"რუსთავი 2" აქვეყნებს კადრებს და ამბობს, რომ იარაღიან არასრულწლოვანზე აქციის მონაწილეებმა იძალადეს

ბესიკის ქუჩაზე მდებარე კაფეში დამონტაჟებული სათვალთვალო კამერის ჩანაწერი, სადაც ჩანს, როგორ აკავებენ იარაღიან არასრულწლოვანს დემონსტრანტები.

პროსახელისუფლებო მედიასაშუალება, "რუსთავი 2" აქვეყნებს სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერს, რომელიც 15 სექტემბერს, საზოგადოებრივ მაუწყებლის მარშის მონაწილეების მიერ იარაღის მქონე არასრულწლოვანის დაკავების მომენტს ასახავს.

"რუსთავი 2" აცხადებს, რომ ვიდეომასალა არ შეესაბამება მანამდე გავრცელებულ ვერსიას, თითქოს აქციის მონაწილეებმა არასრულწლოვანს მხოლოდ იარაღი წაართვეს და პოლიციას ჩააბარეს.

"რუსთავი 2-ის" განცხადებით, „აქციის მონაწილეები არასრულწლოვანზე ფიზიკურად ძალადობენ, პნევმატურ იარაღს ართმევენ და ძალის გამოყენებით, ქუჩაში გაჰყავთ“.

სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერში, რომელიც ბესიკის ქუჩაზე მდებარე კაფეში, ინტერიერშია დამონტაჟებული, ჩანს, რომ არასრულწლოვანი შერბის კაფეში, მას თან მიჰყვება ორი ადამიანი, მათ შორის, ერთ-ერთია ლევან ჯობავა. არასრულწლოვანს ხელში იარაღი უჭირავს, კაფეში შესული პირები მას აკავებენ, დაკავებისას, ერთ-ერთი, რომელიც არ არის ლევან ჯობავა, არასრულწლოვანს ფეხს უქნევს. კადრში არ ჩანს, ფეხი ხვდება თუ არა არასრულწლოვანს. ამის შემდეგ ის დემონსტრანტებს გარეთ გაჰყავთ.

16 წლის ბიჭი, რომელიც პოლიციამ 15 სექტემბერს დააკავა, მალევე გაათავისუფლეს ბრალის წარდგენის გარეშე. ინფორმაცია ამის შესახებ რადიო თავისუფლებას 19 სექტემბერს დაუდასტურა შსს-მ.

15 სექტემბრის შემთხვევაზე სასამართლოში, მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოიკითხა ლევან ჯობავა, დემონსტრანტი, რომელმაც არასრულწლოვანი განაიარაღა. მისი გამოკითხვის დროს დემონსტრანტებზე თავდამსხმელი უკვე გათავისუფლებული იყო.

ლევან ჯობავას ადვოკატის, მარიამ ჯიქიას ინფორმაციით, პოლიციამ არასრულწლოვანის გათავისუფლების პარალელურად გამოძიება დაიწყო ძალადობის მუხლით.

„ექსპერტიზის შედეგების მიხედვით, ბრალდების მხარე ამბობს, რომ იარაღი პნევმატიკურია, გამოძიება მიმდინარეობს ისევ 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილით, რაც დიდი ალბათობით დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო შეწყდება.

თუმცა ამ მუხლის გარდა, გამოძიება მიმდინარეობს არა უკვე ქალაქის, არამედ ძვ. თბილისის რაიონულში ძალადობის მუხლით“, - დაწერა მარიამ ჯიქიამ ფეისბუკზე.

გამოკითხვის შემდეგ ლევან ჯობავამ „ნეტგაზეთს“ უთხრა, რომ დაუსვეს „მაპროვოცირებელი შეკითხვები“.

„ისეთი [შეკითხვები], რომელიც რაღაცნაირად საკუთარი თავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემისკენ მიბიძგებდა… ადგილზე, როდესაც 10-დან 20 პოლიციელამდე იყო ჩემ გარშემო და როდესაც იარაღი დამიმიზნეს, არანაირი ემპათია მათი მხრიდან, ადამიანური თანაგრძნობა, მხარდაჭერა არ მიგრძნია. შეკითხვებშიც ეს ჩანდა – "შენ ხომ არ მიგიყენებია შეურაცხყოფა?" "შენ ხომ არ გიძალადია?" - თქვა ლევან ჯობავამ.