ამის შესახებ ცნობილი გახდა დღეს, 24 სექტემბერს სუსში გამართული ბრიფინგიდან - უწყება იძიებს ინფრასტრუქტურის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის - 4 184 249 ლარის მოტყუებით დაუფლების საქმეს.
გრიგოლ ლილუაშვილი ბიჭიკო პაიკიძის შვილის ნათლიაა. ის „სტუდია მონიტორის“ გამოძიებაში მოხსენიებულია როგორც „სუს-ის პროტეჟე“.
ბიჭიკო პაიკიძე კომპანია B.P. TRANS-ის 100%-იანი წილის მფლობელია. სუსის გამოძიებაში სწორედ ეს კომპანია ფიგურირებს - ამ კომპანიამ გაიმარჯვა ტენდერში და 2021 წლის ივნისიდან 2022 წლის სექტემბრის ჩათვლით ატარებდა სამუშაოებს ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის მონაკვეთზე და აწყობდა ნაპირდამცავ ქვაყრილებს ონის მუნიციპალიტეტში.
2021 წლის 21 თებერვლიდან 2025 წლის 24 აპრილამდე ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე იყო. ის პრემიერად მუშაობის დროს ირაკლი ღარიბაშვილის გუნდის წევრი იყო. ღარიბაშვილის მთავრობის კიდევ ერთი წევრი, ჯუანშერ ბურჭულაძე (ყოფილი თავდაცვის მინისტრი) ფულის გათეთრების საქმეზეა ბრალდებული.
ფულის გათეთრებისა და სახელმწიფო თანხების მითვისების საქმის გამოძიება შეეხება იმ პერიოდს, როცა სუსის ხელმძღვანელი იყო გრიგოლ ლილუაშვილი.
უწყებამ ასევე დააკავა B.P. TRANS-ის დირექტორი ვალერიანე კვარაცხელია, ამავე კომპანიის ერთი თანამშრომელი იოსებ ჭანჭალეიშვილი (ი.ჭ) და ხელშეკრულების შესრულების საზედამხედველო კომპანიის სამი (გ.კ, რ.ფ და ი.გ) თანამშრომელი.
„შპს „B.P. TRANS“-ის 100%-ანი წილის მფლობელი ბ.პ [ბიჭიკო პაიკიძე], ამავე კომპანიის დირექტორ ვ.კ-ს [ვალერიანე კვარაცხელია], კომპანიის თანამშრომელ ი.ჭ-ს [იოსებ ჭანჭალეიშვილი] და ხელშეკრულების შესრულების ზედამხედველი პირების გ.კ-ს, რ.ფ-ს და ი.გ-ს დახმარებით, მოტყუებით დაეუფლა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კუთვნილ 4 184 249 ლარს, რითაც სახელმწიფოს მიადგა დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი“, - განაცხადეს სუსში.
გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობის თანხის თაღლითურად დაუფლება) და 25, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობის თანხის თაღლითურად დაუფლებაში მონაწილეობა), რაც 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ასევე ნახეთ ვინ არის გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავი, ვისზეც სუსმა ძებნა გამოაცხადავინ არის ბიჭიკო პაიკიძე?
ბიჭიკო პაიკიძეზე, რომელმაც შვილი სუსის ყოფილ ხელმძღვანელს, გრიგოლ ლილუაშვილს მოანათვლინა, წარმატებული ბიზნესსაქმიანობასთან ერთად ვანის საკრებულოს დეპუტატია:
- ბიზნესმენი, რომელზეც სუსმა ძებნა გამოაცხადა, 2017 და 2021 წლის მოწვევის ვანის საკრებულოებში „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენს;
- ბიჭიკო პაიკიძემ წლების წინ, 2016 წელს „ქართულ ოცნებას“ 12 000 ლარი შესწირა.
- მას ქონებრივი დეკლარაცია არ აქვს შევსებული - როგორც საკრებულოს რიგით დეპუტატს ამის ვალდებულება არ ჰქონდა.
„სტუდია მონიტორის“ 2020 წელს მომზადებული საგამოძიებო მასალის მიხედვით, პაიკიძესა და ლილუაშვილს საქმიანი ურთიერთობა ჯერ კიდევ 2015 წელს ჰქონდათ, როცა ლილუაშვილი „ქართუ ჯგუფის“ გენერალური დირექტორი იყო, პაიკიძე კი ივანიშვილის კუთვნილი სასტუმრო „პარაგრაფის“ მშენებლობის დროს ერთ-ერთი კონტრაქტორი. შპს „ჯორჯიან ენერჯიმ“ შპს „ბლექსი რეზორთსთან“ (რომლის დირექტორიც ინფრასტრუქტურის მინისტრად და გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელად დანიშვნამდე ირაკლი ქარსელაძე იყო) 319 000 ლარი მიიღო.
ამავე კომპანიამ 2018 წლიდან სახელმწიფო ტენდერების მოგება დაიწყო. ირაკლი ქარსელაძე ინფრასტრუქტურის მინისტრობამდე, 2018 წლის აპრილიდან 2021 წლის თებერვლამდე ამავე სამინისტროს კომპანიის, გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე იყო. გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელად დანიშვნიდან რამდენიმე კვირაში, 30 მაისს შპს Georgian energy-მა 1 850 000 ლარის პირველი გამარტივებული შესყიდვა მოიგო. კომპანია მილიონობით ლარის ტენდერებს მომდევნო წლებშიც იგებდა.
2020 წლის თებერვალში, როცა „სტუდია მონიტორი“ ამ გამოძიებაზე მუშაობდა ბიჭიკო პაიკიძემ შემოსავლიანი კომპანია Georgian energy-ის 50%-იანი წილი 1 ლარად გაასხვისა.
2020 წელს, როცა „სტუდია მონიტორმა“ „სუსის პროტეჟეებზე“ პირველი საგამოძიებო მასალა მოამზადა, გრიგოლ ლილუაშვილს ბიჭიკო პაიკიძესთან მეგობრობაზე დაუსვა შეკითხვა.
„არ არის ეგ შენი საქმე. კანონი თუ ირღვევა, ეგ მითხარი, თუ არა, ვინ არის ჩემი ნათლია და ვინ არის ჩემი ნათლული... 25 მყავს და...“ - თქვა გრიგოლ ლილუაშვილმა მაშინ.
დღევანდელი მონაცემებით, ბიჭიკო პაიკიძე სამი კომპანიის მეწილეა:
- B.P. TRANS - 100%;
- ჯორჯიან ქონსტრაქშენ (დირექტორი) - 20%;
- ბ.პ. ბეტონი - 25%.