სომხეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყნის საზღვრების გადაკვეთის დამადასტურებელ შტამპზე აღარ იქნება არარატის მთის გამოსახულება.
როგორც რადიო თავისუფლების სომხური სამსახური წერს, 2025 წლის 1 ნოემბრიდან შტამპზე იქნება მხოლოდ წარწერა „სომხეთი“ სომხურ და ინგლისურ ენებზე, გამშვები პუნქტის სახეობა და დასახელება და საზღვრის გადაკვეთის დრო.
მთა არარატი, რომელიც სომხეთის ეროვნულ სიმბოლოდ ითვლება და ქვეყნის გერბზეც გამოსახულია, თურქეთის ტერიტორიაზე მდებარეობს. ბოლო ხანს ერევანი და ანკარა ურთიერთობების გაუმჯობესებას ცდილობენ.
ასევე ნახეთ ერდოანი ჩინეთში შეხვდა პუტინს, ალიევს და ფაშინიანსსომხეთის ოპოზიციამ მთავრობა გააკრიტიკა საზღვრის გადაკვეთის დამადასტურებელი შტამპიდან არარატის ამოღების გამო. პარტია „განათლებული სომხეთის“ ლიდერმა ედმონ მარუკიანმა განაცხადა რომ ეს „სახელმწიფოს იდენტობის რედაქტირების პროცესის ნაწილია“.
კრიტიკის პასუხად, 14 სექტემბერს სომხეთის შრომის და სოციალურ საკითხთა მინისტრმა არსენ ტოროსიანმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილება მიღებულია საზღვრების გადაკვეთის თანამედროვე მოთხოვნებისა და „რეალური სომხეთის იდეოლოგიის“ შესაბამისად.
ტოროსიანმა ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა საზღვრის გადაკვეთის დამადასტურებელი ახალი ბეჭდების ფორმები და დაწერა, რომ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში საზღვრების გადაკვეთისას პასპორტში შტამპს საერთოდ აღარ იყენებენ. მინისტრმა ერთ-ერთ მაგალითად მოიყვანა მეზობელი საქართველო, რომლის საზღვარს სომხეთის მოქალაქეები გადაკვეთენ ყოველგვარი შტამპის გარეშე, საიდენტიფიკაციო რუკებით და საზღვრის გადაკვეთა ელექტრონულ სისტემაში აისახება.
სომხეთ-თურქეთის საზღვარზე მდებარე არარატი, რომელიც მე-19 საუკუნის 20-იანი წლებიდან რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში იყო, ბოლშევიკური რევოლუციის შემდეგ, 1921 წელს „მოსკოვის შეთანხმებით“ თურქეთს გადაეცა.
თანამედროვე სომხეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობების დაძაბვა ყარაბაღის მოვლენებმა და ოსმალეთის იმპერიაში სომხების გენოციდის აღიარებასთან დაკავშირებულმა საკითხებმა განაპირობა.
ორ ქვეყანას შორის საზღვარი 1993 წელს დაიკეტა. 2022 წლიდან პირდაპირი ავიამიმოსვლა აღდგა. ყარაბაღზე აზერბაიჯანის კონტროლის აღდგენის შემდეგ, სომხეთმა და თურქეთმა გაააქტიურეს დიალოგი ურთიერთობების გასაუმჯობესებლად.
ასევე ნახეთ როგორ კარგავს რუსეთი სამხრეთ კავკასიას