დაკავებულია გიორგი კანდელაკი - გამოძიება გორში არალეგალური სასმელების ქარხანასა და უაქციზო სიგარეტების საწყობში შევიდა

ფინანსურმა პოლიციამ გორში მოქმედი არალეგალური სასმელების ქარხნის გამო 7 ადამიანის დაკავებაზე ინფორმაცია 17 სექტემბერს გაავრცელა - მათგან ერთი მოკრივე და ბიზნესმენი გიორგი კანდელაკი აღმოჩნდა.

მოკლედ

  • ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 17 სექტემბრის დილას გაავრცელა ინფორმაცია 7 ადამიანის დაკავების შესახებ - ისინი გორში მოქმედ არალეგალურ სასმელების ქარხანასთან არიან დაკავშირებული, სადაც კუსტარულად აწარმოებდნენ ბრენდული სასმელების ფალსიფიკაციას. იქვე ნაპოვნია უაქციზო სიგარეტების საწყობიც.
  • დაკავებულებს შორის არის გორელი ბიზნესმენი და მოკრივე, გიორგი კანდელაკი. ეს ცნობა რადიო თავისუფლებას რამდენიმე წყარომ დაუდასტურა.
  • დაკავებულია ასევე კანდელაკის ბიზნესპარტნიორის, გიორგი ჯალაბაძის ძმა, ქართლოს ჯალაბაძე და გორის საკრებულოს წევრი "ქართული ოცნებიდან" ბორის გოგიჩაიშვილი.

რა ვიცით გამოძიების შესახებ

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გორში არალეგალურად მოქმედ ალკოჰოლური სასმელების ქარხნიდან და უაქციზო სიგარეტების საწყობიდან ამოღებულია "უპრეცედენტო რაოდენობის, კერძოდ 75 137 ბოთლი ალკოჰოლური სასმელი და 318 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი."

გამოძიება ამბობს, რომ არალეგალური სასმელების საწარმო წლების განმავლობაში ფუნქციონირებდა და კუსტარულად ამზადებდა სხვადასხვა დასახელების, ქართულ და უცხოურ ბრენდულ ალკოჰოლურ სასმელებს.

ამოღებულ სასმელებს შორის არის კუსტარულად დამზადებული და რეალიზაციისთვის გამზადებული არაყი BELUGA (ბელუგა), BELVEDER (ბელვედერი), GREY GOOSE (გრეი გუსი), ვისკი BORKAN (ბორკან) და CHIVAS REGAL (ჩივას რეგალი).

სასმელების ფოტოებს ფინანსური პოლიცია ავრცელებს

"ჩხრეკისას ქარხანაში ასევე აღმოვაჩინეთ ხსენებული სასმელების წარმოებისთვის განკუთვნილი დიდი რაოდენობით ბოთლები, საცობები, ეტიკეტები, შესაფუთი მასალა, ხოლო ცისტერნებში - დაახლოებით 24 ტონა ალკოჰოლური სითხე, რომლითაც ხდებოდა ზემოაღნიშნული ფალსიფიცირებული სასმელების დამზადება.

ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ერთ-ერთი საწყობიდან დამატებით ამოვიღეთ 318 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი „KARELIA” (კარელია). ასევე ამოღებულია სიგარეტის შეფუთვისათვის და წარმოებისათვის განკუთვნილი ტექნიკური დანადგარები" - ამბობენ საგამოძიებო სამსახურში. უწყებაში არ პასუხობენ კითხვებს დაკავებულთა ვინაობის შესახებ, არ ადასტურებენ და არც უარყოფენ მედიაში გავრცელებულ ცნობებს ბრალდებულების შესახებ.

ფინანსური პოლიცია საუბრობს თაღლითური წარმოების მასშტაბზე - გამოძიება ამბობს, რომ ამოღებული სასმლის და სიგარეტის ღირებულებამ შესაძლოა ათეულობით მილიონი ლარი შეადგინოს.

რა ვიცით დაკავებულების შესახებ

ფინანსური პოლიცია დაკავებულების ვინაობას არ ასაჯაროებს. სხვადასხვა წყაროს ცნობით, შესაძლებელია მათგან ხუთის ვინაობის დადგენა.

გიორგი კანდელაკი, ბიზნესმენი და მოკრივე, ათეულობით სხვადასხვა კომპანიასთან და ორგანიზაციასთან არის დაკავშირებული. ფლობს რესტორნებსა და სასტუმროებს გორში, ვარიანში, ქარელსა და ბორჯომში. არის პრორუსული ტელევიზიის, სეზონი ტვ-ს 100%-იანი წილის მფლობელი. ასევე, სტალინის ფონდის დამფუძნებელი.

ქართლოს ჯალაბაძე, კანდელაკის ბიზნესპარტნიორის და რუსეთთან ბიზნესკავშირების მქონე გიორგი ჯალაბაძის ძმაა. ჯალაბაძე და კანდელაკი ერთად ფლობენ სამშენებლო კომპანია "ვარსკვლავს" - სწორედ მათგან შეიძინა ხელისუფლებამ 2018 წელს ორ-ნახევარ მილიონ ლარად კორპუსი დევნილებისთვის.

ბორის გოგიჩაიშვილი, ბიზნესმენი და ყოფილი სპორტსმენი გორის საკრებულოს დეპუტატი "ქართული ოცნებიდან" 2021 წელს გახდა. რადიო თავისუფლების წყაროს ცნობით, არალეგალური სასმლის საწარმო სწორედ მის მფლობელობაში არსებულ უძრავ ქონებაში ფუნქციონირებდა. გოგიჩაიშვილმა 2019 წელს “ქართულ ოცნებას” 100 000 ლარი შესწირა;

პოლიციასთან პრობლემები ბორის გოგიჩაიშვილამდე ჰქონდა მის ვაჟსაც, რომელიც რამდენიმე კვირის წინ კონტრაბანდული საქმიანობისთვის დააკავეს და სასამართლოს გადაწყვეტილებამდე გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

დაკავებულთა შორის არის გორში მცხოვრები ალექსანდრე კურტანიძეც.

კიდევ ერთი დაკავებული, "ქართლის ამბების" ცნობით არის ვახტანგ ბიბილაშვილი.

დაკავებულებისთვის პროკურატურას ბრალი ჯერ არ წარუდგენია.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის მე-3 ნაწილით და მე-200 მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.