web/20140708043235/http://europa.eu/legislation_summaries/glossary/eu_pillars_en.htm

[15] https://eur-lex.europa.eu/legal-content/EN/TXT/?uri=LEGISSUM:european_security_defence_identity

[16] https://euobserver.com/foreign/138147

[17] https://commission.europa.eu/funding-tenders/find-funding/eu-funding-programmes/common-foreign-and-security-policy_en

[18] https://www.eeas.europa.eu/eeas/common-security-and-defence-policy_en

[19] Carolyn Moser, The impact of the war in Ukraine on the EU’s Common Security and Defence Policy, A. Introduction

[20] Suzana Anghel and Mario G.H. Damen, The Future European security architecture, Dilemas for EU Strategic Autonomy, European Parliamentary Research Service, p-60

[21] https://www.consilium.europa.eu/en/press/press-releases/2022/03/21/a-strategic-compass-for-a-stronger-eu-security-and-defence-in-the-next-decade/

[22] https://commission.europa.eu/topics/eu-solidarity-ukraine/eu-assistance-ukraine/eu-financial-support-ukraine_en

[23] https://www.consilium.europa.eu/en/policies/sanctions-against-russia/

[24] Romana Vlahutin, Europe’s Geostrategic Awakening, Jan 10, 2024

[25] Carolyn Moser, The impact of the war in Ukraine on the EU’s Common Security and Defence Policy, B. The geopolitical awakening in the wake of the Russian aggression

[26] Conceptual framework of CSDP, see Moser, Accountability in EU Security and Defence. The Law and Practice of Peacebuilding, 2020, pp. 24-29.

[27] Dijkstra (fn. 17), p. 20–77; Koutrakos, The EU Common Security and Defence Policy, 2013, p. 5-35.

[28] Matthijs/Meunier, Europe’s Geoeconomic Revolution: How the EU Learned to Wield Its Real Power, Foreign Aff. 102 (Sept./Oct. 2023), 168; Moser (fn. 16).

[29] Moser, The impact of the war in Ukraine on the EU’s Common Security and Defence Policy, p-27.

[30] Stein, European Political Cooperation (EPC) as a Component of the European Foreign Affairs System, ZaöRV 43 (1983), 49; Koutrakos (fn. 18) pp. 10–14; Moser (fn. 14), pp. 35–38.

[31] Moser/Rittberger (fn. 20), 1058

[32] Council Decision (CFSP) 2017/2315 of 11 December 2017 establishing permanent structured cooperation (PESCO) and determining the list of participating Member States, OJ L 331/57.

[33] Moser, The impact of the war in Ukraine on the EU’s Common Security and Defence Policy, p-28.

[34] Duchêne, Europe’s role in world peace, in: Mayne (ed.), Europe Tomorrow: Sixteen Europeans Look Ahead, 1972, p. 32.

[35] https://www.consilium.europa.eu/media/54773/20220311-versailles-declaration-en.pdf

[36] https://www.eeas.europa.eu/eeas/denmark-statement-high-representative-outcome-referendum-opt-out-defence-matters_en