პროკურატურის მიერ 17 სექტემბერს გავრცელებული განცხადებიდან ირკვევა, რომ მიქაძეს ახალი ბრალი წარუდგინეს „ადვოკატისადმი მუქარის“ გამო.
წინა დღეს, 16 სექტემბერს ამავე საქმეზე დაკავებული კიდევ ერთი პირის სანდრო წივწივაძის (დაკავებულია იარაღის უკანონოდ გასხვისების გამო) ადვოკატი, გიორგი ბარდაველიძე ამბობდა, რომ მიქაძე მას ტელეფონით დაემუქრა:
- „დამიკავშირდა ჩემი მეგობარი, რომლის დაცვასაც ადრე ვახორციელებდი და მითხრა, რომ ჩემთან ჰქონდა საქმე... მოვიდა ჩემთან, მას ახლდა ჩემთვის უცნობი მამაკაცი, რომელიც დაყოვნების შემდეგ გადმოვიდა ავტომობილიდან, შავი პირბადით. არ უკითხავს ჩემი სახელი და გვარი და მეუბნება ასეთ რამეს - „დათუნას უნდა შენთან საუბარი“.
- როდესაც ვკითხე - „ვინ დათუნას?“მეუბნება რომ მიქაძეს... მაწვდის ტელეფონს, მეუბნება, რომ უსაფრთხოა, ვეუბნები, რომ „გისმენთ“, იქიდან ცოტა ისეთი, ბოხი, „ბლატნოი“ ხმით მეუბნება, რომ ფრთხილად ვყოფილიყავი.
- იქედან კიდევ ისმის ვიღაც ადამიანის ხმაც და „ეს უნდა დავბრიდო“. ჩემთვის ეს იყო შოკისმომგვრელი“, - თქვა ადვოკატმა გიორგი ბარდაველიძემ.
პროკურატურის დღევანდელი განცხადების თანახმად, „მუქარის“ გამო ბრალი წარუდგინეს როგორც „შავპირბადიან პირს“, - რომელიც ლაშა მაისურაძე აღმოჩნდა, - ასევე დათუნა მიქაძეს. ამასთან, ლაშა მაისურაძე დააკავეს.
„ერთ-ერთი ბრალდებული ადვოკატს შეხვდა, მიაწოდა მობილური ტელეფონი და მოსთხოვა ძებნილ ბრალდებულს გასაუბრებოდა, რომელიც დაზარალებულს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა“, - წერს პროკურატურა.
შსს კი წერს, რომ მაისურაძემ ადვოკატი „თითქოსდა მის საადვოკატო საქმიანობასთან დაკავშირებით“ დაითანხმა შეხვედრაზე, სინამდვილეში კი, პროკურატურის თანახმად, მიქაძემ და მაისურაძემ ადვოკატზე ზემოქმედების მიზნით „განიზრახეს მუქარა განეხორციელებინათ“.
ორივე მათგანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 365-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარუდგინეს (ადვოკატისადმი სიცოცხლის მოსპობის მუქარა, ჩადენილი ჯგუფურად).
ბრალდება 7-დან 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ასევე ნახეთ ჯანგველაძის საქმეზე დაკავებულის ადვოკატი ამბობს, რომ დავით მიქაძე დაემუქრალევან ჯანგველაძის მკვლელობა
ბიზნესმენი ლევან ჯანგველაძე თბილისის ცენტრში, ჭავჭავაძის გამზირზე 14 მარტს ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. მკვლელობის ბრალდებით 17 მარტს დააკავეს გელა უძილაური.
25 მაისს გელა უძილაურისთვის იარაღის უკანონოდ გასხვისების ბრალდებით კი დააკავეს სანდრო წივწივაძე.
რამდენიმე თვის შემდეგ, 12 აგვისტოს კი ცნობილი გახდა, რომ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული არიან გიორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე.
გარდა ამისა, ძებნა გამოცხადდა გიორგი ჯოხაძესა და დავით (დათუნა) მიქაძეზე.
ვის რა მუხლით წაუყენეს ბრალი?
- ძმებ მიქაძეებსა და გიორგი ჯოხაძეს ბრალი შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებისთვის წაუყენეს - სისხლის სამართლის კოდექსის 25/109-ე მუხლის „ნ“ ქვეპუნქტით მათ 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ;
- გელა უძილაური დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 19-109-ე მუხლებით. განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება;
- ცეცხლსასროლი იარაღის ჯგუფურად უკანონო შეძენა-შენახვას ედავებიან გიორგი კაჭკაჭიშვილს - მას სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება;
- გიორგი ჯოხაძის ნათესავ მამუკა ბაღდავაძეს ბრალი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვისა და ცრუ ინფორმაციის მიწოდებისთვის წაუყენეს - სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით. მას 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება;
- სანდრო წივწივაძეს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ გასაღება - სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მას 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.