ფინანსური პოლიცია ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლისძმას უაქციზო სიგარეტის გამოშვებაში ადანაშაულებს

ჯუანშერ ბურჭულაძე - თავდაცვის ყოფილი მინისტრი.

ფინანსური პოლიცია პატიმრობაში მყოფი თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლისძმას, ვასილ მხეიძეს უაქციზო სიგარეტის გამოშვება-შენახვაში ადანაშაულებს. ვასილ მხეიძე ჯუანშერ ბურჭულაძეზე ადრე, 27 ივლისს დააკავეს - ორივე მათგანი ფიგურირებდნენ თავდაცვის სამინისტროდან 1,3 მლნ ლარის გაფლანგვის საქმეში.

„გამოვლენილია ამჟამად პატიმრობაში მყოფი, ყოფილი თავდაცვის მინისტრის ოჯახის წევრის ვ.მ.-ს [ვასილ მხეიძის] კუთვნილი კომპანიების მიერ, შემდგომი რეალიზების მიზნით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის გამოშვება/შენახვის ფაქტები“, - თქვეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გამართულ ბრიფინგზე.

მათივე ცნობით, თავდაცვის ყოფილი მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმამ 2023 წელს დააფუძნა კომპანიები და გორში მოაწყო სიგარეტის მწარმოებელი არალეგალური ქარხანა, სადაც წლების განმავლობაში ახორციელებდა უაქციზო თამბაქაოს ნაწარმის გამოშვებას.

დღეს, 19 სექტემბერს უაქციზო სიგარეტის დამზადება-შენახვის ბრალდებით დააკავეს:

  • კომპანიის დირექტორი - მ.ა.
  • ამავე საწარმოს უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, დაკავებული თავდაცვის მინისტრის პირადი დაცვის წევრი ნ.ც.

გამოძების ფარგლებში ამოიღეს 2 176 341 ლარის ღირებულების 323 851 კოლოფი სიგარეტი. ასევე დანადგარები და ნედლეული.

საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მესამე და მეოთხე მუხლებით - შეთანხმებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო ნაწარმის გამოშვება ისჯება შვიდიდან ათ წლამდე პატიმრობით.

ვასილ მხეიძე 27 ივლისს დააკავეს ჯუანშერ ბურჭულაძის მოადგილესთან, გიორგი ხაინდრავასთან და თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფორსთან, ვლადიმერ ღუდუშაურთან ერთად.

ღუდუშაურისა და ხაინდრავასთვის წარდგენილი ბრალია „განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის ჯგუფურად გაფლანგვა“, ხოლო ვასილ მხეიძის ბრალდება არის „გაფლანგვაში დახმარება“.

ასევე ნახეთ ექსმინისტრ ბურჭულაძის ცოლისძმას და ორ ყოფილ მაღალჩინოსანს პატიმრობა შეუფარდეს

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე 11 სექტემბერს დააკავეს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და ფულის გათეთრების ბრალდებით. წაყენებული ბრალით 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ასევე ნახეთ სუსმა დააკავა თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძეც